რუსეთი

უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი

"2010 წლიდან არ ყოფილა არცერთი დღე, როდესაც მე სამართლებრივად არ მდევნიდნენ. მე წამომიყენეს სხვადასხვა ბრალდება, მომისაჯეს შინაპატიმრობა, სრულებით შესაძლებელია დამაპატიმრონ ნებისმიერ წამს, ჩემი ძმა ამ წუთშიც სამწლიან პატიმრობაშია, სამარტოო საკანში. ვიცი, რა ბედი ეწიათ ხოდორკოვსკის და კასპაროვს, ვიცი, რა მოუვიდა ნემცოვს. არ ვარ მიამიტი და ობიექტურად აღვიქვამ რუსულ რეალობას. მე ვარ ძალიან რეალური ადამიანი რუსეთიდან". - ეს სიტყვები წარმოთქვა ალექსეი ნავალნიმ BBC-სთან ინტერვიუში 2017 წელს.

სამი საუკუნის წინ პეტრე დიდმა რუსეთში წამოიწყო ფუნდამენტური რეფორმები, რომელთა მიზანიც იყო ჩამორჩენილი ფეოდალური რუსეთის თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევა. ამ გზაზე პეტრესთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად იქცა საყოველთაო კორუფცია.

"კორუფცია გავლენას ახდენდა არა მხოლოდ სახელმწიფო ფინანსებზე, არამედ სახელმწიფოს საბაზისო ფუნქციონირებაზეც. ქრთამი, მითვისება და გაფლანგვა საზოგადოებრივი ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. საჯარო საქმიანობა, როგორც წესი, აღიქმებოდა სხვადასხვა პრივილეგიების მიღებისა და გამდიდრების საშუალებად. ეს შეხედულება იმდენად ფართოდ იყო გავრცელებული, რომ სახელმწიფო მოხელეებს ან ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდათ, ან საერთოდ არ ჰქონდათ. იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ სახელმწიფო მოხელეები საარსებოდ საკმარის ფულს ქრთამებით იშოვიდნენ". - წერდა ისტორიკოსი რობერტ მეიზი პეტრე პირველის ბიოგრაფიაში.

სამი საუკუნის გასვლის და ამ პერიოდში რუსეთის პოლიტიკაში ფუნდამენტური ძვრების მიუხედავად, ვითარება ამ თვალსაზრისით ქვეყანაში დიდად არ შეცვლილა. პრაქტიკულად ყველა ჩინოვნიკის მოქრთამვა დღესაც მარტივადაა შესაძლებელი. რუსეთში კორუფციასთან ბრძოლა ძალიან საშიში საქმიანობაა, ამის მაგალითია სერგეი მაგნიტსკის საქმეც.

2007 წელს მაგნიტსკიმ აღმოაჩინა თაღლითური სქემა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა სახელმწიფოს 230 მილიონი დოლარი მოჰპარა. მომდევნო წელს სამინისტროს იმავე თანამშრომლებმა მაგნიტსკი დააპატიმრეს. ერთი წლის განმავლობაში მაგნიტსკი მოსკოვის იზოლიატორში იმდენად ცუდ პირობებში მოათავსეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ერთწლიანი პატიმრობისა და ელემენტარული სამედიცინო დახმარების გარეშე, ბორკილებდადებული მაგნისტკი იზოლატორში საშინელი ტკივილებით გარდაიცვალა.

ცხადია, ამის შესახებ იციან ალექსეი ნავალნიმ და მისმა თანამებრძოლებმა და, რასაკვირველია, როდესაც რუსეთისნაირ ქვეყანაში ცდილობ, კორუფციას ებრძოლო, ნებისმიერ მომენტში უნდა მოელოდე ტრაგიკულ აღსასრულს. ამის მიუხედავად, ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი გახმაურებელი მკვლელობების თუ თავდასხმების ფონზეც კი გამოირჩეოდა.

საქმე ის არის, რომ რუსეთში ამ დროისათვის სულ ორი პოლიტიკოსია, პირველი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკოსის ვინაობა ყველასთვის ცნობილია, ხოლო მეორე სწორედ ალექსეი ნავალნია. ნავალნი ერთადერთი ნაციონალური მნიშვნელობის ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც პუტინის ეპოქაში გაიზარდა.

ბავშვობა და პოლიტიკა

ალექსეი ნავალნი, 1985 წელი

ალექსეი ნავალნი 1976 წლის ივნისში, მოსკოვის ოლქში მდებარე სამხედრო დასახლება ბუტინში დაიბადა. მამა, ანატოლი, საბჭოთა არმიის ოფიცერი, ხოლო დედა, ლუდმილა ეკონომისტი და კომპარტიის წევრი იყო. ალექსეი ნავალნიმ ბავშვობის დიდი ნაწილი უკრაინაში ბებიასთან გაატარა. ჩერნობილის მახლობლად მდგარ სახლში გაატარა ალექსეი ნავალნიმ პირველი ათიდან 9 ზაფხული, სანამ 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე კატასტროფა არ მოხდა. აპრილის ბოლოს ლუდმილას თავისმა ძმამ დაურეკა და უთხრა, ალექსეი ზაფხულში მათთან არ ჩაეყვანა.

ნავალნის მთელი ოჯახი ევაკუაციაში მოხვდა და ჩერნობილისგან მოშორებით დაასახლეს. დღემდე მისი ოჯახის წევრები ფილტვებისა და ფარისებრ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯებიან. რადგან მამა სამხედრო იყო, ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ალექსეი მოსკოვის შემოგარენში მდებარე სხვადასხვა სამხედრო დასახლებებში იზრდებოდა.

სკოლაში სწავლის პერიოდში მას ახასიათებდნენ, როგორც სწავლის მოყვარულ, მაგრამ თავისუფალ მოსწავლეს, რომელიც მასწავლებლებს პირდაპირ ეუბნებოდა, თუ რას ფიქრობდა მათზე. 1993 წელს ნავალნი შევიდა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტში, რომელიც საბჭოთა პერიოდში საბჭოთა კავშირისადმი ლოიალურ კადრებს ამზადებდა ე.წ. „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებიდან.

ნავალნი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტობის წლების შესახებ იგი ამბობს, რომ სასწავლებელი არ იძლეოდა განათლების მიღების და შრომის მოტივაციას - "გამოცდის ჩასაბარებლად საკმარისი იყო 50-დოლარიანი კუპიურა ჩაგედო ჩათვლის წიგნაკში", - იხსენებს ნავალნი. უნივერსიტეტი ნავალნიმ 1998 წელს იურისტის დიპლომით დაასრულა. ჯერ კიდევ სტუნდენტობისას ნავალნიმ მუშაობა დაიწყო უძრავი ქონების სააგენტოში.

"ამ კომპანიაში მუშაობისას ვისწავლე, როგორ დგება გარიგებები, როგორ მოძრაობს ფული, როგორ მუშაობენ შუამავალი კომპანიები." 2001 წელს ნავალნი უძრავი ქონების ბიზნესიდან წავიდა და ფინანსურ ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყო. ამავე პერიოდში მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში. ამავე წელს, თურქეთში შვებულების დროს გაიცნო ნავალნიმ თავისი მომავალი მეუღლე, ეკონომისტი, იულია აბროსინოვა.

ალექსეი ნავალნი და იულია აბროსინოვა ქორწილის დღეს

უკვე წარმავალი ბორის ელცინის პრეზიდენტობის ბოლო 1999 წელს ალექსეი ნავალნიმ გადადგა პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში და მემარცხენე-ლიბერალურ პარტია „იაბლოკოს“ შეურთდა. „იაბლოკო“ და მისი ლიდერი, გრიგორი იავლინსკი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდწილად წარმოადგენდნენ რუსეთის მოსახლეობის ლიბერალურად განწყობილ ნაწილს, როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პარტიის მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2000 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ვლადიმირ პუტინი.

დუმაში შესუსტდა პარტიის წარმომადგენლობა, ხოლო სახელმწიფო მედიასაშუალებებმა „იაბლოკოს“ მარგინალიზაცია დაიწყეს. მალევე, ნავალნი იმედგაცრუებული დარჩა პარტიის შიდა დინამიკით და ამაზე საჯაროდაც ილაპარაკა. ნავალნის თქმით, "პარტიაში არსებობდა მუდმივი ანტაგონიზმი ნორმალურ ხალხსა და შეშლილ მასას შორის, რომლებიც 80-იანი წლების დემოკრატიული მოძრაობის ლეგენდებით იკვებობდნენ".

2005 წელს ალექსეი ნავალნიმ, რუსეთში საბაზრო ეკონომიკური რეფორმების ავტორის, ეგორ გაიდარის შვილთან, მარიასთან ერთად დააფუძნა მოძრაობა ДА!. მოძრაობის მთავარი მიზანი იყო, ახალგაზრდა თაობა უფრო აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და აემაღლებინათ სამოქალაქო ცნობიერება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ნავალნი და გაიდარი მართავდნენ დებატებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა განსხვავებულ სოციალურ წრეებში. დებატებზე ერთმანეთს ხვდებოდნენ სტუდენტები და გამოცდილი პოლიტიკოსები.

უკვე ამ დროისთვის ნავალნის კონფლიქტი პარტიასთან მწვავე ფაზაში შევიდა. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა 2007 წელს, მას შემდეგ, რაც „იაბლოკომ“ დუმაში უკანასკნელი ოთხი მანდატიც დაკარგა. არჩევნებზე კრახის შემდეგ ნავალნიმ პარტიის ლიდერის, გრიგორი იავლინსკის პარტიის ხელმძღვანელობიდან გადაყენება მოითხოვა.

ალექსეი ნავალნი პარტია იაბლოკოს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე

მალევე ნავალნი პარტიის სხდომაზე დაიბარეს მისი წევრობის საკითხის განსახილველად. ნავალნის პარტიიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა ყველა წევრმა ერთის გამოკლებით. ოფიციალურ მიზეზად კი ნავალნის ნაციონალისტური განწყობები დასახელდა. საქმე ისაა, რომ ნავალნი რამდენიმეჯერ დააფიქსირეს ე.წ. „რუსული მარშის“ აქციებზე. ეს ულტრანაციონალისტური მოძრაობა 2005 წლიდან ყოველწლიურად მართავდა მსვლელობებს მოსკოვში. მსვლელობები არც თუ იშვიათად ძალადობრივ ხასიათს ატარებდა. მარშის მონაწილეები ქსენოფობიურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

ლიბერალებმა „რუსული მარშის“ მიმართ თავიდანვე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატეს და ის ნეონაცისტურ ორგანიზაციად მონათლეს. რაც შეეხება ნავალნის, იგი არასდროს მალავდა თავის ნაციონალისტურ და არცთუ ხშირად, ქსენოფობიურ განწყობებს. ამასთანავე, ნავალნი მიიჩნევდა, რომ ლიბერალებს არაადეკვატური პოზიცია ჰქონდათ და ვერ პასუხობდნენ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებდა.

პარტიის სხდომაზე ნავალნიმ სარკასტული სიტყვა წარმოთქვა, რომლის ბოლოშიც ავიდა მაგიდაზე და სკანდირებდა: "დიდება რუსეთს!".

ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ და ფლირტი ნაციონალისტებთან

ალექსეი ნავალნი მისი ორგანიზაციის ოფისში 2009 წელი

ნავალნიმ კორუფციის წინააღმდეგ ჯვარსონული ლაშქრობა 2007 წლის მიწურულს დაიწყო. მან ამ მიზნისთვის საინტერესო სტრატეგია აირჩია - შეიძინა უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიების მინორიტარული, უმცირესი პაკეტები, მათ შორის იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რამდენიმე მსხვილი ბანკიც. ნავთობზე და სხვა ენერგომატარებლებზე რეკორდული ფასის პირობებში მოსალოდნელი იყო, რომ ამ კომპანიებში ფულის დაბანდება უსაფრთხო და მომგებიანი იქნებოდა. ნავალნიმ სახელმწიფო კორპორაციების მცირე წილის შესაძენად სულ 40 ათას დოლარამდე დახარჯა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მან მიიღო წვდომა ამ კომპანიების ფინანსურ ანგარიშგებებზე და კონფიდენციალურ ოპერაციებზე.

მალევე ნავალნიმ აღმოაჩინა, რომ ამ კომპანიებისთვის ბაზარზე არსებული უკიდურესად მომგებიანი სიტუაციის მიუხედავად, მათი მომგებიანობა ძალიან დაბალი იყო. შედარებისთვის, რუსეთის უმსხვილესი კომპანიის „როსნეფტის“ აქციების მომგებიანობის კოეფიციენტი 1.5% იყო. როგორც კეთილსინდისიერი აქციონერი, ნავალნი სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ბლოგზე ათავსებდა. ამის მეშვეობით ნავალნი გახდა პირველი რუსი აქტივისტი, რომელმაც საქვეყნო ცნობადობას ტელევიზიების გარეშე მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით მიაღწია.

პირველი დიდი სკანდალი, რომელიც ნავალნიმ გახეთქა, შვეიცარიულ ნავთობტრეიდერ კომპანია „გუნვორს“ უკავშირდებოდა. სწორედ ამ კომპანიის გავლით ყიდდა ყველა მსხვილი რუსული კომპანია ნავთობს დასავლეთში. გარიგება რუსული კომპანიებისთვის მომგებიანი არ ყოფილა, სამაგიეროდ ასეულობით მილიონი დოლარი მოგება ნახა შუამავალმა კომპანიამ. თავის მხრივ, „გუნვორის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პუტინის ახლო მეგობარი გენადი ტიმჩენკოა. მომდევნო სერიოზულ სკანდალად, სახელმწიფო მონოპოლისტის „ტრანსნეფტის“ მიერ აღმოსავლეთ ციმბირიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე გაყვანილ მილსადენს უკავშირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, მშენებლობის პროცესში გაფლანგული თანხის მოცულობამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ამავე დროს ნავალნი არ წყვეტდა კავშირს რუს ნაციონალისტებთან, მეტიც, „იაბლოკოდან“ გაძევების შემდეგ ნავალნი ორგანიზაცია Народ-ის თანადამფუძნებელი გახდა. ორგანიზაციის საქმიანობა მალევე, ხელშესახები შედეგის გარეშე დაასრულა. მოძრაობის იდეოლოგია დემოკრატიის ელემენტებს და ზომიერ რუსულ ნაციონალიზმს აერთიანებდა. მისი თანამოაზრე ლიბერალების პოზიციის მიუხედავად, ნავალნიმ ნაციონალისტებთან კავშირი მომდევნო წლებშიც შეინარჩუნა. ამ პერიოდში ნავალნი რამდენიმე ვიდეორგოლში გამოჩნდა, სადაც იარაღის ტარების უფლებას ადვოკატირებდა, ხოლო კავკასიიდან და მცირე აზიიდან ჩამოსულ მიგრანტებს ტარაკანებს ადარებდა.

ალექსეი ნავალნი რუსული მარშის აქციაზე 2011 წლის 4 ნოემბერი

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ნავალნის გამოჩენამ 2011 წლის დეკემბერში გამართულ რუსულ მარშზე. მარში იმართებოდა ლოზუნგით "კმარა სამხრეთ კავკასიის კვება!". მთავარი მოწოდება და მოთხოვნა, რომელზეც ნავალნიმ ტრიბუნიდან ილაპარაკა, სწორედ სამხრეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკების არაპროპორციული დიდი ფინანსური დახმარების შეწყვეტას ეხებოდა. ამავდროულად ნავალნი საკუთარ პოზიციას მეტისმეტად რთულად ხსნიდა, რაც შესაძლოა გაუგებარი ყოფილიყო „რუსული მარშის“ მომხრეებისთვის, რომლებიც, პრობლემების მარტივ გადაწყვეტას ემხრობოდნენ, მაგალითად ფიზიკურ ძალადობას, მკვლელობას, ქვეყნიდან გაყრას,

ნავალნი ამბობდა, რომ მიგრანტების მოზღვავებით შეწუხებულ მოქალაქეებთან საუბარი აუცილებელია, თორემ ამ ხალხს გაცილებით რადიკალური განწყობის ადამიანები გაუძღვებიან. მოგვიანებით, რუსეთში ფართო საპროტესტო მოძრაობის აგორების კვლადაკვალ ნავალნიმ საკუთარი ნაციონალისტური განწყობები შედარებით უკანა პლანზე გადასწია და ამ საკითხებზე ლაპარაკს თავს არიდებდა.

ნავალნიმ ულტრა ნაციონალისტური პოზიცია დაიჭირა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, 2008 წლის აგვისტოში. მაშინ ნავალნიმ მხარი დაუჭირა რუსეთის არმიის მოქმედებებს და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას. ნავალნი რუსეთის არმიას მოუწოდებდა, რაკეტები საქართველოს გენშტაბისთვის დაემიზნებინა. მან ქართველები [გრუზინები] გრიზუნებად მოიხსენია, რაც მღრღნელებს ნიშნავს. რამდენიმე წლის შემდეგ ნავალნიმ ქართველების შეურაცხყოფისთვის ბოდიშიც მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მისი პრინციპული პოზიცია უცვლელია.

ბოლო წლებში ნავალნიმ პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით საგრძნობლად შეარბილა, თუმცა ამ თემაზე დასმულ კითხვებს ხშირად გაურბის. ნავალნი საკუთარ იუტუბ არხზე გამოეხმაურა გასულ წელს თბილისში ე.წ. „გავრილოვის ღამის“ მოვლენებს. ნავალნის თქმით, მიმდინარე პროტესტი საქართველოს შიდა საქმე იყო და რუსეთს აქ არაფერი ესაქმებოდა. ნავალნიმ მხარი არ დაუჭირა პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ, თუმცა მიზეზად ის დაასახელა, რომ ამით რუსეთის მოქალაქეები დაზარალდებოდნენ. საგულისხმოა ნავალნის გარემოცვის შეხედულებები საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ყირიმის ანექსირების შემდეგ, რუსეთის დემოკრატიულ ოპოზიციაში ბევრმა 2008 წლის კონფლიქტიც გადაიაზრა და დღეს გაცილებით უფრო საღ პოზიციას იკავებენ. მათ შორისაა ვლადიმირ მილოვი, ნავალნის ერთ-ერთი გამორჩეული თანამოაზრე.

საკუთარი ბლოგის წარმატების შემდეგ, ნავალნიმ ახალი უფრო მასშტაბური ანტიკორუფციული პროექტი, „როსპილი“ წამოიწყო. ნავალნიმ შექმნა სპეციალური საიტი, რომელზეც მოხალისეებს მოუწოდებდა, გადაემოწმებინათ საეჭვო სახელმწიფო შესყიდვები. ნავალნის დაქირავებული ჰყავდა 4 იურისტი, რომლებიც მოხალისეების მიერ საეჭვოდ მიჩნეულ ტენდერებს ამოწმებდნენ და შემდგომში სასამართლოში ასაჩივრებდნენ. „როსპილის“ ამოქმედების შემდეგ ნავალნის ანტიკორუფციული კამპანია მთელ ქვეყანას მოედო და მასში ათასობით მოხალისე ჩაერთო. ორგანიზაციის საქმიანობის პირველ წლებში ანულირებულ იქნა 8 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები.

ალექსეი ნავალნის მომხრეთა აქცია

"თაღლითების და ქურდების პარტია", საპროტესტო მოძრაობა და მოსკოვის მერის არჩევნები

საპროტესტო აქცია 2011 წლის 10 დეკემბერი, ტრანსპარანტი წარწერით "თაღლითებო და ქურდებო დააბრუნეთ არჩევნები"

წარმატებული ანტიკორუფციონერის იმიჯის შექმნაში ნავალნის ლიბერალური ბეჭდვითი მედია და ონლაინგამოცემები დაეხმარა. 2009 წელს ნავალნი„ წლის პერსონად“ დაასახელა რუსეთის მთავარმა საქმიანმა გამოცემა „ვედომოსტიმ“. 2010 წლის ოქტომბერში მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, გაზეთ „კომერსანტის“ მიერ ჩატარებულ მოსკოვის მერის ვირტუალურ არჩევნებში ალექსეი ნავალნიმ ხმათა 45%-ით გაიმარჯვა.

ამავე წელს, ჭადრაკში მსოფლიო ექსჩემპიონის, გარი კასპაროვის, ეკონომისტ სერგეი გურიევის და პუბლიცისტ ევგენია ალბაცის რეკომენდაციით ნავალნიმ აშშ-ში იელის უნივერსიტეტის სტიპენდია მიიღო. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ნავალნისთვის ლოგიკურ გაგრძელებლად საკუთარი ანტიკორუფციული კამპანიიდან უკვე უშუალოდ პოლიტიკურ დღის წესრიგზე გადასვლა იქცა, რის საშუალებაც მას მალევე მიეცა.

2011 წლის მეორე ნახევარი რუსეთისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკურად ყველაზე დინამიკური პერიოდი იყო. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ოთხწლიანი შესვენების შემდეგ პუტინი ფორმალურადაც აპირებდა პრეზიდენტად დაბრუნებას. ამავე წლის ზამთარში უნდა ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები. ცხადია, საპარლამენტო არჩევნები არადემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა, არჩევნებზე უმეტესად ე.წ. სისტემური ოპოზიცია დაუშვეს, ისეთი პარტიები, როგორიცაა რუსეთის კომუნისტური პარტია ან ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია.

რეალური ოპოზიციიდან არჩევნებზე მხოლოდ „იაბლოკო“ დაარეგისტრირეს. წინასაარჩევნო რეპრესიების მიუხედავად, უშუალოდ არჩევნებმა უხეში დარღვევებისა და ფალსიფიკაციების ფონზე ჩაიარა. შეიქმნა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი, რომლის ლიდერებიც ყოფილი ვიცეპრემიერი ბორის ნემცოვი, გარი კასპაროვი და ალექსეი ნავალნი იყვნენ. ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია ჰქონდათ. ნავალნის აზრით, ოპოზიციას უნდა მოეწოდებინა ხალხისთვის, მიეცა ხმა ნებისმიერი პარტიისთვის გარდა ერთიანი რუსეთისა, კასპაროვი და ნემცოვი კი უფრო მეტად ბოიკოტისკენ იხრებოდნენ.

გარი კასპაროვი [მარცხნივ], ალექსეი ნავალნი [ცენტრში], ბორის ნემცოვი [მარჯვნივ]

ამ დროს გამოიკვეთა ალექსეი ნავალნის მაკონსოლიდერებელი თვისებებიც, იგი პროტესტის გამორჩეული ლიდერი გახდა. ნავალნიმ მმართველ პარტიას შეარქვა „თაღლითების და ქურდების პარტია“, რაც პროტესტის მთავარი ლოზუნგი გახდა. დუმის არჩევნებიდან მეორე დღეს, 5 დეკემბერს, მოსკოვში ბალოტნი მოედანზე გაიმართა საპროტესტო დემონსტრაცია, მიტინგი გაიმართა სანქტ-პეტერბურგში და ქვეყნის კიდევ 99 ქალაქში.

რუსეთის კანონმდებლობით, საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ნებართვაა საჭირო, 5 დეკემბრის მოსკოვის მერიამ მიტინგის ჩატარებისთვის სანქცია გასცა, თუმცა არ გაუცია საპროტესტო მსვლელობის სანქცია. მოსკოვის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტები კი სწორედ საპროტესტო მსვლელობით გაემართნენ ცესკო-ს შენობისკენ. ამ არასანქცირებული მსვლელობისთვის პირველად დააკავეს ალექსეი ნავალნი. ნავალნის სასამართლომ თხუთმეტდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, რამაც პროტესტი კიდევ უფრო გააღვივა.

ალექსეი ნავალნი პირველი დაპატიმრების შემდეგ სასამართლო დარბაზში, 2011 წლის 5 დეკემბერი

ნავალნის გათავისუფლების შემდეგ, 24 დეკემბერს, აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე საპროტესტო აქციაზე 100 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა, ეს იყო ყველაზე ხალმხრავალი მიტინგი ქვეყანაში 1991 წლის შემდეგ. პროტესტს მხარი დაუჭირეს ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა. 24 დეკემბრის მიტინგზე საუბრისას პროტესტის ბევრი მონაწილე აღნიშნავს, რომ პუტინის მმართველობის პერიოდში ეს იყო პირველი მომენტი, როდესაც რეჟიმი დაუცველად გამოიყურებოდა და ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იყო. არსებობდა განცდა, თითქოს რეჟიმი არ იყო მზად და არ ჰქონდა სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ მომიტინგეები ვითარების ფორსირების გადაწყვეტდნენ და, მაგალითად, კრემლისკენ დაიძრებოდნენ.

ამის მიუხედავად, მაშინ ოპოზიციის ლიდერები ამ გზით არ წავიდნენ და უკიდურესად მშვიდობიანი პროსტესტის ფარგლებში დარჩენა ამჯობინეს, რაც კრემლისთვის დიდ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. "სრულიად შესაძლებელია, დადგეს ის დღე, როდესაც მე თქვენ მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგებში, მოგიწოდებთ, გადაატრიალოთ ავტომობილები და ახვიდეთ ბარიკადებზე, მაგრამ დღეს ეს დღე არ არის", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ მიტინგის მსვლელობისას.

პროტესტი აკადემიკოს სახაროვის პროსპექტზე, 2011 წლის 24 დეკემბერი

2011 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე აგორებული საპროტესტო მოძრაობა მომდევნო წელსაც გაგრძელდა, თუმცა დროთა განმავლობაში საპროტესტო ტალღამ ძალა დაკარგა. აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები, რომლის ფარგლებშიც დააპატიმრეს ათეულობით მონაწილე. საპროტესტო მოძრაობა იძულებითი ემიგრაციით დასრულდა გარი კასპაროვისთვის, გაძლიერებული ძალისხმევით გაგრძელდა ბორის ნემცოვის მარგინალიზაცია. ამავე წლის მიწურულს ნავალნიმ დააარსა კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც მომდევნო წლებში მისი მთავარი პროექტი გახდა.

საპროტესტო მოძრაობის შემდეგ, ნავალნი კრემლის ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც მის მიმართ სამართლებრივ დევნას მოასწავებდა. მართლაც, ნავალნის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმე 2011 წელს აღიძრა. სამართლებრივი დევნის ფორმალური საფუძველი კი ის იყო, რომ ნავალნი 2009 წელს კიროვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის კონსულტანტი იყო. გამოძიების ვერსიით, ნავალნიმ შეიმუშავა და მონაწილეობა მიიღო თაღლითურ სქემაში, რაც დიდი ოდენობით სახელმწიფო საკუთრების მითვისებას გულისხმობდა. საქმე „კიროვლესის“ სახელით გახდა ცნობილი, იგი რამდენჯერმე შეწყდა, მაგრამ ყოველ ჯერზე პროკურატურის მოთხოვნით ძიება ხელახლა იწყებოდა.

საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული საქმე მოსკოვის მერის წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა, ხოლო ნავალნი მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ამდენი წლის შემდეგაც, ეს არის დღემდე ერთადერთი არჩევნები, რომელშიც ნავალნიმ მიიღო მონაწილეობა, ყველა შემდგომ არჩევნებზე იგი უბრალოდ კანდიდატად არ დაარეგისტრირეს. ნავალნი კამპანიისთვის გამოყოფილი დროის მნიშვნელოვან ნაწილს კიროვისკენ მგზავრობაში ხარჯავდა, სადაც იმართებოდა სასამართლო სხდომები. 2013 წლის 18 ივლისს კიროვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნავალნი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს და კოლონიის გზას გაუყენეს.

ალექსეი ნავალნი, კიროვის საოლქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროს 2013 წლის 18 ივლისი

მოსკოვის მერის არჩევნებში ოფიციალურ კანდიდატად ნავალნი განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, 17 ივლისს დაარეგისტრირეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სასამართლომ ხუთწლიანი სასჯელი არა რომელიმე აქტივისტს, ბლოგერს ან ადვოკატს, არამედ მოსკოვის მერობის კანდიდატს მიუსაჯა. ეს კი რუსეთში მაშინ გაცილებით უფრო პრობლემური იყო, ვიდრე დღეს. ნავალნის დაპატიმრებისთანავე გაიმართა საპროტესტო აქციები ქვეყნის დიდ ქალაქებში. უკვე 18 ივლისს, განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, პროკურატურამ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურატურამ თავისუფლების აღკვეთის ნაწილი იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ დაკავებული მერობის კანდიდატი იყო, ხოლო ციხეში ყოფნისას იგი ვერ ჩაატარებდა სრულყოფილ საარჩევნო კამპანიას.

მოსკოვის მერის არჩევნებში კანდიდატის მოწმობა

19 ივლისს კიროვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის ძალაში შესვლის თარიღი გადასწია, ხოლო ნავალნი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. როგორც ამბობდნენ, ნავალნის გათავისუფლების საკითხზე ქვეყნის მმართველ ელიტაში აზრი ორად გაიყო, ძალოვანების ფლანგი ნავალნის პატიმრობაში დატოვებას ემხრობოდა, ხოლო ე.წ. „ზომიერი ტექნოკრატები“ გათავისუფლებას. ასევე, ამბობდნენ, რომ ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდა, მოსკოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სერგეი სობიანინი, რომელსაც არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარება და ამით ფედერალურ დონეზე საკუთარი პოლიტიკური წონის დამძიმება სურდა.

მერის არჩევნებზე ნავალნი წარადგინეს პარტია „პარნასიდან“, რომლის ლიდერიც რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, მიხაილ კასიანოვია. წინასაარჩევნო პერიოდში ნავალნი დედაქალაქის მოსახლეობას თვითმმართველობის უფლებამოსილების გაფართოებას ჰპირდებოდა. ნავალნის თქმით, ნებისმიერი სამშენებლო დავა ადგილზე პირდაპირი რეფერენდუმით გადაწყდებოდა, დაშვებული იქნებოდა სექსუალურ უმცირესობათა პრაიდები, ხოლო კავკასიური ნაციონალობის პირების მხრიდან საჯარო თავშეყრის ადგილებში ლეგზინკის ცეკვა საზოგადოებრივი წესრიგის ადმინისტრაციული დარღვევად ჩაითვლებოდა.

ალექსეი ნავალნი ხვდება საკუთარ მხარდამჭერებს გათავისუფლების შემდეგ

8 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ალექსეი ნავალნიმ ხმათა 27,2% მიიღო, რაც უფრო მეტი იყო, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციონერი კანდიდატების ხმები ჯამურად. ნავალნიმ მოსკოვის რამდენიმე ცენტრალურ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმაც აიღო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, არათუ გასამარჯვებლად, არამედ მეორე ტურისთვისაც. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნების პირველსავე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატმა, სერგეი სობიანინმა ხმათა 51.7%-ით გაიმარჯვა. ცხადია, არჩევნების შედეგები არ ცნო ნავალნიმ, თუმცა ეს უკვე აღარაფერს ცვლიდა. რადგან ნავალნის არანაირი წვდომა არ ჰქონია ნაციონალურ ტელევიზიებზე, მიღწეული შედეგი გრანდიოზულ წარმატებად შეფასდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც.

ალექსეი ნავალნის მომხრეთა მიტინგი მოსკოვის მერის არჩევნების შემდეგ, 2013 წლის 9 სექტემბერი

ამავე წლის ოქტომბერში სააპელაციო სასამართლომ „კიროვლესის“ საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა და ნავალნის თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით და ხუთწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუცვალა. ნავალნიმ განაჩენი მალევე ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში გაასაჩივრა. 2016 წელს ევროპულმა სასართლომ ნავალნი გაამართლა და დაადგინა, რომ მას წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ნავალნიმ რუსეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 48 ათასი ევრო მიიღო.

შემდგომ წლებში ნავალნიმ აამოქმედა იმავე შინაარსის პლატფორმა „როსიამა“, რომელიც რუსეთში საავტომობილო გზების მდგომარეობას ეხებოდა, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ამოქმედდა პლატფორმა „როსვიბორი“, რომელიც არჩევნების პროცესს აკვირდებოდა და პარალელურ დათვლას აწარმოებდა. ამ პროექტებმა ნავალნის კორუფციასთან თავდადებული მებრძოლის იმიჯი შესძინა. ნავალნი განსაკუთრებით პოპულარული იყო მოსკოვში, სადაც დიდი საშუალო კლასია.

სისტემის მიღმა

მოსკოვის მერის არჩევნების შემდეგ, ნავალნი აქტუალურობას ისევ საგამოძიებო მასალებით და კორუფციული სქემების გასაჯაროებით ინარჩუნებდა. ფართოვდებოდა მისი დაარსებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდიც, ორგანიზაციის საქმიანობაში სულ უფრო მეტი მოხალისე ერთვებოდა, იხსნებოდა ფონდის ოფისები სხვა ქალაქებშიც. ამავე დროს ალექსეი ნავალნი თავის იუტუბ არხზე და სხვა სოციალურ ქსელებში ჟარგონული ენით და დახვეწილი ჟურნალისტური გამოძიებებით კვლავ ებრძოდა რუსულ ელიტას.

არჩევნებში ნავალნის წარმატება ვლადიმირ პუტინისთვის გამაფრთხილებელი მიჯნა აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც ნავალნის დაშვება პოლიტიკურ სისტემაში მას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ, ნავალნისთვის კიდევ უფრო დაიხურა ნებისმიერი ნაციონალური ტელევიზია, მას არ მიეცა პარტიის დარეგისტრირების საშუალება. მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ტელევიზიით იღებს და ასეთი რუსეთში უმრავლესობაა, ალექსეი ნავალნი უბრალოდ არ არსებობდა - მათ ნავალნის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

2014 წელს მოსკოვის საოლქო სასამართლომ ე.წ. ივ როშეს საქმეზე განაჩენი გამოიტანა, საქმეში მთავარ ბრალდებულებად ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი გადიოდნენ. საქმე ძმების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2012 წელს აღიძრა, ბრალი კი 2013 წლის მიწურულს წარუდგინეს. ძმებ ნავალნიებს თაღლითობას და არაკანონიერი გზებით მიღებული თანხების ლეგალიზაციას ედავებოდნენ. სასამართლომ ძმები დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის 3.5-წლიანი პირობითი პატიმრობა, ხოლო მის ძმას, ოლეგს, ამავე ვადით თავისუფლებას აღკვეთა მიუსაჯეს. ეს დაპატიმრებაზე მეტად უფრო მძევლის აყვანას ჰგავდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ოლეგმა პატიმრობის დიდი ნაწილი სამარტოო საკანში გაატარა. 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ივ როშეს საქმეზე კიდევ ერთხელ გაამართლა ნავალნი და განაჩენი უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად გამოაცხადა.

ალექსეი და ოლეგ ნავალნი განაჩენის გამოცხადების მომენტში

რაც განსაკუთრებით საინტერესოა, რუსეთის პირველი პირები არასდროს ახსენებდნენ ნავალნის სახელს და გვარს. ვლადიმირ პუტინი, დმიტრი მედვედევი და დმიტრი პესკოვი ნავალნის მოიხსენიებდნენ, "პერსონაჟად", "ამ ადამიანად" "იმ პერსონად" მაგრამ არასდროს - სახელით და გვარით.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ნავალნი ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ პერსონაჟი, ლორდი ვოლდემორია, რომლის სახელის ხსენებაც ყველასთვის აკრძალული და მომაკვდინებლად სახიფათოა. 2013 წლის 30 სექტემბერს, გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა დმიტრი პესკოვის კომენტარი, რომელშიც პუტინის პრესსპიკერი ამბობდა: "პოლიტიკურ ჭრილში პუტინი ქვეყანაში კონკურენციის მიღმაა, თუ ის ნავალნის სახელს წარმოთქვამს, იგი ამ პოპულარობის ნაწილს ნავალნის მისცემს." ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პესკოვმა ნავალნის გვარი წარმოთქვა, მაგრამ კომერსანტმა ეს მასალა მალევე, პესკოვის მოთხოვნით ამოიღო.

ამ პერიოდში პუტინის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმებს ანახლებდა, თუმცა ვითარება მალევე რადიკალურად შეიცვალა. პუტინმა რუსეთის მოსახლეობის გულის მოსაგებად ახალი ხერხი მოიფიქრა. 2014 წელს უკრაინელმა ხალხმა კორუმპირებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკუვოჩის რეჟიმი დაამხო. რუსეთის პროპაგანდისტული მედია უკრაინის ახალ ხელისუფლებას ფაშისტებად ხატავდა, ვლადიმირ პუტინმა გამოიყენა ტრადიციულად პრორუსულ აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოშობილი წინააღმდეგობა, ისარგებლა მომენტით და მოახდინა ყირიმის ანექსირება.

ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის სარეკლამო აბრა, რომელზეც გამოსახულია უკრაიანის რუკა ნაცისტური სვასტიკით და რუსეთის რუკა რუსული დროში ფერებში

არაკონიერი რეფერენდუმითა და სამხედრო ძალის გამოყენებით ყირიმის შემოერთებამ რუსეთის მოსახლეობაში ფესვგადგმული იმპერიული სენტიმენტები გააღვივა და პუტინის რეიტინგი კვლავ მაღლა ავარდა. პროპაგანდისტული კამპანიისა და პუტინის რუსულ მიწათა შემკრები ცარის იმიჯის ფონზე, ოპოზიცია მომდევნო წლებში უბრალოდ მხედველობის არიდან დაიკარგა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლიდან 300 მეტრის მოშორებით, მოკლეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბორის ნემცოვი.

ყირიმთან დაკავშირებით კონტრავერსიული პოზიცია დაიჭირა ნავალნიმ. მისი თქმით, ყირიმის ანექსირება საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო, ხოლო რეფერენდუმი, რომელიც ადგილზე ჩატარდა, გაყალბებული. ამის მიუხედავად, ნავალნი ამბობს, რომ პრობლემას მარტივი გადასაწყვეტი არ არსებობს და "ყირიმი არ არის ბუტერბროდი, რომელსაც ხან ერთი ქვეყანა აიღებს, ხან მეორე. ნავალნის თქმით, პრობლემა ვერ გადაწყდება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, და საჭიროა, სისტემური დაძაბული მუშაობა ორივე მხრიდან. ამასთანავე, იგი ყირიმში ახალი, კეთილსინდისიერი რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა".

ალექსეი ნავალნი ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშზე, 2016 წლის 27 თებერვალი

2017 წელს, როდესაც ყირიმის ანექსირებით გამოწვეული საყოველთაო ეიფორია მინელდა, ხოლო სანქციების შედეგად რუსული ეკონომიკა ღრმა რეცესიის ფაზაში შევიდა ნავალნიმ ახალი შესაძლებლობები იგრძნო. ამ დროისთვის ინტერნეტზე წვდომა რუსეთის მოსახლეობის საგრძნობლად მეტ ნაწილს ჰქონდა, ვიდრე 2011 წელს. ამ პერიოდში ნავალნიმ თავის იუტუბ არხზე გამოუშვა საგამოძიებო ფილმი დმიტრი მედვედევის მდიდრული ვილების და იახტების შესახებ, რომელიც მალევე მილიონობით მოქალაქემ ნახა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ რუსეთში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა, აქციები გაიმართა ვლადივოსტოკიდან მოსკოვამდე ყველა მსხვილ ქალაქში. 2017 წელს საპროტესტო აქციებზე გამოსული ხალხი გაცილებით უფრო ღარიბი და გაბრაზებული იყო, ვიდრე 2011 წლის პროტესტის მონაწილეები. დემონსტრანტების დიდი ნაწილი 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა იყო. სწორედ ამ დროს ნავალნიმ რუსეთის უკეთესი მომავალისადმი ნიჰილისტურად განწყობილი უმრავლესობისთვის არსებული სიცარიელე დაინახა. ნავალნი შეეცადა, ეს სიცარიელე ოპტიმისტური ალტერნატივით შეევსო.

კორუფციის საწინააღმდეგო მარში, 2017 წლის 26 მარტი, სანქტ-პეტერბურგი

იგი დაემსგავსა რომელიმე თავისუფალი ქვეყნის პოლიტიკოსს, რომელიც უარყოფს ტრადიციულ იდეოლოგიურ კლიშეებს და კონცენტრირდება არა გამყოფ, არამედ გამაერთიანებელ საკითხებზე, პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობის ფართო სპექტრს აწუხებს - ხელისუფლების შეცვლა, ჯანდაცვა, განათლება, გზები, შემოსავლები და კანონის უზენაესობა. ეს არ დაეხმარა ნავალნის 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას, რომელზეც იგი კანდიდატად კვლავ არ დაარეგისტრირეს. ვლადიმირ პუტინი მეოთხედ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, ხოლო ნავალნიმ კვლავ ვერ მოახერხა საკუთარი პარტიის დარეგისტრირება.

პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების მიუხედავად, ქვეყანა ეკონომიკური სტაგნაციის ფაზაში იმყოფებოდა, ამასთანავე, პუტინს უნდა გადაეჭრა კიდევ ერთი პრობლემა. ოთხი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ კონსტიტუცია პუტინს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2019 წელს ვლადიმირ პუტინმა ე.წ. კონსტიტუციური რეფორმები წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკურ კულისებში საბოლოოდ გადაინაცვლა დმიტრი მედვედევმა. მაგრამ რეფორმის მთავარი მიზანი ეს არ ყოფილა - ინიციატივის განსახილველად დუმაში მისული პუტინი დათანხმდა პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას მოულოდნელ წინადადებას მისთვის უკვე მოხდილი საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ.

პუტინის თქმით, მსგავსი რამ შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას საკონსტიტუციო სასამართლო დასთანხმდებოდა. ორკვირიანი განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისთვის ოთხი საპრეზიდენტო ვადის განულება კონსტიტუციურად მიიჩნია, რაც საშუალებას აძლევს პუტინს, კიდევ ორჯერ, 2036 წლამდე იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე, ამ დროისთვის ის უკვე 84 წლის იქნება.

ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმაში საკონსტიტუციო ცვლილებების დაანონსებისას, 2019 წლის 10 მარტი

ამ პერიოდში გულხელდაკრეფილი არ იჯდა ნავალნიც. მან მოსახლეობას წარუდგინა ახალი პროექტი „ჭკვიანი არჩევნები“, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადდა. ინიციატივის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ხმები იმ ოპოზიციური კანდიდატებისთვის მიეცათ, რომელთაც სახელისუფლებო კანდიდატების დამარცხების ყველაზე მეტი შანსი ექნებოდათ. ამგვარად უნდა მომხდარიყო ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეთა ხმების კონსოლიდაცია. ნავალნიმ შეძლო, ეფექტური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება და 120 ათასი მოხალისის მობილიზება.

ნავალნის თქმით, მისი მთავარი მიზანი იყო, კრემლისთვის შეექმნა იმდენი სტრესი, რამდენსაც კი შეძლებდა. ამ სტრესთან საქმე გვქონდა 2019 წლის ზაფხულში. მაშინ, ნავალნის „ჭკვიანი არჩევნების“ სისტემით დამფრთხალმა კრემლმა უარი თქვა ოპოზიციური კანდიდატების უმრავლესობის დარეგისტრირებაზე. დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვის შემდეგ, მოსკოვში დაიწყო საპროტესტო აქციების სერია. კრემლმა დემონსტრაციებს დაკავებებითა და ხისტი დარბევით უპასუხა. ნაწილობრივ სწორედ სამართალდამცავების სიხისტის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი დემონსტრანტების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. შესაძლოა, სწორედ გასული წლის ზაფხულში გამოვლენილი სისასტიკის გამო გადაიფიქრა კრემლმა ხაბაროვსკში ამ დროისთვის მიმდინარე აქციებისთვის ხელის შეშლა.

საპროტესტო აქციის დაშლა მოსკოვში 2019 წლის ზაფხული

რეგიონულ არჩევნებში საგრძნობი წარმატებისა და პუტინის დაღმავალი რეიტინგის ფონზე, ნავალნიმ კონცენტრაცია 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოახდინა, მაგრამ სამომავლო გეგმებზე მუშაობა ნავალნიმ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს შეწყვიტა - ამ დღეს ნავალნი „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

ვინ და რატომ მოწამლა ნავალნი?

ალექსეი ნავალნი შეჰყავთ შარიტეს კლინიკაში, ბერლინი 2020 წლის 22 აგვისტო

ალექსეი ნავალნი მოწამვლის დროს ციმბირში იმყოფებოდა. აღმოსავლეთის ქალაქებში მსვლელობისას ნავალნი ამზადებდა საგამოძიებო ფილმებს ადგილობრივი ჩინოვნიკების კორუფციაზე მმართველი პარტიიდან. ამავდროულად რამდენიმე ოლქში უნდა გამართულიყო ადგილობრივი საკრებულოების არჩევნები. ნავალნის ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია არ გაუვრცელებია და ტურზე საუბარს მხოლოდ საგამოძიებო ფილმების გამოსვლის დროს გეგმავდა.

ნავალნი ცუდად თვიმფრინავის ბორტზე გახდა. იგი ტომსკიდან მოსკოვში მოფრინავდა, როდესაც თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში მას ტკივილები დაეწყო. ბორტზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ტვიტერზე დადო ვიდეოკადრები, სადაც ისმის ალექსეი ნავალნის ყვირილი. ნავალნის მდგომარეობის გამო, პილოტმა თვითმფრინავი ომსკის აეროპორტში დასვა საგანგებო დაშვებით. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც პილოტმა დისპეტჩერებს ომსკში დაჯდომის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რამდენიმე წუთში აეროპორტში შევიდა ზარი საქალაქო ტელეფონიდან. მოქალაქემ აეროპორტის თანამშრომლებს უთხრა, რომ აეროპორტი დანაღმულია და სასწრაფოდ ევაკუაცია უნდა ჩაატაროთო. ამ მეტად უცნაური ზარის მიუხედავად, აეროპორტმა თვითმფრინავი მაინც მიიღო.

ომსკის აეროპორტში ნავალნის სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე ელოდა. სიმპტომების მიხედვით ეჭვი მათ თავიდანვე მოწამვლაზე აიღეს და ნავალნის უნივერსალური ანტიდოტი ატროპინის დოზა შეუყვანეს. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ პილოტის და სასწრაფო დახმარების ექიმების მოქმედებებმა გადაარჩინა ნავალნი. თავიდანვე ოპოზიციონერის შესაძლო მოწამვლაზე ლაპარაკობდნენ მისი თანამოაზრეებიც. ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც იმ დღეს ნავალნიმ მიიღო, ეს იყო ჩაი ტომსკის აეროპორტში.

ომსკის ცენტრალურ საავადმყოფოში ნავალნის მიყვანის მომენტიდან დაიწყო ორდღიანი დაძაბული ეპოპეა. ნავალნი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე კომაში ჩავარდა. მასთან პალატაში არ უშვებდნენ ცოლს, ხოლო ოფიციალურ ვერსიად დიაბეტური კომა სახელდებოდა, ექიმები მოწამვლის ვერსიას არც კი განიხილავდნენ. მედიკოსების საეჭვო მოქმედებების გამო ოჯახის წევრებმა ნავალნის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს, რის უფლებსაც მათ ორი დღის განმავლობაში არ აძლევდნენ. როგორც ამბობენ, ნავალნის სამკურნალოდ გაშვებას ადგილობრივ კლინიკაში კრემლიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი დასჭირდა.

ნავალნის მკურნალი ექიმი და ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ალექსანდ მურახოვსკი პრესკონფერენციაზე, რომელიც ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება

სახელმწიფო ტელევიზიები ნავალნის შესაძლო მოწამვლის უცნაურ ვერსიებს სახავდნენ, რაშიც, ცხადია, დასავლეთისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელს ხედავდნენ. კრემლის ოფიციალური პირები მოწამვლას საერთოდ არც კი ახსენებდნენ და მანტრასავით იმეორეობდნენ, რომ ნავალნის მოწამვლა კრემლს ხელს არ აძლევდა. ასეთივე რიტორიკა ისმოდა კრემლის მხრიდან ბორის ნემცოვის თუ სხვა შეკვეთილი მკვლელობის შემდეგაც.

ქვეყნის პირველი პირები ნავალნის კვლავინდებურად არ მოიხსენიებდნენ სახელით და გვარით და ნავალნის აღმნიშვნელი ევფემიზმების ჩამონათვალს „პაციენტი“ დაემატა. ეს მრავალწლიანი ტაბუ საბოლოოდ კვლავ დმიტრი პესკოვმა დაარღვია, რომელმაც იგი სახელით და გვარით მოიხსენია.

საბოლოოდ ნავალნის ტრანპორტირების უფლება ოჯახს 22 აგვისტოს მისცეს. ამ დროისთვის ომსკის აეროპორტში უკვე იმყოფებოდა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი, რომელმაც ნავალნი ბერლინში გადაიყვანა. ნავალნის ბერლინის ცენტრში მდებარე კლინიკა შარიტეში მკურნალობდნენ. 2 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იგივე დაადასტურა სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ გერმანიაში, შვედეთსა და საფრანგეთში.

რუსეთში ოპოზიციონერების მოწამვლის მრავალწლიანი ტრადიცია არსებობს - 2018 წლის დეკემბერში მოსკოვში მოწამლეს, Pussy Riot-ის დამფუძნებელი და აქტივისტი, პიოტრ ვერზილოვი. ორჯერ, 2015 და 2017 წლებში მოწამლეს, ისტორიკოსი და ოპოზიციური ჟურნალისტი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი. 2018 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში იმავე „ნოვიჩოკით“ მოწამლეს დაზვერვის ყოფილი ორმაგი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია. 2006 წელს ლონდონის სენტ-ენდრიუსის კლინიკაში გარდაიცვალა პოლონიუმით მოწამლული ФСБ-ს ყოფილი ჯაშუში და ოპოზიციაში გადასული ალექსანდრ ლიტვინენკო. 2003 წელს მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში მოწამვლის შემდეგ გარდაიცვალა გამომძიებელი ჟურნალისტი, სერგეი შჩეკოჩიხინი. ამავე წელს მსგავს მოწამვლას გადაურჩა ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, მაგრამ პოლიტკოვსკაია ვერ გადაურჩა შეიარაღებულ თავდასხმას 2005 წელს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეზე. უნდა ითქვას, რომ ეს სრული სია არ არის.

პოლონიუმით მოწამლული, ალექსანდრ ლიტვინენკო, ლონდონის სენტ-ენდრიუსის კლინიკაში 2005 წლის ნოემბერი

მომხდარის მიზეზებზე საუბრისას ორი ვერსია გამოიკვეთა მათ შორის უფრო პოპულარული ვერსიის მიხედვით, ნავალნის განეიტრალების გადაწყვეტილება კრემლმა ბელარუსსა და ხაბაროვსკში მიმდინარე პროტესტის გამო მიიღო. ცნობილია, რომ რუსეთი თავის ყოფილ კოლონიებს ერთგვარად სარკედ აღიქვამს, რომელშიც საკუთარი მომავლის ანარეკლს ხედავს. ამის გათვალისწინებით პუტინს შესაძლოა მართლაც გადაეხედა საკუთარი კალკულაციებისთვის, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა, მთავარი და ერთადერთი აქტიური ოპოზიციონერის ველზე დატოვება 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების მიჯნაზე.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში გამკაცრდა ნავალნის სამართლებრივი დევნაც. „პუტინის მზარეულად“ ცნობილი ევგენი პრიგოჟინის კუთვნილმა კომპანიამ ნავალნის ფონდს მოუგო მრავალმილიონიანი სასამართლო დავა, რომლის მიხედვითაც კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა პრიგოჟინის კომპანიას ცილისწამებისთვის მილიონობით რუბლი უნდა გადაუხადოს. ნავალნის მოწამვლის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისგან კუთვნილი თანხის მიღებას ამქვეყნად აღარ შეეცდებოდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მოთხოვნით ყადაღა დაადეს ნავალნის საბანკო ანგარიშებს და საცხოვრებელ სახლს.

იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომლის მიხედვითაც ნავალნის მოშორება უშუალოდ კრემლში გადაწყვიტეს, კიდევ რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს. მათ შორის ვლადიმირ პუტინის მიერ კონსტრუირებული განგსტერული რეჟიმის ლოგიკაც. ისევე როგორც მაფიაში, აქაც მსგავსი გადაწყვეტილებები ბოსის გარეშე არ მიიღება. შესაძლოა, ეს არ იყოს ბოსის ბრძანება, მაგრამ მისი თანხმობა, თავის დაქნევა მაინც აუცილებელია. ამასთანავე, ცნობილია, რომ ალექსეი ნავალნი რუსული სპეცსამსახურების მუდმივი თვალთვალის ქვეშაა, რაც უკვე ნიშნავს, რუსული სპეცსამსახურების ჩაფლავებას ნებისმიერ შემთხვევაში.

რამდენად იყო შესაძლებელი, ვინმეს ეშოვა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერება და შემდეგ ქვეყნის მთავარი ოპოზიციონერი ФСБ-ს თვალწინ მოეწამლა. მეორე გავრცელებული აზრის თანახმად, ნავალნის მოწამვლა თვითშემოქმედებაა, რომელიც ნავალნის მტრებმა კრემლთან შეუთანხმებლად მიიღეს, რაც რუსეთისნაირ ქვეყანაში გამოსარიცხი სულაც არ არის. ამ ვერსიის სასარგებლოდაც მეტყველებს რამდენიმე ფაქტორი. ცხადია, პუტინისთვის და რუსეთის მმართველი ელიტისთვის ნავალნი არ არის მათი სამყაროს ნაწილი. ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას КГБ-ს ლოგიკით მართავენ, ნავალნის განეიტრალება სურთ, მაგრამ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის ნავალნი?

ცხადია ნავალნი მნიშვნელოვანი და რუსეთში მოქმედი ერთადერთი ოპოზიციონერია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ელიტისთვის ის მომაკვდინებელი საფრთხეა. მმართველი ელიტებისთვის ნავალნი უფრო მაწანწალაა, რომელსაც მათი მდიდრული და სუფთა დასახლების ქუჩებში სძინავს. ცხადია, ეს მათთვის პრობლემაა, მაგრამ იმაზე მეტად არა, რამდენადაც ე.წ. „ბომჟი“, რომელიმე სადარბაზოს მცხოვრებლებისთვის. ნავალნის არსებობის შესახებ არაფერი იცის რუსეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ხოლო ვისთვისაც ცნობილია, მათი დიდი ნაწილი სულაც არ არის მისი მხარდამჭერი.

პუტინისთვის ნავალნი უსასრულო გეოპოლიტიკური სამყაროს შორეულ პერიფერიაზე არსებობს. ამ წლების განმავლობაში რუსეთის მმართველი ელიტა ნავალნის განეიტრალებას არა მომაკვდინებელი შეტევებით, არამედ წერტილოვანი, დამღლელი დარტყმებით ცდილობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების ფონზე ნავალნისგან არ შეექმნათ წამებული, რომლის მიმართაც ხალხს სიმპათია გაუჩნდებოდა. პუტინისთვის ნავალნი იმდენად პოლიტიკოსი ან პერსონა კი არ არის, რამდენადაც იარაღი მტრების ხელში, ინსტრუმენტი ამერიკის ხელში.

პუტინის უკვე 20-წლიანი რეჟიმის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი სამყაროში დიდი მოთამაშეების ბრძოლის ველია და სწორედ ამ ანტაგონისტურ პრიზმაში განიხილება ყველა მოვლენა. ეს რუსეთის ელიტური ჯგუფების რწმენაა, რომელიც თავის სიმტკიცეში თითქმის რელიგიურია. ამ მოდელში ნავალნი უბრალოდ მეტასტაზია, კეთროვანი, რომელთან შეხებაც ყველასთვის სახიფათოა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუახლოვდეს პოლიტიკურ სისტემას, იმისთვის, რომ მომაკვდინებელი მეტასტაზები სახელმწიფოს მთელ სხეულს არ მოედოს.

ნავალნი სავარაუდოდ მოწამლეს, გასული წლის აგვისტოში, ადმინისტრაციული პატიმრობის დროს, წინა წლებში, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მას უცნობმა პირებმა ე.წ. ზილიონკა სახეში შეასხეს

იმის მიუხედავად, რომ ამ სცენარის მიხედვით ნავალნის მოწამვლაში კრემლის პირდაპირი კვალი არ იკვეთება, ამისგან ეს ვერსია რეჟიმისთვის უფრო სახარბიელოდ არ გამოიყურება. იმ მოდელში, რომელშიც ნავალნი კრემლის ბრძანებისა და თანხმობის გარეშე მოიშორეს, კიდევ უფრო მეტს გვეუბნება რეჟიმის რეალური მდგომარეობის შესახებ. თუკი ეს ვერსია, მართალია, გამოდის, რომ ნავალნი კრემლის დაუკითხავად იმ ჯგუფებმა მოწამლეს, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ძალაუფლების ვერტიკალი უმოქმედოა და ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს. ეს ვერსია ცხადყოფს, რომ ვიღაცებმა მიიჩნიეს, რომ სისტემა ხარვეზებით მუშაობს და მის მუშაობაში შესწორებები შეიტანეს. ეს შესაძლოა აღვიქვათ, როგორც რეჟიმის იმუნური სისტემის ჩავარდნა და ამავდროულად ძალაუფლების ვერტიკალის ეროზია.

როგორც გარი კასპაროვმა აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, "რუსეთის არის ქვეყანა, რომელმაც ჯერაც ვერ იპოვა საკუთარი თავი". რუსეთის ამ დაკარგულ იმპერიაში პუტინი უკვე 20 წელია ახერხებს მოსახლეობის ამავე იმპერიული სენტიმენტებზე მანიპულირებით მთავარ სავარძელში გამაგრებას. პუტინმა თავის მოსახლეობას დაკარგული დიდების აღდგენა აღუთქვა. ეს ილუზორული დიდება დღემდე საკმარისია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რომ გვერდზე გადადოს უკანონობა, ავტოკრატია, კორუფცია და სხვა პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. პუტინის მიერ კონსტრუირებულ სისტემას ძლიერ მხარეებთან ერთად თავისი სისუსტეებიც აქვს.

მრავალი მცდელობის და უკიდურესად ხელსაყრელი პირობების მიუხედავად, რუსეთში ვერ განხორციელდა თითქმის ვერცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, ეკონომიკა კვლავაც ნედლეულზე მუშაობს, ქვეყნის ეკონომიკურმა მოდელმა ზრდის ყოველგვარი რესურსი ამოწურა, წმინდად ტექნიკური განმარტების მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა 2014 წლის შემდეგ რეცესიის ფაზაშია, უკვე მეხუთე წელია, ეცემა მოსახლეობის რეალური შემოსავლები, 20 მილიონამდე რუსი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის ნებისმიერი მცდელობა კი კორუფციის ჭაობში იხრჩობა.

ამ პრობლემებისა და დაღმავალი რეიტინგის ფონზე მინსკში მიმდინარე მოვლენებმაც გამოკვეთა პროტესტის ძალადობრივი გადაჭრის ლიმიტებიც. მაშინაც კი, როდესაც დიქტატორის ბრძანებებს პოლიცია მხეცური ენთუზიაზმით ასრულებს, ფაქტია, რომ ეს ვითარების შესაცვლელად საკმარისი არ არის და პროტესტი მაინც გრძელდება.

ამ ფონზე პუტინისთვის გასაგებია, რომ, პირველ რიგში, შესაძლო პროტესტის ლიდერი უნდა მოიშოროს, თუმცა ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ლიდერის მოშორებამ რეჟიმის დასასრული შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს. ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, ბოლო რუსი ოპოზიციონერი იყოს, რომელსაც პროტესტის მართვა და კრემლთან მოლაპარაკება შეუძლია. მისი მოშორება არ ამცირებს მომავალი პროტესტის ალბათობას, ეს, პირიქით, უფრო არაპროგნოზირებადს ხდის მას. შესაძლოა, ვლადიმირ პუტინი ფიქრობდეს, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებს. ასევე ფიქრობდა ლუკაშენკოც.

კომენტარები