ევროკავშირი

ევროკავშირი: რუსეთი და ჩინეთი Covid-19-ის შესახებ დეზინფორმაციით დემოკრატიას ძირს უთხრიან

სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი
News Front

ევროკავშირი ონლაინ პლატფორმებს დაჟინებით მოუწოდებს, რომ წინ აღუდგნენ დეზინფორმაციის ტალღას ახალი კორონავირუსის პანდემიის შესახებ. ევროკავშირი რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს დეზინფორმაციის შესახებ კამპანიის წარმოებაში, რითაც მათ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და თავიანთი იმიჯის გამოსწორება სურთ.

"საგარეო აქტორები და გარკვეული მესამე ქვეყნები, კერძოდ, რუსეთი და ჩინეთი ევროკავშირში, მის სამეზობლოში და გლობალურად, ახალი კორონავირუსის გარშემო მიზნობრივ გავლენის ოპერაციებსა და დეზინფორმაციის კამპანიებში არიან ჩართული," - ვკითხულობთ ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში. 

ევროკავშირი წერს, რომ რუსეთი და ჩინეთი დემოკრატიული დებატებისთვის ძირის გამოთხრას, სოციალური პოლარიზების გაღრმავებასა და ახალი კორონავირუსის კონტექსტში თავიანთი იმიჯის გაუმჯობესებას ესწრაფვიან.

"პანდემიამ აჩვენა, რომ დეზინფორმაცია  მხოლოდ ჩვენი დემოკრატიების ჯანმრთელობას კი არა, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასაც ვნებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ანგარიშში ნახსენებია "სახიფათო ჭორები და ჯანდაცვის შესახებ სიცრუეში შემყვანი ისეთი ინფორმაციის გავრცელება", როგორიცაა, დაავადების განსაკურნად მათეთრებლის დალევა და მცდარი მტკიცება, რომ ხელების დაბანა დაავადების გავრცელების თავიდან აცილების ერთერთი საშუალება არ არის.

ევროკავშირი აქებს ონლაინ პლატფორმებს Google, Facebook, Twitter მილიონობით სიცრუეში შემყვანი რეკლამის მოშორებისთვის . 

მანამდე, 1-ლ აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) გაავრცელა ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ, დეზინფორმაციისა და მცდარი ახალი ამბების გავრცელების გზით დაასუსტონ ევროკავშირის პასუხი კორონავირუსის პანდემიის შესახებ.

21 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთის, რუსეთისა და ირანის რეჟიმები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს აშშ-ის მიერ განხორციელებული აქტივობებისთვის ძირის გამოთხრა სურდათ.

26 მარტს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ახალი კორონავირუსის შესახებ ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს.

24 თებერვლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში  გამოავლინა რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, იმისათვის, რომ პანიკა დაეთესათ კორონავირუსთან დაკავშირებით, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები.

რუსეთი და ჩინეთი ბრალდებებს დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ უაყოფენ.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსი 7.6 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. ახალ ვირუსს ჯამში 412 000 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 180 000 - ევროპიდან.

კომენტარები