2 ივნისს რუსეთში ჩავიდნენ ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი ინფლუენსერი ძმები, ენდრიუ და ტრისტან ტეიტები, რომელთა წინააღმდეგაც რუმინეთში 2022 წლიდან მოყოლებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაა აღძრული.
რუმინეთში ძმებს ბრალი ოფიციალურად 2023 წელს წარუდგინეს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნის, ფულის გათეთრების, ადამიანების ტრეფიკინგისა და მცირეწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების საქმეებზე.
ტეიტის X-ის ანგარიშზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთში ძმებს "პურ-მარილის" ტრადიციული სლავური დახვედრის ცერემონიით შეეგებნენ. "ტეიტები მოსკოვში," დაწერა მან და პოსტს თან დაურთო რუსული ანდაზა: "შეიძინე ახალი მეგობრები, მაგრამ შეინარჩუნე ძველი".
რუმინეთის გარდა ტეიტებს ბრალი წარუდგინეს ბრიტანეთშიც, მათ შორის, გაუპატიურების, ადამიანების ტრეფიკინგისა და მოგების მიზნით პროსტიტუციის კონტროლის საქმეებზე. ტეიტები ბრალდებებს უარყოფენ.
რუსეთში ძმები ტეიტების ვიზიტის მიზანი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სოციალურ ქსელებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ისინი შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დასწრებას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ტეიტების ვიზიტი რუსულმა პროპაგანდისტულმა ტელეგრამ-არხმა, Rybar-მა გააკრიტიკა. უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერმა არხმა რუსეთში ინფლუენსერების ჩასვლა "ცუდ გადაწყვეტილებად" დაახასიათა და მათ ვიზიტს "სამარცხვინო" უწოდა.
პარალელურად, რამდენიმე დღის წინ რუსეთს ასევე ესტუმრა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი მემარჯვენე ინფლუენსერი კენდეს ოუენსიც, რომელიც ეკონომიკურ ფორუმზე "ოჯახური ღირებულებების" პანელურ დისკუსიაში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ცნობისთვის, აპრილის თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოუენსი, რომელიც მისი ყოფილი მხარდამჭერი იყო, მკაცრად გააკრიტიკა, მას შემდეგ, რაც ირანში ომის გამო მან ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკული კამპანია წამოიწყო.
ტრამპმა კენდეს ოუენსი "შეშლილად" დაახასიათა და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ოუენსი "საფრანგეთის ღრმად პატივცემულ პირველ ლედის კაცობაში ადანაშაულებს, როდესაც ის არ არის კაცი".
ვიზიტის ფარგლებში ოუენსმა X-ზე, რომელიც რუსეთში დაბლოკილია, არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთის "ქრისტიანული მემკვიდრეობა" შეაქო და დაწერა, რომ "ისინი რუსეთის შესახებ იტყუებიან". "შეცდომა დავუშვი, რომ უფრო დიდხანს არ დავრჩი, მაგრამ დავბრუნდები." – დაამატა მან.




