ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან პატივი მიაგო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
"4 ივნისს 37 წელი გავა მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ თავიანთ სამხედროებს ტიანანმენის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით მშვიდობიან დემონსტრანტზე თავდასხმა უბრძანა. ჩინელი სტუდენტები, მუშები და სხვა სამოქალაქო პირები, რომლებიც დაიღუპნენ, შეკრებილები იყვნენ, რათა თავიანთი ბუნებრივი უფლებებით ესარგებლათ და დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად კორუფციაზე პასუხისმგებლობა მოეთხოვათ. " – წერს რუბიო წლისთავამდე ერთი დღით ადრე გავრცელებულ განცხადებაში.
"ჩვენ გვახსოვს მათი ცხოვრება და პატივს მივაგებთ მათ მემკვიდრეობას. წარსულს ვერანაირი ცენზურა ვერ წაშლის. მოვა დრო, როცა ისინი, ვინც სიცოცხლე თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეუვალი უფლებების დასაცავად გაიღო, გამართლდებიან". – დაამატა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
1989 წლის 4 ივნისს ჩინელმა სამხედროებმა ტანკების გამოყენებით დაარბიეს დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე, აქციებს 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ.
დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტას, თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ვარაუდობენ, რომ 36 წლის წინ ამ დღეს ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი მოკლა.




