ბრექსითი

ჯონსონი: EU-სთან მივაღწიეთ კანადის სტილის შეთანხმებას ტარიფების და კვოტების გარეშე

ბორის ჯონსონი

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსითის შემდეგ ურთიერთობების რეგიულირებისათვის სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მათ ვერ მოახერხეს შეთანხმებისთვის მიეღწიათ დადგენილ ვადებში, თუმცა მოლაპარაკებები გააგრძელეს.

პრესკონფერენცია გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

"მივაღწიეთ წლიურად 660 მილიარდი ფუნტის ღირებულების შეთანხმებას. ეს არის კანადის სტილის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის. ეს შეთანხმება დაიცავს ამ ქვეყანაში არსებულ სამუშაო ადგილებს, საშუალებას მოგვცემს, აქ წარმოებული პროდუქცია ტარიფების და კვოტების გარეშე გავყიდოთ ევროკავშირის ბაზარზე. ეს შეთანხმება ჩვენს კომპანიებს და ექსპორტიორებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი ბიზნესი აწარმოონ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან". - თქვა მან.

ჯონსონმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა შეიცვლება პირველი იანვრიდან, როდესაც დასრულდება გარდამავალი პერიოდი და დღეს მიღწეული შეთანხმება ძალაში შევა:

"ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი ჩვენს კანონებზე, რეგულაციებსა და ბედზე. პირველი იანვრიდან დავტოვებთ საბაჟო კავშირს და ერთიან ბაზარს. ბრიტანულ კანონებს მხოლოდ მისი პარლამენტი მიიღებს. მის ინტერპრეტაციას მხოლოდ ბრიტანელი მოსამართლეები მოახდენენ ბრიტანეთის სასამართლოებში და ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქცია დასრულდება."

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შეთანხმებას 30 იანვარს უყრის კენჭს.

შეთანხმების სრული ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ჯონსონის განცხადებამდე პრესკონფერენცია გამართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მან თქვა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ისეთ სადავო საკითხებზე, როგორიცაა თევზაობა, ბიზნესის კონკურენციის წესები და შეთანხმების პირობების შესრულების ზედამხედველობა:

"კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ. სამართლიანია, დაბალანსებული და ორივე მხარის მხრიდან სწორი და პასუხისმგებლობით აღვსილი ნაბიჯია. წარმოგიდგენთ სამ მაგალითს: ჩვენს საერთო ბაზარზე კონკურენცია სამართლიანი იქნება. პატივს ვცემთ ევროკავშირის კანონებს და სტანდარტებს. თუ სამართლიანი კონკურენცია დაირღვევა, გვაქვს შესაბამისი ინსტრუმენტები რეაგირებისათვის. მეორე საკითხია, რომ დიდ ბრიტანეთთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა სფეროში, რომელიც ორივე მხარის ინტერესებშია, მაგალითად, კლიმატის ცვლილების, ენერგოუსაფრთხოების და ტრანსპორტისა. ერთად კვლავ უფრო მეტს ვაღწევთ, ვიდრე ცალ-ცალკე. მესამე საკითხია, რომ მივაღწიეთ 5.5 წლით გაწერილ გეგმას ჩვენი მეთევზეებისათვის". - თქვა მან.

სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად მიმდინარე წლის 31 იანვარს დატოვა. ბრექსითის რეფერენდუმი 2016 წელს ჩატარდა, რასაც მოლაპარაკებების ხანგრძლივი პერიოდი მოჰყვა. 2019 წელს მთავრობაში პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მოსვლის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. 2020 წლის იანვარში ამ შეთანხმებას მხარი დაუჭირა როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, ასევე ევროპარლამენტმა. 2020 წლის ბოლომდე გარდამავალი პერიოდი გამოცხადდა. მხარეებს შორის მიღწეულ სავაჭრო შეთანხმებას ძალაში შესვლამდე მხარი უნდა დაუჭიროს როგორ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა, ასევე ევროპარლამენტმა.

კომენტარები