რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, ბოლშევიკი რევოლუციონერი ლევ ტროცკის ბედისწერით ემუქრება. რუსმა მაღალჩინოსანმა პოსტი გამოაქვეყნა მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოციალურ ქსელ MAX-ზე, რომლითაც ტელეგრამის ჩანაცვლებას ცდილობენ.
მედვედევმა პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ფაშინიანმა უარი თქვა სომხეთში ჩატარებულიყო რეფერენდუმი ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი ითხოვდა.
ფაშინიანისადმი მუქარის გარდა, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, მედვედევი სომხეთს ტერიტორიების დაკარგვითაც დაემუქრა, ისე, როგორც, რუსეთის იმპერიას მოუწია პირველი მსოფლიო ომიდან გამოსვლა.
"ამხანაგი ნიკოლი ამხანაგ ტროცკის სახიფატო ბილიკს დაადგა. მოწოდების პასუხად, ჩატარდეს რეფერენდუმი იმის შესახებ, რომელ ინტეგრაციულ გაერთიანებაში უნდა იყოს სომხეთი (ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თუ ევროკავშირში), მან ლევ დავიდოვიჩის ლეგენდარული ფორმულა გამოიყენა: "არც ომი, არც მშვიდობა, არმია კი დავითხოვოთ". ზუსტად ასე: "არაფერს გადავწყვეტთ რეფერენდუმზე, სანამ ევროკავშირში არ დაგვიძახებენ. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, კუნტრუშით გავიქცევით ევროპისკენ. აქამდე კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა შეღავათით ვისარგებლებთ და მოქნილად ვიშოვით ფულს რუსეთისა და კავშირის სხვა ქვეყნების ხარჯზე."
ყოჩაღ, რა თქმა უნდა.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული ფორმულა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ბრესტის ზავი მაინც დაიდო, ოღონდ უკვე უფრო მძიმე პირობებით. და ამას გარდა, ტროცკის დაკლაკნილი ბილიკი მისთვის ძალიან ტრაგიკულად დასრულდა...
დაბადების დღეს გილოცავ, ნიკოლ ვოვაევიჩ!" - დაწერა მედვედევმა.
მედვედევის მიერ ტროცკის ციტირება რევოლუციონერის პოზიციის ალუზიაა. ტროცკი იმედოვნებდა, რომ გერმანიაში სოციალისტური რევოლუცია მოხდებოდა და თვლიდა, რომ რუსეთს, სადაც ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა, გერმანიასთან საზავო შეთანხმება არ უნდა გაეფორმებინა. მალე ბოლშევიკებს გერმანიასთან ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების გაფორმება მაინც მოუწიათ და მშვიდობისთვის თავდაპირველ შეთავაზებაზე დიდ დათმობაზე წასვლა დასჭირდათ.
რაც შეეხება ტროცკის, მომავალში ის სტალინთან კონკურენციაში დამარცხდა, რის შემდეგაც ის ჯერ კომპარტიიდან, შემდეგ კი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. საბოლოოდ ტროცკი მექსიკაში სტალინის დავალებით მოკლეს.
მცირე ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების რამდენიმე სხვა ლიდერმა სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზეს. 1-ელ ივნისს ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ვიდრე სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადს არ შეიტანს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება "არალოგიკურია".




