ისრაელი-საუდის არაბეთი

Reuters: საუდის არაბეთი დათანხმდა, საჰაერო სივრცე გაუხსნას ისრაელის კომერციულ ავიახაზებს

Reuters

Reuters-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ანონიმურ წევრზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთი დათანხმდა, საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნას ისრაელის კომერციულ ავიახაზებს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიფრინავენ.

გადაწყვეტილება სამეფოში ტრამპის მრჩევლის, ჯარედ კუშნერის ვიზიტის შემდეგ მიიღეს. შეთანხმებამდე უკვე იყო დანიშნული ისრაელის კომერციული ავიაკომპანიის ფრენა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა მისი განხორციელება საუდის არაბეთის მხრიდან საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვის არარსებობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ფრენების დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ საამიროებისაკენ მიმავალი და იქიდან მომავალი თვითმფრინავები შეძლებდნენ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცით სარგებლობას, თუმცა პირდაპირ არ იყო ნახსენები ისრაელი და ისრაელის ავიახაზები.

მიუხედავად ამისა, პირველი ფრენა უკვე შედგა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეწვია და აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. ეს ინფორმაცია მოგვიანებით ისრაელის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთმა წევრმა დაადასტურა.

ჯარედ კუშნერი უახლოეს დღეებში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანსაც შეხვდება. საუდის არაბეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ის ქუვეითში გაემგზავრება, შემდეგ კი კატარში. კუშნერის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოში შემავალი ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ კატარისათვის სამი წლის წინ დაწესებული ბლოკადის მოხსნაა.

___

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი დაუსახელებია. ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენებს საუდის არაბეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადაედგათ.

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მან თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებას დიდ ხანია მხარს უჭერენ, თუმცა ამისათვის ჯერ ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა.

კომენტარები