რუსეთი

ვლადიმირ პუტინის 20-წლიანი მმართველობა — რეჟიმის ისტორია ფოტოებში

გუშინ, პირველ ივლისს რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ძირითადი დღე იყო. რუსეთის ცესკოს მონაცემებით, სხვა ცვლილებებთან ერთად, ვლადიმერ პუტინისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულებას მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა. ვლადიმერ პუტინი კი შეეძლება პრეზიდენტობა 83 წლის ასაკამდე გაიხანგრძლივოს.

1999 წელს მსოფლიო დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა. ამ დროში შეიცვალა გლობალური წესრიგი, ადამიანების ცხოვრების წესი, აღარ არსებობს პეიჯერები, აღარ არსებობს იუგოსლავია, თუმცა არის რაღაცები, რაც არ შეცვლილა.
 

1999 წლის 9 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პრემიერმინისტრის პოსტზე ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ვლადიმირ პუტინი წარადგინა. იმ დღიდან მოყოლებული, რუსეთში ვლადიმირ პუტინის ერთპიროვნული და უწყვეტი მმართველობა გრძელდება.

საბჭოთა კაგებეს ჯაშუშობიდან სანქტ-პეტერბურგის ვიცემერობამდე, აქედან - უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსობამდე და ქვეყნის უპირობო ლიდერობამდე პუტინის კარიერა მართლაც შთამბეჭდავია. 

2000 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმათა 52%-ით გაიმარჯვა. ეს იქნება პუტინის ყველაზე დაბალი შედეგი შემდეგი ოთხი საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში. 1999 ან 2000 წლის ზაფხულში ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ პუტინი ქვეყნის სათავეში 20 წლით დარჩებოდა და უკან ჩამოიტოვებდა ლეონიდ ბრეჟნევის რეკორდს.

KGB და პირველი ნაბიჯები

33 წლის ვლადიმერ პუტინი მშობლებთან ერთად, მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში, 1985 წელი
ფოტო: flickr

ლენინგრადის ანდრეი ჟდანოვის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვლადიმირ პუტინი საბჭოთა სუკ-ის თანამშრომელი გახდა. ამ ორგანიზაციაში პუტინმა 15 წელს იმუშავა, მათ შორის 6 წელს - საგარეო დაზვერვის აგენტად აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დრეზდენში. ინტერვიუებში პუტინს მრავალჯერ უთქვამს, რომ სუკ-ში მუშაობამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა და საკვანძო გამოცდილება შესძინა.

პუტინის ჯაშუშური, 15-წლიანი კარიერა ვიცეპოლკოვნიკის წოდებით 1991 წლის 20 აგვისტოს დასრულდა. სუკიდან წამოსვლის შემდეგ პუტინი ცოტა ხნით ალმა-მატერის პრორექტორი გახდა, თუმცა მალევე გადაინაცვლა საჯარო სამსახურში. 1991-1996 წლებში პუტინი სანქტ-პეტერბურგის მერიის საგარეო კავშირების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამ დროს ქალაქის მერის პოსტს პუტინის დიდი ხნის ნაცნობი და უფროსი მეგობარი, ანატოლი სობჩაკი იკავებდა.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

1991 წლის აგვისტო, სანქტ-პეტერბურგის მერიის საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიინსკი თეატრში
ფოტო: ТАСС

კითხვები პუტინის საქმიანობასთან დაკავშირებით მისი საჯარო კარიერის დასაწყისშიც აქტუალური იყო. პეტერბურგის მერიაში მუშაობის პერიოდში არაერთი ჩინოვნიკი ჰყვებოდა პუტინის მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში. 

ამ პერიოდში სანქტ-პეტერბურგი შიმშილის პირას იდგა. სწორედ ამ დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ქალაქში არსებული წიაღისეული ნედლეული გადაეცვალათ სურსათზე. ამ სქემის სათავეში კი, სწორედ პუტინის კომიტეტი იდგა. საქმე ისაა, რომ ძვირადღირებული ნედლეულის სანაცვლოდ ქალაქში შესული სურსათი არავის უნახავს. სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და მითვისების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა დროთა განმავლობაში, საქმეში პუტინის წინაღმდეგ ჩართულმა ადამიანებმა თანამდებობები დაკარგეს. 

1996 წელს პეტერბურგის მერის არჩევნებში ანატოლი სობჩაკი სასტიკად დამარცხდა და პუტინიც ცოტა ხანი უსამსახუროდ დარჩა. თუმცა, რამდენიმე თვეში იგი სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მმართველის პოსტი დაიკავა.

აღზევება

1999 წლის აგვისტო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფრო ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, ფოტო გადაღებულია პუტინის გაპრემიერებამდე რამდენიმე დღით ადრე
ფოტო: Sergei Velichkin, Vladimir Rodionov / TASS

1999 წლის 9 აგვისტოს პუტინის პრემიერად დასახელების მომენტში, რუსეთის მოსახლეობის 70%-მა არ იცოდა, ვინ იყო ვლადიმირ პუტინი. გაპრემიერებიდან რამდენიმე თვეში კიდევ უფრო მოულოდნელი რამ მოხდა - 1999 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვაში ბორის ელცინმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმირ პუტინი დაასახელა.

დეკემბრიდან ივნისამდე მონაკვეთში პუტინის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა, შედეგად თავის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 52,7%-ით გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ რუსეთში აქტიურად საუბრობდნენ დარღვევებსა და გაყალბებაზე, თუმცა საბოლოოდ არჩევნები დემოკრატიულად იქნა აღიარებული.

ჩეჩნეთი და პუტინის იმიჯი

"რუსული ავიაცია მხოლოდ ტერორისტულ ბაზებს ბომბავს, ჩვენ ტერორისტებს ყველგან ავედევნებით, აეროპორტში? აეროპორტში, ბოდიშის მოხდით თუ კი ტუალეტში შევასწრებთ იქვე ჩავაძაღლებთ, საკითხი დახურულია საბოლოოდ" 1999 წლის 24 სექტემბერი.
ფოტო: Screenshot ORT

1999 წელს, რუსეთში ჯერ კიდევ გადაუჭრელი იყო ჩეჩნეთის პრობლემა. სექტემბერში ბუინაკსკში, მოსკოვში, ვოლგოდონსკში სახლების აფეთქებას 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქტების ორგანიზატორად ვლადიმირ პუტინმა ჩეჩენი აჯანყებულები დაასახელა. აფეთქებები მოგვიანებით ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყების საბაბი გახდა.

ამბოხებული რესპუბლიკის დამორჩილების ოპერაციაში საკვანძო ფიგურა სწორედ ვლადიმირ პუტინი გახდა. ავადმყოფი და უძლური ბორის ელცინის ფონზე პუტინი ახალგაზრდა, იმედის მომცემ, მკაცრ და ბრძოლისუნარიან პოლიტიკოსად აღიქმებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ფსონი პუტინის მკაცრი, ახალგაზრდა, მამაცი ლიდერის იმიჯზე გაკეთდა.

მოგვიანებით, საცხოვრებელი სახლების აფეთქება კვლავაც აქტუალური გახდა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ინფორმაციით, სახლები რუსეთში უსაფრთხოების სამსახურმა ააფეთქა, რათა ჩეჩნეთის მეორე კამპანიისთვის საბაბი ჰქონოდა. პუტინის ბრძანებითა და უშუალო ჩართულობით ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლეს, რის შედეგადაც, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მძიმე დასაწყისი

2000 წელი, მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო სწავლებებზე ბარენცის ზღვაში
ფოტო: AFP/Getty Images

ატომური წყალქვეშა ნავის, კურსკის კატასტროფა, პრეზიდენტის რანგში პუტინის პირველ სერიოზულ გამოცდად იქცა. ბარენცის ზღვაში ტაქტიკური სწავლების დროს, წყალქვეშა ნავის ბორტზე რამდენიმე რაკეტა და საბრძოლო ტორპედო აფეთქდა, რამაც ხომალდის კატასტროფა გამოიწვია. 

კატასტროფის შესახებ მალევე გახდა ცნობილი და სხვადასხვა ქვეყანა რუსეთს სამაშველო ოპერაციაში დახმარებას სთავაზობდა, თუმცა, დახმარებაზე რუსეთმა უარი თქვა. კატასტროფის მომენტში ვლადიმირ პუტინი შვებულებაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის ადგილზე, მურმანსკში იგი ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა. ამ დროისთვის ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაღუპული იყო. 

55 დაღუპული სამხედროს ადვოკატი ბორის კუზნეცოვი ამბობდა, რომ კურსკის ტრაგედია იყო პუტინის პირველი მასობრივი ტყუილი. "კურსკის ჩაძირვის შემდეგ, ხმაურიანი პროცესის დასაწყნარებლად რუსეთის ხელისუფლებამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და მედიის გაჩუმება სცადა". კუზნეცოვის თქმით, სწორედ კურსკის ტრაგედიიდან დაიწყო რუსეთში დემოკრატიის შესუსტების პროცესი.

ნორდ-ოსტი

თეატრში დატყვევებული მოქალაქეების ოჯახის წევრები ბანერით "არა შტურმს" ტყვეობის მეორე დღე 2002 წლის 24 ოქომბერი
ფოტო: Credit: Reuters file photo
 

2002 წლის 23 ოქტომბერს ჩრდილო კავკასიელმა ბოევიკებმა, დუბროვკაზე მდებარე თეატრი აიღეს. ამ დროს თეატრში მიუზიკლი ნორდ-ოსტი მიმდინარეობდა. ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდა 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ბოევიკების მთავარი მოთხოვნა ჩეჩნეთში სამხედრო კამპანიის შეწყვეტა და ჩეჩნეთიდან რუსეთის ფედერალური ჯარის გაყვანა იყო.

სამი დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს, პუტინის გადაწყვეტილებით, თეატრის შტურმი დაიწყო. შტურმის დაწყებამდე შენობაში, სადაც ტერორისტები და ტყვეები იმყოფებოდნენ სამართალდამცავებმა მომწამვლელი გაზი გაუშვეს. ოპერაციის მსვლელობისას 130 მძევალი დაიღუპა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მომწამვლელი გაზის ზემოქმედებას ემსხვერპლა. 

2011 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 64 დაღუპული მძევლის სასარგებლოდ, რუსეთის მთავრობას 1 მილიონი ევროს კომპენსაცია დააკისრა. ასევე, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომლის მიხედვითაც, სამაშველო ოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი. რუსეთის ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ მძევლები მომწამვლელი გაზის ზემოქმედებით დაიღუპნენ.

დადუმებული დემოკრატია

რუსეთში მოკლული კრემლის კრიტიკოსის, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალი
ფოტო: РИА НОВОСТИ/Сергей Савостьянов

2000 წლიდან დღემდე რუსეთში საკუთარ პროფესიას 20 ჟურნალისტი შეეწირა. უკლებლივ თითოეული მათგანი ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი იყო. დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების მცდელობები რუსეთში პუტინის გაპრეზიდენტებიდან მალევე დაიწყო. სხვადასხვა მეთოდით, მოსყიდვით, დაშინებით, მფლობელების თუ ჟურნალისტების დაპატიმრებით, რუსეთში მედიაგარემო წლიდან წლამდე უარესდებოდა.

კრიტიკულად მცირდებოდა დამოუკიდებელი და კრიტიკული გამოცემებისა და ტელევიზიების რაოდენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება პუტინმა 2003 წლის გაზაფხულზე მოიპოვა, როდესაც ოლიგარქ გუსინკის საკუთრებაში არსებული ოპოზიციური მედია გიგანტი НТВ გაზპრომის საკუთრებაში გადავიდა. შეტევა თავისუფალი სიტყვაზე რუსეთში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. არ არსებობს არც ერთი არასახელისუფლებო ნაციონალური მაუწყებელი.

სახელმწიფო რუსეთის მედიაბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ფედერალური ტელევიზიები და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები გადაქცეულია რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმირ პუტინის პროპაგანდის იარაღად.

ბესლანი

ტყვეობიდან გათავისუფლებული ბესლანელი სკოლის მოსწავლეები
ფოტო: rferl.org

2004 წლის პირველ სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის პირველ საჯარო სკოლაში ჩეჩენი ტერორისტები შეიჭრნენ. შემდეგი ორი დღის მანძილზე, ტერორისტების ტყვეობაში 1000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. მძევლების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი შამილ ბასაევი იყო, ტერორისტები ითხოვდნენ, ჩეჩნეთიდან გასულიყო რუსეთის სამთავრობო არმია და რუსეთს ეღიარებინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა.

ორდღიანი ლოდინისა და შეუმდგარი მოლაპარაკაბების შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებით სკოლის შტურმი დაიწყო. ოპერაციის შედეგად, ცოცხლად აიყვანეს მხოლოდ ერთი ტერორისტი. ოპერაციის მსვლელობისას სულ 334 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 186 - ბავშვი. დამოუკიდებელი გამოძიების აზრით, გარდაცვლილი ტყვეების არანორმალურად დიდი რიცხვი სამართალდამცავების არასწორი მოქმედებებით იყო განპირობებული. იგივე განაჩენი გამოიტანა ევროპულმა სასამართლომაც, თუმცა რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ბრალეულობას დღემდე უარყოფს.

უმსხვილესი გეოპოლიტიკური კატასტროფა

ვლადიმერ პუტინი ციმბირის ქალაქ კემეროვოში ძიუდოისტ ბავშვთან ერთად
ფოტო: Str / AFP / Getty Images

2005 წლის 25 აპრილს, თავის ყოველწლიურ მიმართვაში დუმის მიმართ, პუტინმა საბჭოთა კავშირის ნგრევა საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად შეაფასა. ამ სიტყვებმა მთელი რუსეთისა და მსოფლიოს მასშტაბით, ახალი დისკუსიები წარმოშვა. ვლადიმირ პუტინის ეს გამოსვლა რუსეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების პირველი ნიშანი გახდა. 

პუტინის ამ სიტყვით გამოიკვეთა მისი ხედვა იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს რუსეთი და რა არის მისი გავლენის სფერო. მანამდე პუტინსა და დასავლელ ლიდერებს შორის არსებულ თითქოსდა კონსტრუქციულ ურთიერთობებში პუტინის სიტყვებმა გაურკვევლობა და დაძაბულობა შემოიტანა. ამ სიტყვიდან ერთი თვის შემდეგ, ინგლისურენოვანი მაუწყებლობა დაიწყო სახელმწიფო არხმა, Russia Today-მ. ტელევიზიის დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ერთერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ტელევიზია ორიენტირებული იქნება, გააშუქოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის პერსპექტივიდან.

შემობრუნების წერტილი - მიუნხენი

ვლადიმერ პუტინი გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე მიუნხენში, 2007 წლის 10 თებერვალი
ფოტო: Kremlin.ru
 

2007 წლის 10 თებერვალს, მიუნხენის გლობალურ უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინის სიტყვა ჭეშმარიტ მოულოდნელობად იქცა როგორც დასავლელი პოლიტიკოსებისთვის, ასევე, მსოფლიო საზოგადოებისთვისაც.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და მსოფლიოში ტერორისტული აქტების გახშირების ფონზე, რუსეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის ახალი სივრცე გაჩნდა, რის შედეგადაც, პუტინის მმართველობის პირველ წლებში დასავლეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორების განწყობა არსებობდა. ეს ვითარება სწორედ 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენში შეიცვალა.

ამ დღეს პუტინმა გააკრიტიკა ერთპოლუსიანი სამყაროს იდეა. დიდი დრო დაეთმო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კრიტიკას. ასევე, პირველი მწვავე დაპირსპირების კერა გაჩნდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან. პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში და განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და რუსეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ალიანსის ჯარის გამოჩენას.

სწორედ ეს დღე ითვლება რუსეთის საგარეო პოზიციონირების შეუქცევადი ცვლილების დასაწყისად.

გადართვა

ვლადიმერ პუტინი დიდი რვიანის სამიტზე გერმანიასი 2007 წელი
ფოტო: Andreas Rentz / Getty Images

ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტის ოფისიდან პრემიერმინისტრის ოფისში გადაინაცვლა. საქმე ისაა, ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსეთის კონსტიტუციით პუტინს აღარ შეეძლო ზედიზედ მესამედ ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

რუსეთის ახალი პრეზიდენტი პუტინის დიდი ხნის მეგობარი დმიტრი მედვედევი გახდა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მმართველის ფორმალური ცვლილების სცენარი დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა და საბოლოოდ, ფასადური ცვლილება წარმატებით განხორციელდა. დმიტრი მედვედევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 70%-ით გაიმარჯვა, თუმცა იმავე წელს რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 60% ქვეყნის რეალურ მმართველად ვლადიმირ პუტინს ასახელებდა.

07.08.2008 საქართველო 

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ახალი შტაბის გახნსაზე 2007 წელი
ფოტო: Dmitry Astakhov/AFP/Getty Images

2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ერთერთ პირველ ცხელ კერად იქცა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური საგარეო კურსი და ქვეყნის სწრაფვა ნატოსკენ, რუსეთისთვის მიუღებელი იყო. საქართველოს და რუსეთს შორის პოლიტიკური ვითარება 2005 წელს დაიძაბა. 2006 წელს რუსეთმა საქართველო ერთგვარ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია. 

რუსეთში აიკრძალა ქართული პროდუქციის იმპორტი, დროის მოკლე მონაკვეთში 100%-ით გაიზარდა რუსული გაზის ტარიფი საქართველოსთვის, შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა,  ყველაფერი რუსეთიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დასრულდა.

2008 წლის გაზაფხულზე რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამავე პერიოდში რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა და გაზარდა რუსული ჯარის კონტიგენტი როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე, აფხაზეთშიც. 

საბოლოოდ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი ღია სამხედრო აგრესიაზე გადავიდა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ, 12 აგვისტოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად საომარი მოქმედებები შეწყდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა. 

"მონა გალიორკაზე" და მისი პირველი დეკადა

2009 წელი პუტინი ახალი აგრო მეურნეობის კომპლექსის გახსნაზე
ფოტო: Alexey Druzhinin/AFP/Getty Images

"მთელი ეს წლები მე ვმუშაობდი როგორც მონა გალიორკაზე და ამას ვაკეთებდი სრული შემართებით", — ეს სიტყვები პუტინმა 2011 წელს, მოსახლეობასთან პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის დროს წარმოთქვა. იმავე წელს გამოვიდა რუსი ოპოზიციონერების, ბორის ნემცოვისა და ვლადიმირ მილოვის მიერ მომზადებული კვლევა სახელწოდებით - გალიორკის მონის ცხოვრება.

კვლევაში განხილული იყო პუტინის პირად საკუთრებაში არსებული ძვირფასი საგნები, იახტებიდან, ძვირფასი საათების კოლექციამდე. კვლევის მიხედვით, პუტინი მისი ქონებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი "მონა" გამოდიოდა.

იმავე წელს გამოვიდა იგივე ავტორების კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პუტინის მმართველობის პირველ დეკადას ეძღვნებოდა. კვლევის შედეგებით, პუტინის მმართველობის პირველ 10 წელში გაიზარდა კორუფციის დონე და ამგვარი გარიგებების მოცულობა, ამ წლებში ყოველწლიურად, საშუალოდ ნახევარი მილიონით მცირდებოდა რუსეთის მოსახლეობა, იზრდებოდა დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე და უთანასწორობის დონე.

"ჩვენ უკვე ვიცით პასუხი კითხვაზე - ვინ არის პუტინი. პუტინი - ეს არის კორუფცია, ცენზურა, ეს არის დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე, სოციალური უთანასწორობა და დეპოპულაცია", — ეს სიტყვები ბორის ნემცოვს ეკუთვნის. 2015 წლის 27 თებერვალს კრემლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ბორის ნემცოვი მოკლეს.

მეორედ მოსვლა და პროტესტი

ვლადიმერ პუტინი შვებულებაში 2009 წელი ციმბირის ოლქის ქალაქი კიზილი
ფოტო: Alexey Druzhinin/AFP/Getty Images

2012 წელს ძალაუფლების ფასადური ცვლილების კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, დმიტრი მედვედევმა პრემიერის პოსტი დაიკავა, ხოლო ვლადიმირ პუტინი კვლავ პრეზიდენტის ოფისს დაუბრუნდა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რუსეთის დიდი ქალაქები პროტესტის ტალღამ მოიცვა. 

დემონსტრანტები საპარლამენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ამავდროულად, 4 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა საპრეზიდენტო ვადის ხანგრძლივობა. 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლამდე საპროტესტო აქციებმა რუსეთში პერმანენტული ხასიათი მიიღო. 

საბოლოოდ, პროტესტის ტალღა მომიტინგეთა მასობრივი დაჭერებით და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებით დასრულდა.

სოჭის ოლიმპიადა

ვლადიმერ პუტინი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე
ფოტო: Stanislav Krasilnikov / TASS

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას რუსეთისთვის და პირადად ვლადიმირ პუტინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ ღონისძიების ჩატარებით პუტინს რუსეთის, სტაბილური, თანამედროვე და მიმზიდველი ქვეყნის იმიჯის გამყარება სურდა. 

გარკვეული თვალსაზრისით სოჭის ოლიმპიადა უნიკალურ ღონისძიებად იქცა. პროექტზე 51 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რამაც სოჭის ოლიმპიადა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ღონისძიებად აქცია. სხვადასხვა მონაცემით, ამ თანხიდან დაახლოებით 25 მილიარდი გაიფლანგა. თემაზე ჩატარებული სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, 25-30 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უბრალოდ მოიპარეს. 

ოლიმპიური თამაშების მეშვეობით, ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ შეეცადა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მოდუნებას და სწორედ ამ დროს დაიწყო ყირიმის ანექსიაც.

ყირიმის ანექსია
ვლადიმერ პუტინი სამხედრო-საზღვაო სწავლებებზე არქტიკულ ზღვაში
ფოტო: Reuters
 

სოჭის ოლიმპიადის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყირიმში მწვანე უნიფორმიანი, ყოველგვარი ამომცნობი ნიშნების გარეშე, რამდენიმე ათასი შეიარაღებული პირი გამოჩნდა. "მწვანე კაცუნებმა" რამდენიმე დღეში დაიკავეს ყირიმისა და სევასტოპოლის ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა.

უცნობი შეიარაღებული პირების ყირიმში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, ყირიმში საერთო ნაციონალური რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმზე მოსახლეობას უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, სურდა თუ არა ყირიმის დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში. 2014 წლის 16 მარტს რეფერენდუმის შედეგით ყირიმი უკრაინას გამოეყო. ამავე დღეს ვლადიმირ პუტინმა დუმას მიმართა. მან რეფერენდუმის შედეგების რატიფიცირება და რუსეთის შემადგენლობაში ორი ახალი სუბიექტის, ყირიმის ოლქისა და ქალაქ სევასტოპოლის მიღების განკარგულება გამოსცა. 

ყირიმის ანექსიამ, ბუდაპეშტის მემორანდუმის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევამ, უკიდურესად გაამწვავა ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის. ყირიმის ანექსიიდან მალევე, დაიწყო საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებმა სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დროიდან დღემდე საომარ მოქმედებებს უკრაინაში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

სირია 

ვლადიმერ პუტინი ლადოგის ტბაზე ერთ-ერთი მართმადიდებლურ მონასტერში ვიზიტის დროს
ფოტო: AP Photo/RIA-Novosti, Alexei Druzhinin

2015 წელს რუსეთი სირიაში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში ჩაერთო. პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირების ცნობით, კონფლიქტში რუსეთის ჩართვის მთავარი მიზეზი და მიზანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს განადგურება იყო. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები, ძირითადად, ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნებას და მის მოწინააღმდეგეების განადგურებას ცდილობდნენ.

რეგიონულ მოთამაშეებთან პერიოდული დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთმა შეძლო ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნება და რეგიონში საკუთარი გავლენის სფეროს გაზრდაც.

პუტინი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში

ჟურნალ TIME-ის, 2017 წლის მარტის ნომრის ყდა, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას ეხება
ფოტო: TIME

რუსეთის მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თემაზე ჩატარებული გამოძიების მიხედვით ბრალი წარედგინა რუსეთის 10-ზე მეტ მოქალაქეს. დადგინდა, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო და კიბერსამსახურები აქტიურად მუშაობდნენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციაზე. 

ამავე გამოძიებით დადგინდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რამდენიმე წევრის კავშირები ინდივიდებთან, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო სამსახურებთან და ვლადიმირ პუტინის გარემოცვასთან. თავის მხრივ, რუსეთი დღემდე უარყოფს რამენაირი ფორმით ჩარევას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში.

დიდი ფეხბურთი რუსეთში

ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე
ფოტო: EMPICS Sport

ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად რუსეთის დასახელებას მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რუსეთის მთავარი კონკურენტი ყველაზე დიდი სპორტული შეჯიბრის მასპინძლობისთვის დიდი ბრიტანეთი იყო. ყოველ ასპექტში ფეხბურთის სამშობლოს უპირატესობის მიუხედავად, ზეფ ბლატერის ხელმძღვანელობით, FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რუსეთს მიანიჭა. მოგვიანებით ზეფ ბლატერი არაერთ კორუფციულ გარიგებაში იქნა მხილებული, მან საბოლოოდ თანამდებობაც დატოვა.

რუსეთში ჩატარებული მსოფლიო თასი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ჩემპიონატად იქცა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო თასის ჩასატარებლად რუსეთში 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. 

თუმცა, ამ დიდ ხარჯს რუსეთისთვის დადებითი ეფექტიც ქონდა. ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შეფასებით, რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში საუკეთესო იყო. საინტერესოდ შეაფასა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი BBC-ის ჟურნალისტმა, სტივენ როზენბერგმა: "მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში რუსეთი წარმოჩნდა როგორც მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანა, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ავტორიტარული იმიჯთან, მსოფლიო თასზე ჩამოსული ყველა გულშემატკივარი სასიამოვნოდ გაოცებულია."

ჯერჯერობით ბოლო, მეოთხე საპრეზიდენტო ვადა 

ვლადიმერ პუტინი შვებულებაში, სამხრეთ ციმბირი 2018 წელი
ფოტო: Alexey Nikolsky/AFP/Getty Images

2018 წლის მარტში ვლადიმირ პუტინმა მეოთხედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მის წინაშე ერთპიროვნული მმართველობის კიდევ 6 წელია, თუმცა ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე ახალი პრობლემები გაჩნდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთზე დაკისრებულმა საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად შეაფარხა რუსეთის ეკონომიკური ზრდა, რის შედეგედაც საგრძნობლად შემცირდა პუტინის რეიტინგი. 

2019 წლის ზაფხულში, პუტინის რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. მოსკოვის საკრებულოს არჩევნების ფონზე წარმოიშვა მძლავრი საპროტესტო ტალღა. დემონსტრანტების დიდი ნაწილი 20 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ, ანუ ის ხალხი, ვისაც, პუტინის რეჟიმის გარდა, სხვა ფორმაციის რუსეთში არც უცხოვრია. 

განულება 

2020 წლის 15 იანვარს სატელევიზიო მიმართვის დროს, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც იმ დღესვე რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა. მალევე ნათელი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაუფლების მორიგი ტრანსფერისთვის იყო საჭირო, თუმცა საწყის ეტაპზე უცნობი იყო, თუ რა პოსტს დაიკავებდა უმაღლესი ლიდერი. 

დილემა საბოლოოდ, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით გადაწყდა. დუმაში პუტინის ვიზიტის დროს, ტერეშკოვა პრეზიდენტისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების წინადადებით გამოვიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა დუმამ და კონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომაც. 

საბოლოოდ, პუტინისთვის ვადების განულება სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან სარეფერენდუმო პაკეტში შევიდა. კენჭისყრის დღედ თავდაპირველად 22 აპრილი დაინიშნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თარიღმა ჯერ გადაიწია, შეიცვალა ხმის მიცემის ფორმატიც. 

საბოლოოდ, ოფიციალური მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა მხარი, ამგვარად ვლადიმერ პუტინს კიდევ ორჯერ შეეძლება პრეზიდენტობა. 

რუსეთში მმართველობის ხანგრძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით დაუძლეველია იოსებ სტალინის 27-წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდის გაუმჯობესებისთვის პუტინს მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა არ ეყოფა, უპირობო რეკორდსმენობისთვის კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება საჭირო.

კომენტარები