სირია

თურქეთი და რუსეთი იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

Pavel Golovkin/Pool / REUTERS

თურქეთი და რუსეთი სირიის პროვინცია იდლიბში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა მოსკოვში ხანგრძლივი საუბრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. 

"მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველი იქნება იმისათვის, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონაში სამხედრო ქმედებები შეწყდება და ეს შეთანხმება შეაჩერებს მშვიდობიანი მოსახლეობისა ტანჯვასა და მზარდ ჰუმანიტარულ კრიზისს," - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმება ძალაში გვიან ღამით შევა. 

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სირიელებს დახმარება მივაწოდოთ,"- თქვა ერდოღანმა და დაამატა, რომ თურქეთი იტოვებს უფლებას, სირიის რეჟიმის მხრიდან ადგილზე თავდასხმებს უპასუხოს. 

იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ ამბოხებულებს შორის შეტაკებები ამ შეთანხმების მიღწევამდე გრძელდებოდა. სწორედ ამ საკითხის განსახილველად შეხვდნენ მოსკოვში ერთმანეთს პუტინი და ერდოღანი. 

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაზე თავდასხმას რუსეთისა და ირანის მხარდაჭრით აგრძელებს. ასადის ძალების თავდასხმების გამო საცხოვრებლის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუხდა. თურქეთმა, რომელმაც გასულ წელს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონის შესაქმნელად და მიგრანტების დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, თქვა, რომ ქვეყანა მიგრანტების ახალ ტალღას ვერ გაუმკლავდება. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნები არასაკმარის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მიგრანტებს საზღვრები გაუხსნა ევროპის ქვეყნებში გადასასვლელად. შედეგად, საბერძნეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლას ცდილობს, რასაც სასაზღვრო დაცვასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

კომენტარები