შესავლის ნაცვლად
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია 2026 წლისათვის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისა და აღსაყდრების მოლოდინშია.
საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა ორი ავტოკეფალური საკათოლიკოსო: ქართლის (კათედრით მცხეთაში), აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის (კათედრით ბიჭვინთაში, მოგვიანებით გელათში). რუსეთის იმპერიამ 1811 წელს - ქართლის საკათოლიკოსოს, ხოლო 1814 წელს აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის საკათოლიკოსოს ავტოკეფალია გააუქმა უკანონოდ, ძალადობრივად და სისხლისმიერი მეთოდებით და ეს მოცემულობა გაგრძელდა 1917 წლამდე.
თვალი გადავავლოთ სხვადასხვა პერიოდის ქართველ კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებულ არაერთგვაროვან საისტორიო ფაქტებს. ამ შემთხვევაში პირველად გავიხსენოთ ქართლის (აღმოსავლეთ საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტი.
ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I (ბაგრატიონი)
კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი (ერში თეიმურაზ იესეს ძე ბაგრატიონი) დაიბადა 1720 წელს. ის მონაზვნად (ბერად) აღიკვეცა გელათის მონასტერში 1738 წელს და ეწოდა ანტონი. ერთ წელიწადში, 19 წლის ასაკში ხდება გელათის მონასტრის წინამძღვარი, ხოლო 1740 წელს, 20 წლის ასაკში ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და დაადგინეს ქუთათელ მიტროპოლიტად. 1743 წელს ის ტოვებს ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრას და დავით-გარეჯის მონასტერში მკვიდრდება… 1744 წელს 24 წლის ასაკში ის აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიაში ხსენებულ ასაკებზე უფრო ადრე არავინ დაუდგენიათ ქუთათელ მიტროპოლიტად (20 წლის ასაკში) და შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქად (24 წლის ასაკში).
კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი გახლდათ ღრმად განსწავლული პიროვნება, მამამთავარი და მეცნიერი… ის იყო პროდასავლური საგარეო ორიენტაციის, რაც მიუღებელი იყო ქართლში არსებული პროირანული ორიენტაციის ქართველთა ბანაკისთვის, რომელსაც მეთაურობდა ზაქარია გაბაშვილი. ეს უკანასკნელი პროირანული ძალების მყარ დასაყრდენად იქცა. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი კი ევროპეიზმის გზას ადგა, რის გამოც აქტიური ურთიერთობები გააჩნდა კათოლიკე მისიონერებთან. აღნიშნული გარემოებით ისარგებლეს ქართლში არსებულმა პროირანულმა ძალებმა და კათოლიკოს-პატრიარქს კათოლიციზმის ფარულად მიღება დასწამეს. 1755 წლის 12 ან 16 დეკემბერსა და 1756 წლის 4 აპრილს მოიწვიეს საეკლესიო კრებები, რომელმაც ანტონ კათოლიკოსის მიერ თითქოს რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის საკითხი განიხილა. სამწუხაროდ, ანტონ პირველი საპატრიარქო ტახტიდან დაამხეს… აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის გადაყენების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მეფე თეიმურაზ მეორის განზრახვა მიიჩნევა, რადგან თეიმურაზი სამეფო თვალსაზრისით მეტოქედ მიიჩნევდა ანტონ კათოლიკოსს… ქართლის საკათოლიკოსო ტახტზე აღსაყდრდა კათოლიკოს-პატრიარქი იოსები (ჯანდიერიშვილი), რომელიც დადებითი თვისებებისა და ღვაწლის მქონე მამამთავრად ხასიათდება, როგორც მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც მონაზვნური ასკეტობაც არ დაუტევა.
საკათოლიკოსო ტახტიდან დამხობილი ანტონ პირველი 1756 წელს რუსეთს გაემგზავრა, სადაც წმიდა სინოდის წინაშე მან დაადასტურა თავისი მართლმადიდებლური აღმსარებლობა. 1757 წლის 8 აგვისტოდან ის ვლადიმირისა და იეროპოლის მთავარეპისკოპოსი გახდა. 1764 წელს, როდესაც მეფე თეიმურაზ მეორე უკვე გარდაცვლილი იყო, ქართლ-კახეთის მეფემ, ერეკლე მეორემ სამშობლოში დააბრუნა დევნილი ანტონ პირველი… კათოლიკოს-პატრიარქი იოსები თავად გადადგა ტახტიდან ანტონ პირველის სასარგებლოდ და ახმეტაში გაემგზავრა. იოანე ბატონიშვილი იოსებ კათოლიკოსის შესახებ წერს, რომ მან კეთილად დამწყსო ეკლესია და შემდეგ დატოვა საპატრიარქო საყდარი. კათოლიკოს-პატრიარქი იოსები 1770 წელს მშვიდობით მიიცვალა.
1764 წელს მოწვეულმა საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველი აღადგინა საპატრიარქო ტახტზე. ამ გადაწყვეტილების მოწინააღმდეგენიც გამოჩნდნენ, კვლავ ზაქარია გაბაშვილის მეთაურობით, თუმცა მათ ამჯერად ვერ მიაღწიეს საკუთარ საწადელს.
ანტონ პირველმა მრავალი ღვაწლი გასწია, როგორც საეკლესიო, ისე სამეცნიერო კუთხით და იგი 1788 წლის 12 მარტს აღესრულა, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
შევნიშნავთ, რომ არავითარი საღვთისმეტყველო-დოგმატური არგუმენტი და ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის მიერ რომაულ-კათოლიკური აღმსარებლობის მიღების შესახებ… გავრცელებული ინფორმაცია იყო მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისმწამებლური შეტევა ეკლესიის მეთაურის წინააღმდეგ, ნაკარნახევი პატრიარქ ანტონის ღრმა განსწავლულობისა და მისი პროდასავლური საგარეო ორიენტაციის გამო, რაც ხელს უშლიდა პროირანულ ძალებს, ქართველი ხალხისთვის მოეხვიათ თავს ირანული გავლენა და სულისკვეთება.
აგრეთვე ის ფაქტი, რომ ანტონ პირველი აღადგინეს საპატრიარქო ტახტზე და აღესრულა, როგორც მართლმადიდებელი მამამთავარი, ცხადს ჰყოფს: საქართველოს არავითარი გაკათოლიკებული კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავდა!
აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს გამგებელი, ქუთათელი მიტროპოლიტი, წმიდა დოსითეოსი (წერეთელი)
რაც შეეხება მეთვრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის პერიოდის აფხაზეთისა და ლიხთ-იმერეთის საკათოლიკოსოს, მისი გამგებელი 1795 წლიდან (ფაქტობრივად 1792 წლიდან) გახლდათ ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი).
საინტერესოა, რომ არსებობს რამდენიმე საისტორიო ცნობა მიტროპოლიტ დოსითეოსის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შესახებ. 1797 წლის 26 აპრილით დათარიღებული წერილით ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი კათოლიკოსად არჩევას ულოცავს მიტროპოლიტ დოსითეოსს, რომელსაც დედოფალი ხსენებულ წერილში უწოდებს: „დოსითეოსს, მათ უწმიდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათალიკოსს“. 1798 წელს იმერეთის მეფე სოლომონ მეორე ასევე წერდა: „ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსს კათოლიკოზობა /ვ/უბოძეთ“. მიუხედავად ამ ცნობებისა, დღემდე ისტორიოგრაფია ვერ ადასტურებს დოსითეოს ქუთათელის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას, თან იმ ფონზე, რომ ის ყოველთვის ხელს აწერდა, როგორც საკათოლიკოსოს გამგებელი და მის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით ხელმოწერილი დოკუმენტი დღემდე არ მოიპოვება.
დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელს, ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსს (წერეთელი) აქტიურ თანადგომას უწევდა გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (შარვაშიძე). 1814 წელს რუსეთის იმპერიამ აფხაზეთის საკათოლიკოსოს ავტოკეფალიაც გააუქმა, რასაც საბოლოოდ 1820 წელს შეეწირნენ მიტროპოლიტები დოსითეოსი და ექვთიმე. რუსებმა ისინი შეიპყრეს, მიტროპოლიტი დოსითეოსი გზაში მოკლეს, ხოლო მიტროპოლიტი ექვთიმე გადაასახლეს რუსეთში, სადაც გარდაიცვალა 1822 წელს. 2005 წლის 27 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა ქუთათელ მიტროპოლიტ დოსითეოსისა და გაენათელი მიტროპოლიტ ექვთიმეს წმიდანებად კანონიზირება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა კირიონ II (საძაგლიშვილი) და თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე) - შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა ავტოკეფალისტებმა მრავალწლოვანი თავდადებული ღვაწლისა და ბრძოლის შედეგად აღადგინეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია.
იმავე წლის სექტემბერში, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველ ადგილობრივ კრებაზე, ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
საქართველოს ეკლესიაში ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე იყო ერთადერთი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც არ იწოდებოდა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად, არამედ მხოლოდ მცხეთის მთავარეპისკოპოსად. მისი პატრიარქობის ჟამს საქართველოს ეკლესიაში არსებობდა თბილისის სამღვდელმთავრო კათედრა და თბილელი მიტროპოლიტის წოდება. იმხანად თბილელი მღვდელმთავარი გახლდათ მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე), რომელიც ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე და მას შემდგომ, რაც ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომმა პირველმა კრებამ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია უწმიდესი და უნეტარესი კირიონ მეორე, მიტროპოლიტმა ლეონიდემ (ის კენჭს იყრიდა ზემოხსენებულ კრებაზე, როგორც ერთ-ერთი საპატრიარქო კანდიდატი) მოახერხა თბილელი მიტროპოლიტის წოდების შენარჩუნება. პატრიარქ კირიონ მეორეს ყოფნა და მოღვაწეობა უხდებოდა თბილისში, როგორც თავისთვის არაკათედრულ ქალაქში. კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე თბილისში წირვა-ლოცვას აღასრულებდა ანჩისხატის ტაძარში, ხოლო თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდა მიტროპოლიტი ლეონიდე.
1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე.
1918 წელს მეტად უცნაურ ფორმატში, ადგილობრივი კრებისა და არჩევნების გარეშე აირჩიეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. 1918 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოზო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, არჩევნების გარეშე, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველ საეკლესიო კრებაზე მიღებული ხმების საფუძველზე (230 ხმა) დამტკიცებულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1919 წლის 29 თებერვალს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა მისი ინტრონიზაცია. 1920 წლის 27 ივნისს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეორე კრებამ დაამტკიცა ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რაც კანონიკური სამართლის მიხედვით იყო სრული ნონსენსი, რადგან აღსაყდრებული კათოლიკოს-პატრიარქი ფაქტობრივად ხელთავიდან აირჩიეს. კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მამამთავრობის პერიოდიდან გაუქმდა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობასთან ერთად, უწმიდესი და უნეტარესი ლეონიდე გახდა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა ამბროსი (ხელაია)
1921 წლის ივნისში გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე. იმავე წლის სექტემბერში გელათის მონასტერში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მესამე კრება, რომელსაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). ამ კრებაზე მიტროპოლიტი ამბროსი აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და მიტროპოლიტი ნაზარი საბჭოთა რუსულმა ათეისტურმა რეჟიმმა შეიწირა და ორივე მათგანი წმიდანებად არიან კანონიზირებულნი).
აღსანიშნავია, რომ 1921 წელს საქართველოს ეკლესიაში გამართული საპატრიარქო არჩევნები ამ დრომდე არის უკანასკნელი, რომელიც იყო მრავალკანდიდატიანი. მას შემდგომ - 1927, 1932, 1952, 1960, 1972, 1977 წლებში საქართველოს ეკლესიაში გამართულ საპატრიარქო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრიდა კენჭს და შესაბამისად ისინი გახდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები (105 წლის შემდგომ, 2026 წელს საქართველოს ეკლესიაში კვლავ მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი უკვე ოფიციალურად ცნობილია).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები - ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) და წმიდა კალისტრატე (ცინცაძე)
ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ სრულიად საქართველოს ორი კათოლიკოს-პატრიარქის - ქრისტეფორე მესამისა (ციცქიშვილი; 1927-1932) და კალისტრატეს (ცინცაძე, 1932-1952) მონაზვნად (ბერად) აღკვეცის შესასახებ არავითარი დოკუმენტი და ფაქტობრივი ცნობა არ არსებობს. შესაბამისად მიიჩნევა, რომ ისინი არ იყვნენ სამონაზვნო სქემაში და პირდაპირ დეკანოზობიდან აირჩიეს და დაასხეს ხელი ეპისკოპოსებად, ხოლო მოგვიანებით აირჩიეს და აღასაყდრეს კათოლიკოს-პატრიარქებად. საგულისხმოა ისიც, რომ კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ წმიდანად არის კანონიზირებული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ III (ფხალაძე) და მის მიერ მოსაყდრის დადგენა
1952 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომმა მეცხრე ადგილობრივმა კრებამ, ურბნელი მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) თითქმის 80 წლის ასაკში (ის დაბადებული იყო 1872 წლის ძვ. სტ. 2 ნოემბერს) აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. აღსანიშნავია, რომ უწმიდესი და უნეტარესი მელქისედეკ მესამე არის საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ღრმა ასაკში არჩეული და აღსაყდრებული კათოლიკოს-პატრიარქი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ (ფხალაძე) მოსაყდრედ დადგინება ოფიციალურად შესთავაზა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს (შემდგომში მიტროპოლიტი) ნაომს (შავიანიძე; ეპისკოპოსად ხელი დაასხეს 1957 წელს), რაზეც მეუფე ნაომმა თავმდაბლურად არასაკმარისი განათლება მოიმიზეზა და უარი განაცხადა მოსაყდრეობაზე და სანაცვლოდ კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკს შესთავაზა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტ ეფრემის (სიდამონიძე) კანდიდატურა. კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკსა და მიტროპოლიტ ეფრემს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, ვინაიდან პატრიარქ მელქისედეკს არწმუნებდნენ, რომ საბჭოთა ხელისუფლებაში ეკლესიის წინააღმდეგ გაგზავნილი წერილების უკან მიტროპოლიტი ეფრემი დგასო. ამ ფონზე, 1959 წელს, კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა მარგველი ეპისკოპოსი დავითი (დევდარიანი).
1960 წელს, როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი პატრიარქი მელქისედეკი, მეუფე ნაომი გაემართა თბილისისკენ, რათა მოსაყდრე მეუფე დავითისთვის (დევდარიანი) ეთხოვა მოსაყდრეობიდან გადადგომა მეუფე ეფრემის სასარგებლოდ, რაც მეუფე დავითს უკვე გაკეთებული ჰქონდა. ის კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის გარდაცვალებისთანავე ფაქტობრივად გადადგა მოსაყდრეობიდან, რაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა პატრიარქ მელქისედეკის გარდაცვალების შემდგომ წმიდა სინოდის პირველივე სხდომაზე და ეს პოზიცია დაუთმო მიტროპოლიტ ეფრემს, რომელიც იმავე წელს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
ურბნელ მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მეორეგზის მოსაყდრეობა - შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V
1972 წელს, როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე, აღმოჩნდა, რომ მან ანდერძით მოსაყდრედ კვლავ დატოვა მიტროპოლიტი დავითი, რომლის შესახებ წმიდა სინოდის ერთ-ერთი სხდომის ოქმში ჩაწერეს “ორგზის მოსაყდრედ დატოვებული”.
1972 წლის 8 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა საქართველოს ეკლესიის ორ მღვდელმთავარს: თეთრიწყაროელ ეპისკოპოს ზინობსა (მაჟუგა) და ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს რომანოზს (პეტრიაშვილი). აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქმედება იყო მეტად უჩვეულო, არასწორი და უცნაურიც... საქართველოს ეკლესიაში მღვდელმთავრებს წოდებებს ანიჭებს მხოლოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
1972 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომმა მეთერთმეტე ადგილობრივმა კრებამ მიტროპოლიტი დავითი აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთეს მხოლოდ სარგვეშის არასრული სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. მას არ გააჩნდა უმაღლესი დიპლომირებული განათლება. უნდა აღინიშნოს მისი გამორჩეული დამოკიდებულება სამონაზვნო ღვაწლისადმი. უკვე კათოლიკოს-პატრიარქ დავითს როდესაც გარდაეცვალა ყოფილი მეუღლე, სამძიმარზეც არ მივიდა მოკრძალების გამო და პირად საუბრებში აღუნიშნავს, როდესაც ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, მაშინ წამოვედი მისგან და ახლა ვერ მივალო... თუმცა, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ, თავისი ყოფილი მეუღლის წესის ასაგებად მიავლინა მღვდელმთავარი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი).
ერთი ფაქტი 1977 წლის საპატრიარქო არჩევნებთან დაკავშირებით
1977 წლის ნოემბერში, მას შემდგომ, რაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე, საპატრიარქო ტახტზე არჩევისათვის სურვილი გამოთქვა ბათუმ-შემოქმედელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა რომანოზმა (პეტრიაშვილი), რომელიც იმ დროს ზუსტად 90 წლის გახლდათ (ის დაბადებული იყო 1887 წლის 1 (14) ოქტომბერს). მიტროპოლიტ რომანოზს როდესაც შეახსენეს მისი ღრმა ასაკი, ამის ფონზე, იმის დასამტკიცებლად, რომ სულაც არ იყო ფიზიკურად უძლურად, თვითმხილველთა გადმოცემით წვიმისაგან დამდგარი წყლის გუბეზე გადახტომა სცადა, რომელშიც ჩავარდა... 1977 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (შიოლაშვილი). 1978 წლის იანვარში მიტროპოლიტი რომანოზი წმიდა სინოდმა პენსიაზე გაუშვა.
2026 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს და აღასაყდრებს. ისტორია კვლავ გრძელდება და იწერება, მათ შორის ამჟამადაც, როდესაც არაერთი მიმართულებით მრავალი არაერთგვაროვნება უკვე გამოიხატა მიმდინარე პროცესში. ისტორიას მრავალ საუკეთესო თვისებათა შორის ერთ-ერთი მთავარი გააჩნია - ადრე თუ გვიან, მაგრამ ოდესმე უეჭველად და აუცილებლად სრულად გამორიყავს (წარმოაჩენს) სიმართლესა და რეალობას, როგორც წარსულის მატიანე და მომავლის მასწავლებელი.
ავტორი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.




