მსოფლიო პოლიტიკა

2020 წლის 20 მთავარი მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში (Covid-19-ის გარდა)

მსოფლიო პოლიტიკა

2020 წლის 20 მთავარი მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში (Covid-19-ის გარდა)

2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო პოლიტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. თუმცა, ამის გარდა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გთავაზობთ მიმდინარე წლის 20 მთავარ მოვლენას მსოფლიო პოლიტიკაში და მთელი წლის განმავლობაში ტაბულას მიერ ამ საკითხებზე მომზადებულ სტატიებს:

1. ყასემ სოლეიმანის მოკვლა

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან ამერიკული დრონით ავიაიერიშის დროს მოკლეს ყასემ სოლეიმანისოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარული ქვედანაყოფის, ყუდსის მეთაური იყომასთან ერთად თავდასხმისას მოკლეს ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისიაშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სოლეიმანი აშშ-ს საელჩოებზე გეგმავდა თავდასხმასპასუხად ირანმა ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა მოაწყო, რომელიც მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

2. უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება ირანში

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოაგდეს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. ირანის მთავრობაში თქვეს, რომ უნებლიე შეცდომა აშშ-ს ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის გამო მოხდა.

3. დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან

31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ბრექსითის რეფერენდუმი 2016 წელს ჩატარდა, რასაც მოლაპარაკებების ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა. 2019 წელს მთავრობაში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მოსვლის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 2020 წლის იანვარში ამ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს, როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, ასევე ევროპარლამენტმა. 2020 წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა. ერთი წლის განმავლობაში გრძელდება მოლაპარაკებები სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად.

4. დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დასრულება

5 თებერვალს დასრულდა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. სენატმა ის გამოძიების მიერ წაყენებულ ორივე მუხლში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში უდანაშაულოდ ცნო. მათ პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს. ტრამპი მესამე პრეზიდენტი გახდა აშშ-ს ისტორიაში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, ხოლო სენატმა გაამართლა​​​.

5. აშშ-ს და თალიბანის სამშვიდობო შეთანხმება

29 თებერვალს აშშ-მ და დაჯგუფება თალიბანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. შეთანხმების შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი თალიბანსა და ავღანეთის მთავრობას შორის. მიმდინარეობს პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მიუხედავად ამისა, მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში  არაერთი შეიარაღებული დაპირისპირება და თავდასხმა მოხდა.

6. რუსეთის და თურქეთის შეთანხმება იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე

5 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიესრუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ასადის ძალებმა იდლიბზე მიმდინარე თავდასხმები შეწყვიტეს. შეიქმნა სპეციალური ზონა, სადაც რუსეთის და თურქეთის ძალებმა ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. ერთობლივ პატრულზე არაერთი თავდასხმა მოხდა.

7. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

25 მაისს აშშ-ში, მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციამ დაკავებისას მოკლა შავკანიანი კაცი, ჯორჯ ფლოიდი. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი მას კისერზე მუხლით აწვება, ფლოიდი კი ამბობს, რომ ვერ სუნთქავს. მომხდარს ქალაქ მინეაპოლისში, მოგვიანებით კი აშშ-ს თითქმის ყველა შტატში მასშტაბური აქციები მოჰყვა. მომიტინგეები პოლიციელების დასჯას ითხოვნენ და რასიზმს აპროტესტებდნენ. ზოგიერთ შტატში არეულობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია. ფლოიდის საქმეში მონაწილე პოლიციელები დააკავეს. რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა ევროპის ქვეყნებშიც.

8. ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონების მიღება ჩინეთში

30 ივნისს ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების ახალი კანონი განიხილა და ერთხმად მიიღოკანონი მნიშვნელოვნად ამცირებს ჰონგ-კონგის ავტონომიას. მის ფარგლებში ჩინეთმა დაიწყო ჰონგ-კონგში დემოკრატიის მოთხოვნით გამართული აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების დაკავება.

9. საკონსტიტუციო რეფერენდუმი რუსეთში

1 ივლისს რუსეთში ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთის ცესკოს მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეთა 78.56%-მა ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ახალი კონსტიტუციით პუტინს საპრეზიდენტო ვადები უნულდება და ის კიდევ ორი ვადით შეძლებს, კენჭი იყაროს. ასევე გაფართოვდა ყოფილი პრეზიდენტების იმუნიტეტი, რაც მათ გასამართლებისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიცავს. კონსტიტუციით აიკრძალა ერთნაირსქესიან პირთა ქორწინება. დაკანონდა სკოლებში “პატრიოტული” განათლება. რუსეთის კონსტიტუციას მიენიჭა საერთაშორისო კანონებზე უპირატესობა.

10. აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება

10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიის მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო. ამავე დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია-სოფიის მეჩეთად გადაკეთების ბრძანებას ხელი მოაწერა. 24 ივლისს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიაში ჩატარდა პირველი ისლამური ლოცვა, რომელსაც ერდოღანიც დაესწრო.

11. სასაზღვრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

12 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირება 4 დღეს გაგრძელდა, დაიღუპა 20-მდე ადამიანი, ორივე მხარემ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

12. აფეთქება ბეირუთში

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში ერთ-ერთ საწყობში აფეთქდა წესების დარღვევით შენახული სასუქი. აფეთქების შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე დაინგრა სახლები, დაიღუპა 204 ადამიანი. აფეთქებას ქვეყანაში მოჰყვა ანტისამთავრობო პროტესტი, რის გამოც მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

13. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებამდე დააპატიმრეს ან რეგისტრაციის უფლება არ მისცეს არაერთ ოპოზიციონერს. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე დააკავეს ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი. არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დასავლეთში, აშშ-მ და ევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები დაუწესეს. ლუკაშენკოს რეჟიმს მხარს უჭერს რუსეთი, პუტინი მას ფინანსურად და შეიარაღებით ეხმარება.

14. ალექსეი ნავალნის მოწამვლა

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა, ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების მიერ უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერება. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო.
ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს, ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. 
ჟურნალისტურმა გამოძიებამ ნავალნის მოწამვლაში მონაწილე პირების ვინაობა დაადგინა. ნავალნიმ ერთ-ერთ მათგანს, ФСБ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევს დაურეკა. მან თავი ФСБ-ს მდივნის თანაშემწედ მოაჩვენა და კუდრიავცევისგან აღიარებითი ჩვენება მიიღო.

15. ისრაელსა და ოთხ არაბულ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმება

15 სექტემბერს აშშ-ს შუამავლობით ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ხელი მოაწერეს შეთანხმებებს. საამიროებსა და ისრაელს შორის ავიამიმოსვლა დაიწყო. მოგვიანებით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმება შედგა სუდანთან და მაროკოსთანაც.

16. რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება

18 სექტემბერს გარდაიცვალა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი რუთ ბეიდერ გინსბურგი. 87 წლის ასაკში მისი გარდაცვალების მიზეზი კიბო გახდა. მალევე, დემოკრატიული პარტიის წევრების პროტესტის მიუხედავად, ტრამპმა მის შემცვლელად ემი კონი ბარეტი დაასახელა. 27 ოქტომბერს მის კანდიდატურას სენატმა მხარი დაუჭირა. შედეგად, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლიდან 6 კონსერვატორია.

17. მთიანი ყარაბაღის ომი

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება. კონფლიქტი 10 ნოემბრამდე გაგრძელდა. რუსეთისა და აშშ-ს შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე შეთანხმება, რომლებიც მალევე დაირღვა. აზერბაიჯანმა დაიკავა მთიანი ყარაბაღის რეგიონის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები და აიღო ქალაქი შუშა. სომხეთის ინფორმაციით, კონფლიქტს მათ მხარეს 2 996 სამხედრო და 55 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აზერბაიჯანის მიხედვით, დაიღუპა მათი 2 783 ჯარისკაცი და 100 მშვიდობიანი მოქალაქე. 10 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება დაიწყო რუსეთმა. აზერბაიჯანი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში. შეთანხმებას სომხეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოითხოვეს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.

18. ისლამისტური თავდასხმები საფრანგეთში

16 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთამსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც გაკვეთილზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. მკვლელობას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. 29 ოქტომბერს ტუნისელი კაცი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლაამის შემდეგ საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიზანიც რადიკალიზმთან ბრძოლა და სეკულარული ღირებულებების დაცვაა.

19. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები

1-ელ ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. მეორე ტურში პროდასავლელმა ოპოზიციონერმა მაია სანდუმ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთთან დაახლოებული იგორ დოდონი.

20. არჩევნები აშშ-ში

3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე 7 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან მოახერხა გამარჯვება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მერყევ შტატებშიც. შედეგად, ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მოაგროვა, ტრამპმა მხოლოდ 232. კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბა და ბაიდენი ოფიციალურად აირჩიეს პრეზიდენტად. ვიცეპრეზიდენტის პოსტს ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი, კამალა ჰარისი დაიკავებს. კოლეგიის გადაწყვეტილებას კონგრესი 6 იანვარს დაამტკიცებს, ინაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება. ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს დამარცხებას და ირწმუნება, რომ არჩევნები გააყალბეს. პრეზიდენტის გარდა 3 ნოემბერს ამერიკელებმა 35 ახალი სენატორი და წარმომადგენელთა პალატის ახალი შემადგენლობა აირჩიეს. წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ შეინარჩუნა. სენატის ბედს 5 იანვარს ჯორჯიის შტატში ორი სენატორის ასარჩევად დაგეგმილი მეორე ტური გადაწყვეტს.

კომენტარები