ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ბელარუსის ცესკო: პირველადი შედეგებით ლუკაშენკომ 80.2 % მიიღო, ტიხანოვსკაიამ - 9.9%

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა. 

ანა კანოპაცკაია — 1.68%, ანდრეი დმიტრიევი — 1.04%, სერგეი ჩერეჩენ — 1.13%.

ყველას წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 6.02%-მა მისცა. 

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 84,23%-მა მიიღო. 

ვითარება რადიკალურად განსხვავებულია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებზე, რომლებშიც სვეტლანა ტიხანოვსკაია 80-90%-ით, უპირობოდ იმარჯვებს. პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემები, რომლებშიც ასევე, დამაჯერებლად, ტიხანოვსკაია ლიდერობს. 

გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო. მალევე ქალაქების მთავარ მოედნებზე გამოჩნდნენ სამართალდამცავებიც, მათ გადაკეტეს მისასვლელი გზები. რამდენიმე ადგილას დაპირისპირება პოლიციასთან შეტაკებაშიც გადაიზარდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები დაშავდნენ, ნაწილი დაკავებულია. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ მუშაობს ბელარუსული ტელევიზიების ვებგვერდები.ინტერნეტის მუშაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა . სხვადასხვა ბელარუსული ოპოზიციური ინტერნეტ პორტალების ტელეგრამ არხებში ვრცელდება დემონსტრანტების დაკავებისა და პოლიციასთან შეტაკების კადრებიც.

საპროტესტო შეკრებები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში. 

უფრო მეტი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გაიგეთ აქ.

კომენტარები