სომხეთი

ფაშინიანი 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას განიხილავს

ნიკოლ ფაშინიანი
mediamax

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ უარყო მის წინააღმდეგ წამოყენებული მოთხოვნები გადადგომის თაობაზე, თუმცა თქვა, რომ მზად არის განიხილოს 2021 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი.

"პრემიერმინისტრის პოსტის დათმობა მხოლოდ მაშინ შემეძლება, როდესაც ხალხი გადაწყვეტს ამას. თუ ხალხი ნდობას კიდევ ერთხელ დამიდასტურებს, მზად ვარ, გავაგრძელო სომხეთის ლიდერობა ამ რთულ დროს. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება". - თქვა მან.

ფაშინიანი ოპოზიციას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხზე კონსულტაციებში:

"ვიწვევ როგორც საპარლამენტო, ასევე დაინტერესებულ არასაპარლამენტო ძალებს, მიიღონ მონაწილეობა 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე კონსულტაციებში". - თქვა მან.

ფაშინიანი პრემიერმინისტრის პოსტზე 2018 წელს სომხეთში მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ დაინიშნა. მის გადადგომას 10 ნოემბერს რუსეთთან და აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის შეწყვეტაზე მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შემდეგ ითხოვენ. შეთანხმების შედეგად მთიანი ყარაბაღის რეგიონის ნაწილი, ისევე, როგორც მის გარშემო მდებარე შვიდი ოლქი აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ გადავიდა, ხოლო მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ.

16 პარტიისაგან შემდგარი კოალიცია სომხეთში ანტისამთავრობო აქციებს მართავს. მათ სურთ, ფაშინიანმა პოსტი დატოვოს და გარდამავალი პრემიერმინისტრი ვაზგენ მანუკიანი გახდეს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

კომენტარები