კრიმინალი

POG: დაკავებულია 4 პირი, მათ ევროპის ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს (VIDEO)

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

 

"ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ძვირადღირებულ წიგნებს.

ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.

წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ" - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები