აქციები ევროპაში

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამოძახილი და რასიზმის პრობლემა - რას აპროტესტებენ ევროპაში?

აშშ-ში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, რომელიც კვირაზე მეტია გრძელდება. აქციები დაიწყო ევროპაშიც, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, დანიასა და უნგრეთში.

ლონდონში, ბერლინსა და პარიზში მომიტინგეები რასიზმის და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ზოგ შემთხვევაში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. საფრანგეთში აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო აქციები აკრძალულია, ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი ნაწილი პირბადეებს ატარებდა, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა.

აქციის დაშლა პარიზში
ფოტო: Skynews

მთავრობების რეაქცია პროტესტზე

აქციების პასუხად საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ საფრანგეთი რასისტული ქვეყანა არ არის და აშშ-ს არ უნდა შეადარონ:

"ისტორიულად და საზოგადოების მოწყობის თვალსაზრისით შედარება არ შეიძლება. არ მიმაჩნია, რომ საფრანგეთი რასისტული ქვეყანაა. ჩვენთან ინსტიტუციური ძალადობის პრობლემა არ არის. როდესაც სამართალდამცავ სისტემაში არასათანადო ქცევის შმთხვევებია, მათ ვიძიებთ და სადამსჯელო ზომებს ვიღებთ", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

რასიზმის პრობლემის არსებობა უარყვეს ბრიტანეთის მთავრობაშიც. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა თქვა, რომ აქციები აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე პასუხია და არა თავად ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე:

"ვფიქრობ, ეს ყველაფერი მომდინარეობის აშშ-ში განვითარებული მოვლენებიდან და არა აქ არსებული სიტუაციიდან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ტოლერანტობის და თანასწორი შესაძლებლობებისკენ სწრაფვა", - თქვა მან. კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ბრიტანეთში რასიზმის პრობლემა არსებობს მან უპასუხა:

"არა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არის უსამართლობა, რასაც უნდა ვებრძოლოთ და მთელი პოლიტიკური კარიერა თანასწორობისათვის ბრძოლაში გავატარე".

ევროპაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა ჩაიხედონ სარკეში და ნახონ რას აკეთებენ თავად რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ:

"გთხოვთ, ჰკითხოთ საკუთარ თავებს, რას საქმიანობთ ევროპის ქვეყნებში და მთელს მსოფლიოში რასობრივ და ეთნიკურ უთანასწორობასთან დაკავშირებით? ამერიკა უკეთესი გახდა, რადგან ჩვენ ავირჩიეთ პრობლემებისთვის თვალის გასწორება. მასთან დაპირისპირება, ჩვენ ვებრძვით ჩვენს პრობლემებს, ახლაც ვუპირისპირდებით მას", - თქვა მან.

საფრანგეთის და ბრიტანეთის მთავრობებში გაკეთებულ კომენტარებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ასევე აქციების მონაწილეთა მხრიდან. მათი თქმით პრობლემა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც არსებობს და სწორედ ამას აპროტესტებენ.

საფრანგეთში აქციებში მონაწილეობენ პოლიციის მიერ მოკლული შავკანიანი კაცის, ადამა ტრაორეს ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის და რასიზმის პრობლემა მათ ქვეყანაშიც არსებობს და საკმარისი ყურადღება არ ექცევა.

აკადემიური ჟურნალის, "პოლიცია და საზოგადოება" რედაქტორმა, სოციოლოგმა სებასტიან როშემ გაზეთ 20 Minutes-თან საუბარში თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში პოლიციის მხრიდან მკვლელობების მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე საფრანგეთში, ორივე ქვეყანაში იკვეთება რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა:

"ამერიკაში არიან პოლიციელები, რომლებიც აცნობიერებენ პრობლემის რეალურობას, ფრანგი კოლეგებისაგან განსხვავებით. არასდროს მინახავს აქ, რომ პოლიციას მსხვერპლის მხარე დაეჭიროს", - თქვა მან.

პოლიციის ძალადობის და რასიზმის პრობლემა ამერიკასა და ევროპაში

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში აშშ-სთან შედარებით პოლიციის მხრიდან ძალადობის ბევრად დაბალი მაჩვენებელია, მოიძებნება მაგალითები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის საქმეს ჰგავს.

ადამა ტრაორეს და ასა ტრაორე აქციაზე
ფოტო: AFP

საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა პარალელი გაავლეს ფლოიდის მკვლელობასა და ადამა ტრაორეს საქმეს შორის. ტრაორე, შავკანიანი კაცი, პარიზის ჩრდილოეთით პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ 2016 წელს გარდაიცვალა. ისევე, როგორც ფოიდის შემთხვევაში, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, თუმცა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიზეზი ასფიქსია იყო. პოლიციაში ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად მის დაკავებაში მონაწილე ოფიცრები გაამართლეს.

მსგავსი შემთხვევები მოიძებნება ინგლისშიც. 2017 წელს დაკავებისას დაიღუპა 20 წლის შავკანიანი კაცი რაშან ჩარლზი. ამ შემთხვევაშიც პოლიციელებისათვის ბრალი არ წარუდგენიათ, რადგან, ექსპერტიზის მიხედვით ჩარლზის სიკვდილი სასუნთქი გზების მის მიერ მიღებული წამლით, პარაცეტამოლით დაბლოკვამ გამოიწვია.

2015 წელს შოტლანდიაში პოლიციამ დაკავებისას მოკლა 35 წლის შავკანიანი კაცი შეკუ ბაიო. დაკავებისას ის შეიარაღებული არ ყოფილა, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იყო. ექსპერტიზის მიხედვით მას სხეულზე 23 დაზიანება ჰქონდა. მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები არ დასჯილან.

თუ აშშ-ში 2013-დან 2019-წლამდე პოლიციის მიერ ჩადენილი მკვლელობების შემთხვევების 99%-ის დროს პოლიციელებისათვის ბრალი არ წარუდგენიათ, ბრიტანეთში პოლიციის მიერ დაკავებული ადამიანის გარდაცვალებისათვის 1969 წლის შემდეგ არავინ გასამართლებულა.

ბრიტანული ორგანიზაცია INQUEST-ის მონაცემებით პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ დაღუპულთა შორის არაპროპორციულად მაღალია რასობრივი უმცირესობების წარმომადგენელთა რიცხვი.

2002-2012 წლებში ინგლისსა და უელსში პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ დაიღუპა 380 ადამიანი, მათგან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო 69 დაღუპული (18%).  Institute of Race Relations-ის სტატისტიკის მიხედვით კი 1994 წლიდან 2014 წლამდე პოლიციის მიერ დაკავებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გარდაცვალების 137 შემთხვევა აღირიცხა. მათგან 78 შავკანიანი იყო. შემთხვევათა 61% ლონდონში მოხდა. 39 შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად ძალის გამოყენება დასახელდა, 29 შემთხვევაში ფიზიკური გაკავება, 7 შემთხვევაში ცრემლსადენი გაზის გამოყენება, 10 შემთხვევაში კი დაკავებისას აივნიდან გადავარდნა.

ლონდონში პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე შესული საჩივრების 55% ეთნიკური უმცირესობების მხრიდან არის შესული.

აქცია ლონდონში
ფოტო: AP

2017 წელს ბრიტანეთში ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა მოპყრობის თაობაზე ჩატერებული დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, მაშინ, როდესაც ინგლისსა და უელსში შავკანიანი ადამიანები მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს შეადგენენ, პატიმართა 12% შავკანიანია. ეს უფრო არაპროპორციულია, ვიდრე აშშ-ის მსგავსი მაჩვენებელი, სადაც შავკანიანები მოსახლეობის თითქმის 13%-ს შეადგენენ, ხოლო პატიმართა 38%-ს.

ევროპის სხვა ქვეყნებში მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, რის გამოც რთულია იმის თქმა, თუ რა ნაწილს წარმოადგენს პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევებში ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობა.

მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს გერმანიაშიც, თუმცა უფლებათა დამცველები სისტემურ პრობლემებზე და დისკრიმინაციაზე საუბრობენ. მიმდინარე წელს ბერლინში, გერმანიაში პირველი ანტი დისკრიმინაციული კანონი მიიღეს, რომელიც პოლიციასაც მოიცავს და მოსახლეობას საშუალებას აძლევს დისკრიმინაციის შემთხვევაში იჩივლონ და კომპენსაცია მიიღონ. არსებობს პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევების გამოძიების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც მსგავსი შემთხვევების 80%-ში საქმე არ აღძრულა.

მიმდინარე თვეს გამოქვეყნებულ საფრანგეთის სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიცია შემთხვევითი შერჩევით შემოწმებისას 20-ჯერ უფრო ხშირად აჩერებს შავკანიან და არაბ კაცებს, ვიდრე მოსახლეობის სხვა წარმომადგენლებს, რაც ეთნიკური პროფილების პრობლემის არსებობაზე მიუთითებს. თუმცა, დიდი ბრიტანეთის მსგავს აღწერას არც საფრანგეთი აწარმოებს, რის გამოც პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევებში რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემის გამოკვეთა რთულდება. ომბუდსმენის მსგავსი სტატისტიკა 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ პოლიციის მხრიდან გამოძიების, დაკვირვების და კონტროლისას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნების საფუძველზე მიკერძოებული ქმედება ევროპის საბჭოს ქვეყნებში ფართოდ არის გავრცელებული.

აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის შედარების გაკეთება შეიძლება სხვა საკითხებშიც. მაგალითად უმუშევრობის კუთხით. 2020 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში თეთრკანიანთა შორის უმუშევრობა 3.6% იყო, შავკანიანთა შორის კი 6.6%. თუ ამ მონაცემებს 2019 წლის პირველ ნახევარ შევადარებთ ვნახავთ, რომ თეთრკანიანთა შორის უმუშევრობა 0.1%-ითაა შემცირებული, შავკანიანთა შორის კი 0.5%-ით.

დიდ ბრიტანეთში კი 2020 წლის პირველ ნახევარში თეთრკანიანთა შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 3%-ზეა, შავკანიანთა შორის კი 8%.

საფრანგეთის შემთხვევაში უახლესი მონაცემები არ არსებობს, თუმცა 2012 წლის მონაცემებით ქვეყანაში არა-მიგრანტებს შორის უმუშევრობა 8.6%-ზე იყო მაშინ, როდესაც აფრიკული წარმოშობის მქონეთა შორის ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევდა.

აშშ-საგან განსხვავებით ევროპაში რასიზმის პრობლემას აღრმავებს ულტრა-მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა, რომლებიც ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკას ემხრობიან. ესპანეთის ულტრა-მემარჯვენე პარტია Vox-ში და ჰოლანდიის ანტი-ისლამურ თავისუფლების პარტიაში რასიზმის წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეებს ტერორისტები უწოდეს. 2020 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ ევროპაში მუსლიმების, ებრაელების, ბოშების და ფერადკანიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის პრობლემა არსებობს. ანგარიშში ხაზს უსვამენ პრობლემის გამწვავებაში ულტრა-ნაციონალისტური და ქსენოფობიური პოლიტიკური პარტიების როლს.

დონალდ ტრამპი
ფოტო: GETTY IMAGES

რა თქმა უნდა, შეიძლება იმაზე საუბარი, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება საკმარისი არ იყო, მომიტინგეთათვის პრობლემის გადაჭრის რეალური გზები არ შეუთავაზებიათ და მეტიც, მათ წინააღმდეგ ჯარის გამოყვანაზე დაიწყო საუბარი. ტრამპმა, იმისათვის რომ თეთრ სახლთან მდებარე ეკლესიასთან ბიბლიით ხელში ფოტოები გადაეღო ვაშინგტონში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით დაარბევინა. თუმცა, სანამ ევროპის ქვეყნების ლიდერები აშშ-ს რასიზმის და პოლიციაში არსებული პრობლემების გამო გააკრიტიკებენ კრემლის და ჩინეთის მსგავსად, უნდა აღიარონ, რომ პრობლემა თავადაც აქვთ და მათ ქვეყანაშიც ათასობით ადამიანი რეფორმებს მოითხოვს, რომელთა საჭიროებას, აშშ-საგან განსხვავებით, ზოგი ხელისუფალი არც კი ცნობს.

პრობლემის აღიარების შედეგად აშშ მუშაობს ეთნიკური პროფილების და პოლიციის მხრიდან ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაზე. ამჟამად კონგრესში რამდენიმე კანონპროექტია შესული, რომლებიც, დამტკიცების შემთხვევაში გააადვილებს არასათანადო ქმედების შემთხვევაში პოლიციელის პასუხისგებაში მიცემას და ასევე ხელს შეუწყობს პოლიციის მიერ რასის ნიშნით პროფილების შედგენას და მის საფუძველზე მოქმედებას. პარალელურად კი, ევროპაში მსგავსი პრობლემის არსებობას არ აღიარებენ და შესაბამისად არც სამოქმედო გეგმა არსებობს. აშშ-საგან განსხვავებით ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობა უფლებადამცველებს პრობლემის რეალურობაზე საუბარს და მისდამი ყურადღების მიქცევას ურთულებს.

აშშ-ში რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემის აღიარება და მასთან გამკლავება გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყეს და მას შემდეგ არაერთი მექანიზმის შემუშავდა უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ამ პერიოდში კენედის ადმინისტრაციამ აღიარა, რომ რასობრივ უთანასწორობასთან საბრძოლველად საკმარისი არ იყო უფლებების გათანაბრება და შემოიღო ე.წ. “პოზიტიური დისკრიმინაციის” ცნება, რომლის საშუალებითაც შავკანიან ამერიკელებს სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ეხმარებოდნენ განათლების მიღებაში და დასაქმებაში. დღემდე ამერიკაში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებები თუ კომპანიები საკუთარი ნებით ეწევიან ამ პოლიტიკას და ხელს უწყობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ევროპაში “პოზიტიური დისკრიმინაციის” ცნება  უფრო მეტად გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონტექსტში განიხილება და არა რასობრივი დისკრიმინაციის, მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლევებზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ დასაქმების და განათლების მიღების კუთხით რასობრივ დისკრიმინაციას ადგილი აქვს, კონკრეტულად კი აფრიკული წარმოშობის მქონე პირთათვის ბევრად უფრო რთულია სამუშაო ადგილის პოვნა. პრობლემის აღმოსაფხვრელად პირველ რიგში საჭიროა, რომ ქვეყანამ მისი არსებობა აღიაროს. ამ მხრივ კი აშშ სულ მცირე ერთი ნაბიჯით წინ არის.

კომენტარები