მოლდოვა

მოლდოვის მთავრობა გადადგა, რათა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

იონ კიკუ

მოლდოვის პრემიერმინისტრმა იონ კიკუმ განაცხადა, რომ მთავრობა გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება 23 დეკემბერს მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონთან და პარლამენტის თავმჯდომარე ზინაიდა გრეჩანისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილების მიზანია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

"არჩევნები არის მიზანი, რომელიც პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, რათა ქვეყანა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს". – თქვა მან.

პარლამენტს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებაზე 23 დეკემბერს უნდა ემსჯელა.

ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე კონტროლს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტს გადასცემს. კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპული ორიენტაციის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, მაია სანდუმ, მოქმედი პრეზიდენტი, რუსეთთან დაახლოებული იგორ დოდონი დაამარცხა.

დოდონი პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად ხვალ, 24 დეკემბერს დატოვებს. ამავე დღეს გაიმართება მაია სანდუს ინაუგურაცია.

ამჟამად სანდუს პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” პარლამენტში უმცირესობაშია. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ რუსეთის შუამავლობით შეძლეს პრორუსულ სოციალისტურ პარტიასთან სამთავრობო კოალიციის შეკვრა. მაშინ პრემიერმინისტრი თავად სანდუ გახდა, თუმცა მალევე მას უნდობლობა გამოუცხადეს, სოციალისტურმა პარტიამ კი ახალი კოალიცია ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკის დემოკრატიულ პარტიასთან ჩამოაყალიბა.

კომენტარები