აია-სოფია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიაში მიმდინარე ისლამურ ლოცვას ესწრება [Video]

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიაში მივიდა და მეჩეთად გადაკეთების შემდეგ უძველეს ქრისტიანულ ტაძარში გამართულ პირველ ისლამურ ლოცვას ესწრება.

კორონავირუსის გამო დაცულია უსაფრთხოების სპეციალური ზომები. შეზღუდვების გამო ლოცვას 500 მუსლიმი ესწრება. ნაწილი აია-სოფიას გარეთ არის შეკრებილი.

აია-სოფია მლოცველებისთვის მთელი დღის განმავლობაში დარჩება ღია. მათ მოუწოდეს, თან იქონიონ პირბადეები და დაიცვან სოციალური დისტანცია. პირბადით მივიდა ერდოღანიც. მისულებს შეუმოწმებენ ტემპერატურასაც. ადგილზე მობილიზებული არიან უსაფრთხოების და ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლები. გახსნის დღესთან დაკავშირებით სტამბოლში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა, აია-სოფიაში მისვლის მსურველებს კი ავტობუსები უფასოდ ემსახურებიან.

პირველ ლოცვას ერდოღანის გარდა სხვა პოლიტიკოსებიც ესწრებიან. მიწვეულები არიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები, გარდა სახალხო დემოკრატიული პარტიისა, რომელსაც ერდოღანის მთავრობა ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირში ადანაშაულებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა მიწვევაზე უარი თქვა.

მეჩეთად გადაკეთების შემდეგ აია-სოფიას მარმარილოს იატაკი ხალიჩით დაფარეს. ფარდა აქვს ჩამოფარებულ გუმბათზე გამოსახულ ღვთისმშობლის ფრესკას.

აია-სოფიას მუზეუმის კვლავ მეჩეთად გადაკეთება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ გაცემული ბრძანება ყოფილი ტაძრის მუზეუმად გარდაქმნის თაობაზე გააუქმა. იმავე დღეს ერდოღანმა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას მოაწერა ხელი.

აია-სოფიას ისტორიისა და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში – წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები