ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შეიარაღებულმა პირებმა UN-ის 3 მშვიდობისმყოფელი მოკლეს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაეროს სამშვიდობო ძალების 3 წევრი მოკლეს. დაჭრილია კიდევ 2. მოკლული სამშვიდობოები ბურუნდიდან იყვნენ.

ქვეყანაში ხვალ, 27 დეკემბერს საყოველთაო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამავე დროს კვლავ გრძელდება კონფლიქტი სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის. გასულ დღეებში ამბოხებულებმა შეძლეს ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქის დროებით დაკავება. მათ საბრძოლო მოქმედებები ერთი კვირის წინ დაიწყეს და დედაქალაქ ბანგიზე თავდასხმით დაიმუქრნენ, თუმცა სიტუაცია დროებით განიმუხტა საერთაშორისო ჩარევის შედეგად.

ამბოხებულთა კოალიციამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებიდან 3 დღეში დაარღვია, მას შემდეგ, რაც მთავრობის დასახმარებლად ქვეყანაში რუსეთიდან და რუანდიდან შეიარაღებული ძალები ჩავიდნენ.

მოქმედი პრეზიდენტი ფოსტენ არშანჟ ტუადერა მის წინამორბედს, ფრანსუა ბოზიზეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ბოზიზეს გაეროს სანქციები აქვს დაწესებული და საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ის ტუადერას ბრალდებებს უარყოფს.

ამბოხებულთა კოალიცია სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებისგან შედგება. ის 19 დეკემბერს ჩამოყალიბდა და მთავრობა არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. კოალიცია ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 2/3-ს აკონტროლებს.

მთავრობის დასახმარებლად ქვეყანაში რუანდიდან 300-კაციანი რაზმი ჩავიდა.

ფოსტენ არშანჟ ტუადერას მთავრობასთან სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება გააფორმა რუსეთმა. მათ ქვეყანაში 300-კაციანი კონტინგენტიც გაგზავნეს, რომელიც სამხედრო ინსტრუქტორებისგან შედგება.

მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას საეჭვოდ ხდის მიმდინარე კონფლიქტი და ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას კონტროლი აქვს დაკარგული ქვეყნის დიდ ნაწილზე. შედეგად, მოსალოდნელია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ შეძლებს.

კომენტარები