აშშ - რუსეთი - ჩინეთი

კომუნისტური ჩინეთი და რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში "საშიშ" ამერიკულ ლაბორატორიებს გმობენ

კენგ შუანგი
Press TV

ჩინეთი ცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ლაბორატორიებმა, შესაძლოა, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან. ჩინეთის ამ განცხადებას ერთი დღით წინ უსწრებდა ანალოგიური ბრალდებები რუსეთის მხრიდან.

რუსეთის და ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანია მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე დასავლურმა ქვეყანამ ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კითხვები დასვა. ისინი იკვლევენ, აქვს თუ არა ვირუსის წარმოშობას კავშირი ვუხანის ლაბორატორიასთან.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამერიკული ლაბორატორიების თაობაზე პეკინის შეშფოთების შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კენგ შუანგმა, 29 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდული მედია "სინხუა" ავრცელებს.

"ჩვენ გავითვალისწინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის განცხადება," - თქვა კენგმა ჟურნალისტებთან საუბრისას - "შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებში მრავალი ბიოლოგიური ლაბორატორია დაარსა, მაგრამ მათი ფუნქციების, გამოყენებისა და უსაფრთხოების შესახებ დუმს".

ამასთან, ის ირწმუნება, რომ ეს საკითხი ამ ქვეყნების მაცხოვრებლებსა და მათ მეზობელ სახელმწიფოებს ღრმად აშფოთებს და "ზოგიერთი ადამიანი" მათ დახურვას დაჟინებით მოითხოვს.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ სერიოზულად მიიღებს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას, პასუხისმგებლობით განიხილავს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და შიშების შესამცირებლად, კონკრეტულ ზომებს მიიღებს".

კომუნისტური ჩინეთის პროპაგანდული მედია დაუსახელებელ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ მსგავს ლაბორატორიებს აშშ-ის მხარე სრულად მართავს და რომ აქ, შტატების თავდაცვის სამინისტროს დავალებით, იკვლევენ კონკრეტულ ჯგუფებზე გამიზნულ საშიშ დაავადებებს, ან ისეთ კვლევით პროექტებს ატარებენ, რაც აშშ-ში აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ, 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მოსკოვმა იცის, რომ ვაშინგტონმა საქართველოს შესთავაზა, გაფართოვდეს სამხედრო კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში. ზახაროვამ თქვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აშშ, ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ორგვარი დანიშნულების მქონე ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებს ქმნის. ზახაროვას თქმით, რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ახლოს მსგავს ქმედებას ვერ დაუშვებს.

---------

ახალი კორონავირუსი, იგივე ვუხანის ვირუსი, ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2, ვირუსი, რომელიც Covid-19-ით დაავადებას იწვევს, ღამურებიდან წარმოიშვა და სავარაუდოდ ღამურისგან დაავადებული სხვა ცხოველით ადამიანს გადაედო, თუმცა, ახალი ვირუსის ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით კვლავ უცნობია. ქალაქის პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა - ვირუსით დაავადებულთა პირველი კლასტერი ამ ბაზრობას უკავშირდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები ვირუსის ვუხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ალბათობაზე. ჩინეთის ახალი რეგულაციით, ვირუსზე ჩატარებული ნებისმიერი კვლევა, გამოქვეყნებამდე, მთავრობის მკაცრ კონტროლს გაივლის.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ "ძალიან სერიოზულად" იძიებს ახალი კორონავირუსის ვუხანის ლაბორატორიასთან კავშირს. ასევე, მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ მათ იცოდნენ, ეს ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუხანში წარმოიშვა, ვირუსოლოგიის ინსტიტუტი კი ე.წ. სველი ბაზრიდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობს. აშშ ჩინეთის მხარეს მოუწოდებს, მისი მეცნიერები ვუხანის ლაბორატორიაში შეუშვან, რათა ვირუსის წარმოშობა უკეთ გამოიკვლიონ.

ვირუსის ხელოვნურად შექმნა ან მისი გაჟონვა თებერვალში უარყო ვუხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა, რომელიც ჩინეთის სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. 

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა, 14 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსი, სავარაუდოდ, ბუნებრივად წარმოიქმნა, თუმცა ვერც ამ და ვერც ლაბორატორიის ვერსიაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებდნენ.

აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო ჩინეთის პასუხისმგებლობის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს - "მე ბევრის გაკეთება შემიძლია. ჩვენ ვნახულობთ, თუ რა მოხდა".

კომენტარები