რუსეთი

რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ექსპრეზიდენტების იმუნიტეტი ფართოვდება

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტებს გასამართლებისაგან იმუნიტეტს მთელი ცხოვრების განმავლობაში ანიჭებს.

კანონი საკონსტიტუციო რეფორმების ნაწილია, რომელიც პუტინმა დაიწყო და რომლითაც მას უნულდება საპრეზიდენტო ვადები და შეეძლება, კენჭი კიდევ 2 ვადით იყაროს.

ახალი კანონით, ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პარლამენტი მისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევას ქვეყნის ღალატის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო მოითხოვს. ამის შემდეგ ბრალდება უნდა დაამტკიცოს უზენაესმა და საკონსტიტუციო სასამართლოებმა და შემდეგ ფედერაციულმა საბჭომ კენჭი უნდა უყაროს იმუნიტეტის ჩამორთმევას.

კანონში დაკონკრეტებულია, რომ შეუძლებელია ექსპრეზიდენტის დაკავება, გაჩხრეკა და დაკითხვა.

აქამდე არსებული კანონით პრეზიდენტს იმუნიტეტი ჰქონდა დანაშაულზე, რომელიც პოსტზე ყოფნის დროს იყო ჩადენილი. ახლა ეს იმუნიტეტი მთელ მის ცხოვრებაზე გავრცელდება.

ძალაში შესვლამდე კანონს მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტის ზედა პალატამ და ბოლოს მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები