საფრანგეთი

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტმა სეკულარული ფასეულობების დაცვის კანონს მხარი დაუჭირა

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიზანიც რადიკალიზმთან ბრძოლა და სეკულარული ღირებულებების დაცვაა. კაბინეტის მხარდაჭერის შემდეგ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.

  • კანონი ამკაცრებს შეზღუდვებს ონლაინ სიძულვილის ენაზე და კრძალავს ინტერნეტის გამოყენებას სხვა ადამიანების პირადი ინფორმაციის ბოროტი განზრახვით გავრცელებას.
  • კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია რეგულაციების გამკაცრება ბავშვებისათვის სკოლის გარეთ განათლების მიცემაზე. აიკრძალება საიდუმლო სკოლები, რომლებიც ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელებას ემსახურება.
  • გამკაცრდება აკრძალვა პოლიგამიაზე. მსგავს აპლიკანტებს საფრანგეთში ცხოვრების უფლებას არ მისცემენ.
  • ექიმებს, რომლებიც ქალიშვილობის ტესტს ჩაატარებენ ჯარიმა ან პატიმრობა დაემუქრებათ.
  • ქორწინებისას ოფიციალური დოკუმენტის გაცემამდე წყვილს ცალ-ცალკე ინტერვიუს ჩაუტარებენ, რათა აღიკვეთოს იძულებით ქორწინების შემთხვევები.
  • კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ამოქმედდება ახალი წესები მუსლიმური ასოციაციების დაფინანსების გამჭვირვალობაზე.
  • აკრძალვა, რომელიც მოქმედებს ოფიციალურ პირებზე და მათ სამსახურში რელიგიური ატრიბუტებით გამოცხადებას უკრძალავს გავრცელდება ტრანსპორტის, მაღაზიების და საცურაო აუზების თანამშრომლებზე.

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კანონი მუსლიმების წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ეს კანონი მუსლიმებს რადიკალების ზეწოლისაგან დაიცავს. ის ირწმუნება, რომ კანონი მიმართული არ არის რელიგიების, კონკრეტულად კი ისლამის წინააღმდეგ.

კანონს თავდაპირველად ერქვა "ანტისეპარატისტული" კანონი. ამ ტერმინს მაკრონი იმის აღანიშნავად იყენებდა, რომ რადიკალი ისლამისტები საზოგადოებისგან განდგომას ცდილობდნენ. კრიტიკის შემდეგ სახელი შეცვალეს და ახლა მას ჰქვია "კანონი რესპუბლიკური ღირებულებების გასაძლიერებლად", რაშიც სეკულარიზმი და გამოხატვის თავისუფლება მოიაზრება.

კანონი რამდენიმე თვეა არსებობს, თუმცა ის დღის წესრიგში განსაკუთრებით მას შემდეგ დადგა, რაც 17 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

29 ოქტომბერს კი ტუნისელი კაცი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ პირებს დანით დაესხა თავს და 3 ადამიანი მოკლა.

კომენტარები