ავღანეთი

ავღანეთის მთავრობა თალიბანის პატიმრების გათავისუფლებას აგრძელებს

REUTERS

ავღანეთის მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში დაჯგუფება თალიბანის წევრი პატიმრების გათავისუფლებას აგრძელებს.

თალიბანის წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე კვირას გაათავისუფლეს 200 პატიმარი. დაჯგუფებამ კი ავღანეთის შეიარაღებული ძალების წევრი 4 პატიმარი გაათავისუფლა.

ავღანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ პატიმრების გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ კატარში მოლაპარაკებები დაიწყება.

საფრანგეთმა და ავსტრალიამ ავღანეთის მთავრობას მოუწოდეს, ციხიდან არ გამოეშვათ ის პირები, რომლებიც მათი მოქალაქეების მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

ავღანეთში მიმდინარე მოლაპარაკებები თალიბანის პატიმრების გათავისუფლებაზე უთანხმოების გამო არაერთხელ შეყოვნდა. პატიმრების გათავისუფლება 19-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა იყო.

წლის დასაწყისში აშშ-მ და თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას, ხელმოწერის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. თალიბანის 5000 მებრძოლის გათავისუფლება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

მარტში ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმიმ თალიბანის წევრი 1 500 პატიმრის გათავისუფლების ბრძანება გასცა. სანაცვლოდ თალიბანი დათანხმდა, გაათავისუფლოს მთავრობის 1 000 ტყვედ ჩაგდებული ჯარისკაცი.

კომენტარები