ლიბანი

ლიბანის პრემიერმინისტრს ბეირუთის პორტში აფეთქების საქმეზე ბრალი წაუყენეს

ჰასან დიაბი

ლიბანის პრემიერმინისტრს, ჰასან დიაბს და სამ ყოფილ მინისტრს ბეირუთის პორტში აფეთქების საქმეზე ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის წაუყენეს. ბრალდების თანახმად, მაღალჩინოსნების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა.

მოსამართლე ფადი სავანი პრემიერმინისტრ დიაბს და სამ ყოფილ მინისტრს მომავალ კვირას დაკითხავს.

მოსამართლის მიერ წარდგენილ ბრალდებას პრემიერმინისტრის ოფისი გამოეხმაურა.

"პრემიერმინისტრის სინდისი სუფთაა. ის დარწმუნებულია, რომ მისი ხელები სუფთაა და ბეირუთის პორტში აფეთქებას პასუხისმგებლობით და გამჭვირვალედ უმკლავდებოდა." - წერია განცხადებაში.

ბეირუთის პორტის საწყობში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა - 200-ზე მეტი და დაშავდა 6500-ზე მეტი ადამიანი. 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც 2013 წელს ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს. ამონიუმის ნიტრატი სასუქის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ამავდროულად ძლიერი ფეთქებადი ნივთიერებაცაა. არსებული ვერსიით, ამონიუმის ნიტრატის აფეთქება მის სიახლოვეს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

აფეთქების შემდეგომ პერიოდში ჰასან დიაბის მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტი მოვალეობას ახალი კაბინეტის დანიშვნამდე ასრულებს. აფეთქების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამონიუმის ნიტრატის სასუქი პორტის საწყობში წესების დარღვევით 6 წელს ინახებოდა, რის შესახებაც სხვადასხვა ოფიციალური პირები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულები.

კომენტარები