რუსეთი

რუსეთში მიღებული ახალი კანონი რუსეთის კონსტიტუციას საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებს

kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა. ახალი კანონების შედეგად, რუსეთის კონსტიტუციას საერთაშორისო სამართალთან მიმართებით უზენაესობა მიენიჭა. ასევე, გაფართოვდა სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება, ხოლო სეპარატიზმი სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.

საკანონმდებლო ცვლილებები რუსულ კანონებს იმ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ნორმებზე მაღლა აყენებს, რომლებიც რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. უფლებადამცველების აზრით, ახალმა კანონმა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დააზარალოს რუსეთში მოსახლეობის უფლებები და თავისუფლებები.

რუსეთის ტერიტორიის ნაწილის გასხვისება და საჯაროდ ტერიტორიის დათმობისკენ მოწოდება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით გახდა დასჯადი. მიიჩნევა, რომ ე.წ "ტერიტორიული მთლიანობის" კანონი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ ეთანხმება და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კურილის კუნძულებზე რუსეთის იურისდიქციას. კურილის კუნძულები ტერიტორიული დავის საგანია რუსეთსა და იაპონიას შორის.

პუტინის დამტკიცებული ახალი კანონის ფარგლებში პრეზიდენტის მრჩეველი სახელმწიფო საბჭო საკონსტიტუციო სახელმწიფო ორგანო გახდა. მის მოვალეობაში შევიდა მთავრობის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა.

გაზაფხულზე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების გატარების შემოთავაზებამდე ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პუტინი ძალაუფლების სათავეში სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის რანგში დარჩებოდა. თუმცა ზაფხულში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს საპრეზიდენტო ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და 6 ან 12 წლით მართოს ქვეყანა.

კომენტარები