სომხეთში ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობას გაფიცვისკენ მოუწოდებს

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

სომხეთის ოპოზიციამ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 22 დეკემბერს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ეროვნულ გაფიცვას შეუერთდნენ. 

ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების გამო ითხოვენ.

"ჩვენ გავაგრძელებთ ძალის მობილიზებას რათა 22 დეკემბერი გადამწყვეტი იყოს". - თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სომხეთის რევოლუციური ფედერაციის პარტიიდან, იშკან საგატელიანმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მანვე დააანონსა გაფიცვის შესახებ. 

16 დეკემბერს ფაშინიანმა თქვა, რომ მასზე არ არის დამოკიდებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და მსგავსი გადაწყვეტილება სხვა საპარლამენტო პარტიებთან უნდა შეთანხმდეს. 

პრემიერმინისტრის თქმით, ის გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ ისაა პასუხისმგებელი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

რუსეთმა უკვე დაიწყო შეთანხმების მიხედვით რეგიონში სამშვიდობო ძალების განთავსება, აზერბაიჯანი კი ეტაპობრივად იკავებს შეთანხმებით განსაზღვრულ რეგიონებს.

სომხეთის მიერ განცხადების ხელმოწერას ქვეყანაში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. 10 ნოემბერს მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.

ფაშინაინს გადადგომის ულტიმატუმი 11 ნოემბერს გამართული აქციაზე წაუყენეს. პროტესტის მონაწილეებმა ფაშინიანს გადადგომისათვის დრო შუაღამემდე მისცეს, თუმცა მან ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა. მოგიანებით, პრემიერმინისტრს ხელახლა წაუყენეს ულტიმატუმი და ფაშინიანის გადადგომისთვის დრო 8 დეკემბრამდე მისცეს, ფაშანიანმა ამ ჯერზეც უარი თქვა ულტიმატუმის შესრულებაზე.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე შეთანხმების შესახებ შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები