ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

მალხაზ სონღულაშვილი: ბელარუსის თავისუფლება

Malkhaz Songulashvili

მას შემდეგ რაც 2006 წლის 20 მარტს, მე, მამა ბასილ კობახიძე და ლადო გოგიაშვილი საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით დაგვაპატიმრეს მინსკში და ბელორუსიდან დეპორტაცია გაგვიკეთეს, უცაბედად შევამჩნიეთ, რომ  საბჭოთა და კომუნისტურ სიმღერებს ვმღეროდით. გაოგნებულები ვიყავით, რომ ორი დღის გამავლობაში ვერ მოვახერხეთ ამ აკვიატებული მელოდიების თავიდან მოცილება. ჩანს, კგბ-სთან ურთიერთობამ ჩვენში საბჭოთა წარსულის გრძნობები და მოგონებები აღადგინა.

არის ერთი ძველი საბჭოთა ხუმრობა, რომელიც ალბათ უფრო კარგად ახსნის იმას, რისი თქმაც მინდა. ერთმა საბჭოთა დისიდენტმა იყიდა მოლაპარაკე თუთიყუში და ასწავლა მას შემდეგი სიტყვები: “ძირს სტალინი! ძირს კომუნისტური პარტია! ძირს საბჭოთა კავშირი!” რა თქმა უნდა საშიში იყო ვინმეს გაეგო ეს და ამიტომ როდესაც თუთიყუში ლაპარაკობდა პატრონი საგულდაგულოდ კეტავდა ყველა კარსა და ფანჯარას. ერთხელ დისიდენტი მივლინებაში წავიდა და გადაწყვიტა ფრინველი მაცივარში ჩაეკეტა, რათა მეზობლებს არ გაეგონათ მისი ანტისაბჭოთა ლოზუნგები. ორი კვირის შემდეგ ის დაბრუნდა მივლინებიდან და როდესაც საბრალო ფრინველი მაცივრიდან გამოიყვანა, მან მაშინვე დაიწყო ყვირილი: “გაუმარჯოს სტალინს! გაუმარჯოს კომუნისტურ პარტიას! გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს! დაბნეულმა დისიდენტმა შეხედა თუთიყუშს და თქვა, ‘უცნაურია, როგორ შეიძლება ორი კვირის ციმბირში გატარებამ ყველაფერი შეცვალოს!”

ჩვენ მხოლოდ ორი დღე გავატარეთ ბელორუსის კგბ-ს ტყვეობაში, მაგრამ ეს დრო საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაგვეხსენებინა მთელი ჩვენი საბჭოთა პერიოდის განცდები. იმ დღეებმა ჩვენ ნამდვილად შეგვცვალა, მაგრამ სხვაგვარად. შემაძრწუნებელი იყო იმის გააზრებაც კი, რომ სტალინიზმის სულისკვეთება კვლავ ყვავის ევროპულ სახელმწიფოში. რამდენიმე კვირის წინ ამერიკისსახელმწიფო დეპარტამენტმა  ბელორუსს “ტოტალიტარული რეჟიმის უკანასკნელი ციხე-სიმაგრე” უწოდა.

რატომ წავედით ბელორუსში?

​საკმაო ხნის წინ დავიწყეთ ფიქრი ბელორუსში წასვლაზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ბრაზილიაში, სადაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს IX ასამბლეას დავესწარით, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ბასილ კობახიძე და მე  ბელორუსში წასვლის შესახებ ვსაუბრობდით, რათა ჩვენი ქრისტიანული სოლიდარობა გამოგვეხატა ბელორუსის ეკლესიებისა და იმ ხალხის მიმართ, ვინც მრავალი წელია ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს. ვფიქრობდით მოგვენახულებინა ბელორუსის ეკლესიები ისე, როგორც ეს გავაკეთეთ “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს კიევში, თუმცა, ძალიან მალე მივხვდით, რომ სიტუაცია ბელორუსში სრულიად განსხვავებული იყო უკრაინისაგან.

​ტელეფონით დავუკავშირდი ბელორუსის ეკლესიების რამდენიმე წინამძროლს სხვადასხვა დენომინაციებიდან და ვკითხე თუ რას ფიქრობდნენ ბელორუსში ჩვენი შესაძლო ვიზიტის შესახებ. უმრავლესობა მათგანს იმისიც კი შეეშინდა, რომ ჩვენ დავურეკეთ. ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლთან ჩემი სატელეფონო საუბრიდან ნათელი იყო, რომ ისინი მიგვიღებდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ პრეზიდენტ ლუკაშენკოს, დიქტატორს დავუჭერდით მხარს. ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტი იყო და რამდენადაც მე თვითონაც საბჭოთა კავშირში დაბადებული და აღზრდილი ვარ, მაშინვე მივხვდი თუ რა ხდებოდა იქ, იმ ჯერ კიდევ საბჭოთა ქვეყანაში.

​იქვე მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება აუცილებლად წავსულიყავით ბელორუსში სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების მხარდასაჭერად. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ეკლესიების უმრავლესობა თავიანთი დუმილით მხარს დაუჭერდნენ დიქტატორს და უგულებელყოფდნენ საკუთარი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისაკენ. ამგვარი “გაჩუმების” პოზიცია, რომელიც ისტორიულად ეკავა ზოგიერთ ქრისტიანულ ეკლესიას (მაგ. ნაცისტურ გერმანიაში და სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდული რეჟიმის დროს) ქრისტიანული ეკლესიის უდიდეს სირცხვილად დარჩება. როდესაც ამას ვამბობ, უნდა აღვნიშნო, რომ მე არ ვადანაშაულებ ბელორუსის ეკლესიების წინამძღოლებს ან ქრისტიანებს. მე მხოლოდ ვამბობ, რომ ეკლესიებს ძლიერ ეშინიათ დიქტატორის განაწყენებისა, ვისაც შეუძლია უმოწყალოდ გაუსწორდეს მოწინააღმდეგეებს. ეს რა თქმა უნდა ძლიერ სარისკოა, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ქრისტიანები და სხვები უშიშრად დაიცავენ თავიანთ მრწამსს. ასეთი პოზიცია ყოველთვის შეიძლება ძვირად დაუჯდეს ადამიანს. ყველაზე მეტად თვითონ ქრისტეა ამის ცოცხალი მაგალითი.

​ჩვენი ბელორუსში გამგზავრებამდე  ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა: “საქართველოში არის საზოგადოების გარეწარი ნაწილი (отморозки), რომელთაც უნდათ ბელორუსში ჩამოსვლა წესრიგის დასამყარებლად. მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ, მაგრამ მაინტერესებს უკან როგორ დაბრუნდებიან! ჩვენ არავის მივცემთ უფლებას აქ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინოს. ჩვენ ვართ ამ მიწის ბატონ-პატრონები და სიტუაციასაც ჩვენ გავაკონტროლებთ.” ცხადია, გამგზავრება ისეთ ქვეყანაში, სადაც შენი ჩასვლა არ უნდათ  ეროვნების გამო, შეიძლება ცოტათი სიგიჟედ ჩანდეს.

​გათავისუფლების შემდეგ საერო და ქრისტიანმა ჟურნალისტებმაც ერთიდაიგივე კითხვები დამისვეს: რატომ წახვედით იქ? იყო კი თქვენი საქმე უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა? იყო კი ეს ღვთის ნება? თქვენი ადგილი ეკლესიაშია და  არა მოედნებზე, ასე არ არის?

​ჩემი რწმენით, ის აზრი, რომ სასულიერო პირის საქმიანობა მხოლოდ სალოცავის კედლებით უნდა შემოიფარგლოს, წარმართულ გაგებაზეა დაფუძნებული.  ჩვენ, როგორც ქრისტიანი წინამძღოლები, ეკლესიების შენობებთან და კედლებთან კი არა ვართ მიჯაჭვულები, არამედ ხალხთან. ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ხალხია. უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ჩაგრულებთან და დამცირებულებთან, მათთან, ვისი მიზანიცაა არაძალადობრივი გზებით ებრძოლოს რეჟიმებს, რომლებიც ართმევენ ხალხს ადამიანურ ღირსებას. როგორც სასულიერო პირებს, ჩვენ არ შეგვიძლია დამშვიდებული სინდისით ვისხდეთ სახლებში და მოვლენებს ტელევიზორით ვადევნოთ თვალი.

შეეძლოთ თუ არა ქართველებს ბელორუსის ტერიტორიაზე შესვლა?

ჩვენს ჯგუფში, რომელიც მინსკში მიემგზავრებოდა, იყო დეკანოზი ბასილ კობახიძე, ვისთან ერთადაც უკრაინის რევოლუციის დროს მონაწილეობას ვღებულობდი კიევის მანიფესტაციებში, ვლადიმერ გოგიაშვილი, რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრის მართლმადიდებელი დირექტორი და მე. ჩვენ გადავწყვიტეთ ბელორუსში უკრაინის გავლით წასვლა.

“თქვენ ვერ შეხვალთ ბელორუსში!” გვითხრა გელა ჩარგეიშვილმა, საქართველოში დაბადებულბა ბაპტისტმა მღვდელმსახურმა, რომელიც კიევის ცენტრალურ ბაპტისტურ ეკლესიაში მსახურობს. იგი დაგვხვდა აეროპორტში და დაგვაბინავა მათი ეკლესიის სტუმრებისათვის განკუთვნილ ოთახში. კიევში ყველა ფიქრობდა, რომ ვერცერთი ქართველი ვერ შეაღწევდა ბელორუსში, განსაკუთრებით იმ დღეებში, როდესაც იქ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა.

ცხადია, ჩვენ გააზრებული გვქონდა, რომ უკიდურესად რთული იქნებოდა ბელორუსში შესვლა მრავალი მიზეზის გამო. ქართველები ითვლებიან ბელორუსული რეჟიმის მტრებად. თანმიმდევრულ ანტიქართული კამპანიას თვით ბელორუსის პრეზიდენტი უჭერს მხარს, ხოლო  მასმედია კი ახორციელებს. ბელორუს ხალხს ეუბნებიან, რომ ქართველები აპირებენ გამოაგზავნონ ტერორისტები მინსკში ოთხი სკოლის ასაფეთქებლად. მათ ის “ქართველებიც” კი დააპატიმრეს, რომელთაც “აღიარეს”, რომ აპირებდნენ მინსკის წყალმომარაგების სისტემის მოწამვლას. საწყლები აიძულეს მოეყოლათ თუ როგორ აპირებდნენ ამის გაკეთებას. “ჩვენ გვასწავლეს საქართველოში როგორ მოგვეგროვებინა მკვდარი ვირთხები რკინის ქილებში და როგორ გაგვეკეთებინა მათი დამპალი მძორებისაგან შხამი”, “აღიარეს” ამ “ქართველებმა”. 

პრეზიდენტ ლუკაშენკოს ზემოთმოყვანილი განცხადება  იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერი ქართველი, ვინც ბელორუსის საზღვარს გადაკვეთდა, დაპატიმრებული და ტერორისტად მიჩნეული იქნებოდა. მაგრამ ამით ყველაფერი არ ამოიწურებოდა.

17 მარტს ქართველი პარლამენტარების ჯგუფი, რომელთაც ეუთო -ს დამკვირვებლების ოფიციალური მანდატები ჰქონდათ, მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენისთანავედააკავეს და საქართველოში დააბრუნეს.

ვიცოდით რა ყველაფერი ეს, 18 მარტს ჩავფრინდით კიევის აეროპორტში განახლებული გადაწყვეტილებით წავსულიყავით ბელორუსში. ჩვენ არ ვიცოდით როგორი გზით წასვლა იყო უმჯობესი და რჩევა ვკითხეთ იმ უკრაინელებს, ვინც რეგულარულად დადის ბელორუსში. ერთი შესაძლო ვარიანტი იყო მანქანით გამგზავრება, მაგრამ ეს მაშინვე გადავიფიქრეთ. “ხალხი, ვინც იმ გზებზე მანქანით მგზავრობს, ხშირად უჩინარდება” განაცხადა ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ პროტესტანტული ეკლესიიდან. “ისინი შეიძლება კვლავ გამოჩნდნენ რამდენიმე თვის შემდეგ ან აღარასოდეს. ყველაზე უსაფრთხო, მატარებლით მგზავრობაა. თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ თქვენ ქართველები ხართ!”

იმავე დღეს შევხვდით უკრაინელ ბაპტისტთა წინამძღოლს, გრიგოლ კომენდანტს, ვინც არა მხოლოდ ილოცა ჩვენთან ერთად იმისათვის, რომ ჩვენი ბელორუსში გამგზავრება წარმატებული ყოფილიყო, არამედ მატარებლის ბილეთების ფულიც კი გადაგვიხადა. იმავე დღეს მატარებლით გავემგზავრეთ ბელორუსში.

“ბელორუსები არ შეგიშვებენ თავიანთ ქვეყანაში” გვითხრა უკრაინელმა მესაზღვრემ, “ისინი ნერვიულობენ ქართველის დანახვაზე და ნებისმიერ ქართველს, ვინც საზღვრის გადალახვას ცდილობს, უკან აბრუნებენ.” “ჩვენ მაინც შევეცდებით” ვუპასუხე არცთუ გულითადი ღიმილით.

ნახევარ საათში მივედით ბელორუსის საზღვართან, სადაც  შემოწმება ხდებოდა. მატარებლის ფანჯრიდან ჩვენს თვალწინ დაუჯერებელი სურათი გადაიშალა, რომელიც საკმაოდ წააგავდა მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ფილმებში ნანახს. რკინიგზის პლატფორმაზე ჩამწკრივებული იყო ასეულობით ჯარისკაცი ძაღლებით. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ომის ტყვეებით სავსე მატარებელში ვისხედით.

მამა ბასილი და მე ველოდით ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და სრულად შევიმოსეთ ჩვენს სამღვდელო შესამოსლით შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ჭკვიანური იქნებოდა თუკი ლადოც, ჩვენი მესამე თანამგზავრიც შეიმოსებოდა. ოფიცრების მოსვლამდე ლადოს ჩემი კაბა მივეცი. “სომეხ მღვდელს ჰგავხარ” უთხრა მამა ბასილმა ლადოს, როდესაც ის გვერდით მომიჯდა ჩემს იასამნისფერ კაბაში გამოწყობილი.

“ვინმე ქართველი ხომ არ არის ვაგონში?” ჰკითხა ოფიცერმა ვაგონის გამცილებელს. “არიან, სამი მღვდელი და ერთი კაცი.” უპასუხა გამცილებელმა, თითქოს მღვდლები კაცები არ იყვნენ. ჩვენს ვაგონში კიდევ ერთი ქართველი იყო, შუახნის ასაკის კაცი, რომელსაც ადრე არსად შევხვედრივართ.

ოფიცრების ჯგუფი, სხვადასხვა სამსახურებიდან, შემოვიდნენ ჩვენს კუპეში. მათ გულდასმით შეამოწმეს ჩვენი პასპორტები, ჩანთები, პირადი ნივთები და შემდეგ სხვა ჩინოვნიკებს დაუძახეს.

“საით მიემგზავრებით, მამაო?” მკითხა მთავარმა ოფიცერმა. მან რატომღაც იფიქრა, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი მე ვიქნებოდი.

“მოგილიოვში მივემგზავრებით” ვუპასუხე რამდენადაც შესაძლებელი იყო მშვიდად. ერთადერთი ეკლესია, რომლის დასახელებაც შემძლო როგორც მასპინძლისა, მართლაც მოგილოვში იყო, მინსკიდან 2000 კილომეტრის დაშორებით.

“იცით საით მიდის ეს მატარებელი?” სარკასტულად მკითხა მან. “რა თქმა უნდა ვიცი, ამ საღამოს მოგილიოვისაკენ პირდაპირ მიმავალი მატარებელი არ იყო. მინსკიდან მატარებლით მოგილიოვში გავემგზავრებით” ვუპასუხე მე ისეთივე დაჟინებით. ოფიცერმა დაბნეულად შემომხედა მაგრამ არაფერი მითხრა. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გავიაზრეთ, რომ მოგილიოვი მდებარეობს სულ სხვა მხარეს და მინსკში წასვლა სულ არ არის საჭირო იქ ჩასასვლელად. საბედნიეროდ, მე კარგად არ ვიცოდი  ბელორუსის გეოგრაფია, თორემ არ ვიქნებოდი ასეთი თამამი.

ჩინოვნიკებმა თან მოიტანეს დავთარი, რომელშიც ეწერა სახელები და გვარები ქართველი პერსონა ნონ გრატებისა და მათი გვარები ჩვენსას შეადარეს. საბედნიეროდ ჩვენი გვარები ამ დავთარში არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მათ დაიწყეს ჩვენი პასპორტების შემოწმება. ყველაზე საეჭვო მათთვის ჩემი პასპორტი აღმოჩნდა, რადგან მასში უამრავი ვიზა იყო როგორც დასავლეთის ისე აღმოსავლეთის ქვეყნებისა. ისინი განსაკუთრებით ერთმა ვიზამ დააეჭვა. დიდხანს ათვალიერეს ის ჯერ გამადიდებელი შუშით, შემდეგ თითებით შეამოწმეს და სხვა ოფიცრებსაც დაუძახეს კონსულტაციისათვის, მაგრამ აშკარად ვერაფერი გაუგეს. ბოლოს მე დამიძახეს.

“რომელი ქვეყნის ვიზაა ეს?” მკითხა ოფიცერმა და თვალები მოჭუტა.

“გაერთიანებული სამეფოსი” ვუპასუხე განცვიფრებულმა.

“სად არის გაერთიანებული სამეფო?” კვლავ გააგრძელა ოფიცერმა

“ის არის იქ, სადაც ყოველთვის იყო. ეს დიდი ბრიტანეთია.” ცოტათი სარკასტულად ვუპასუხე.

“ანუ ეს ინგლისია.” თქვა კგბ-ს ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში.

ჩვენი პასპორტები შეამოწმა ოთხმა სხვადასხვა სამთავრობო სამსახურმა: კგბ -მ, მილიციამ, საბაჟომ და სპეციალურმა განყოფილებამ. ბოლოს ოფიცერმა გამოგვართვა პასპორტები და წაიღო ისინი სადგურის ხელმძღვანელობასთან. მეოთხე ქართველი სხვა ოფიცერმა გაიყვანა მატარებლიდან. სამივე ჩვენთაგანი ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავით რომ შეიძლებოდა ვეიძულებინეთ  მატარებელი დაგვეტოვებინა და  უკრაინაში დავბრუნებულიყავით. ამ დროს ოფიცერი, ვინც ჩვენი პასპორტები წაიღო, დაბრუნდა და სამივე პასპორტი დაგვიბრუნა.

“კეთილი მგზავრობა, წმინდა მამებო.” თქვა მან და დატოვა ჩვენი კუპე.  ამოვისუნთქეთ, მაგრამ ჯერაც არ გვჯეროდა, რომ ნება დაგვრთეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა. ეს იყო არჩევნების წინა ღამეს. მატარებელში მყოფი ყველა ქართველი უკრინაში დააბრუნეს. ჩვენ უხმოდ ვისხედით კუპეში. დეკანოზი ბასილი და მე ო ეკუმენური ფრანცისკანული ორდენის წევრები ვართ და ამიტომ ყოველდღიურ ლოცვებს ფრანცისკანული საღვთისმსახურო წიგნიდან ვკითხულობდით. ყოველდღე ღმერთი ცოცხლად გვესაუბრებოდა ამ წიგნის ბიბლიური საკითხავებიდან. ეს საკითხავები ნამდვილად დაგვეხმარა გაგვეძლო ყველაფერ იმისათვის რაც ამ მოგზაურობის დროს გადავიტანეთ.

“გამოავლინნა სასწაულნი და ნიშნი შორის შენსა, ეგვიპტე, ფარაოის ზედა და ყოველთა მონათა მისთა” (ფს. 134:9) და “აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა” (მათე 28:20).

ასეთი იყო ძველი და ახალი აღთქმის საკითხავები იმ დღისათვის, როდესაც მინსკში ჩავედით.

რკინიგზის სადგურიცა და ქალაქიც უცნაურად ცარიელი იყო. შემდეგ შევიტყვეთ, რომ პრეზიდენტმა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი დაითხოვა და ხალხს აუკრძალა საარჩევნო ბუკლეტების დარიგება დედაქალაქის ცენტრში.

ტაქსში ჩავჯექით  და დავბინავდით სასტუმრო “აგატ”-ში, ძალიან ლამაზ გარეუბანში. ჩავრთეთ ტელევიზორი, რომ გაგვეგო ახალი ამბები და თვალებს არ ვუჯერებდით. საუბარი იყო ზუსტად ისეთი ტიპის, როგორიც ბრეჟნევის პერიოდში 20 წლის წინ. დღის ბოლოს პირველი სამთავრობო ეგზიტ პოლის შედეგები გამოცხადდა. მათი შედეგების მიხედვით პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე  მეტი მიიღო. ეს ჩვენ არ გაგვკვირვებია. ასეთი რამ საქართველოშიც მოხდა და უკრაინაშიც.

იმავე საღამოს ავედით ოქტიაბრსკაიას მოედანზე, სადაც ოპოზიცია მიტინგს მართავდა. პროტესტის ნიშნად აქ ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მალე შევხვდით ქრისტიანებს სხვადასხვა ეკლესიებიდან. იმდენ ხალხშიც კი საკმაოდ ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ   მღვდელმსახურები ვიყავით! 

სანამ მანიფესტაცია დაიწყებოდა, შევკრიბე ყველა იქ მყოფი მორწმუნე, შევკარით წრე და ერთად ვილოცეთ სამართლიანობის დამყარებისა და ბელორუსი ხალხის თავისუფლებისათვის. მხოლოდ ლოცვის აღვლენის შემდეგ გავემართეთ შეკრებილი ხალხის შუაგულისაკენ. როდესაც დავიძარით, მამა ბასილმა და მე ჩანთიდან ამოვიღეთ საგულდაგულოდ დამალული ქართული დროშა და ავაფრიალეთ. ქართველი “ტერორისტები” მოვიდნენ, გაისმა ახალგაზრდების გახარებული შეძახილები. აქ უნდა ვთქვა თუ რა გულადები არიან ეს ახალგაზრდები. ზოგიერთი მოედანზე მოსული ქრისტიანი, რომლებიც გაგვეცნენ, ბაპტისტურ ეკლესიას წარმოადგენდნენ. ღვთისმსახურებმა მათ დემონსტრაციაში მონაწილეობა აუკრძალეს და ბუნებრივია მათთვის ჩვენი მოედანზე ყოფნა უზომოდ გამამხნევებელი იყო.

კიევის დემონსტრაციისაგან განსხვავებით ჩვენ არ გვქონდა ტარი დროშისათვის და ამიტომ ვთხოვეთ ახალგაზრდა უკრაინელებს ჩვენი დროშა თავიანთისათვის მიემაგრებინათ. მათ სიხარულით გააკეთეს ეს. ერთ წუთში დროშა მოედანზე ფრიალებდა. ბელორუსებისათვის ქართული დროშა ტოტალიტარული რეჟიმისაგან გათავისუფლების სიმბოლოა. ქართული ენაც კი 

თავისუფლების სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მე არ შევხვედრივარ არც ერთ ბელორუს დისიდენტს, რელიგიურსა თუ საეროს, ვისაც ქართულად რამდენიმე ფრაზის თქმა მაინც არ შეეძლო.   

“საქართველო ჩვენთანაა!” “მადლობთ, რომ ჩვენთანა ხართ!” “დაგვლოცეთ მამებო!”, “ილოცეთ ჩვენთვის!” ყვიროდა ხალხი ჩვენს დანახვაზე.

მათ წართმეული ჰქონდათ მეგაფონები, ამიტომ არავის ესმოდა თუ რას ამბობდნენ ოპოზიციის ლიდერები. ხალხში ვიღაცამ დაიყვირა “თავის-უფლება, თავის-უფლება!” და მთელი მოედანი აჰყვა მას. დროებით მიჩუმდნენ თუ არა თოვლის უზარმაზარი  ნამქერი წამოვიდა მოედნისაკენ და თეთრად დაფარა. თოვლმა მაშინვე შეცვალა ჩვენი, ორი სასულიერო პირისადმი მიმართება. ჩვენ ახლა უკვე “მამას” კი არა, არამედ “თოვლის ბაბუას”! გვიწოდებდნენ.

დაღლილები და ბედნიერები, რომ ჩვენი მინსკში ყოფნა გამამხნევებელი და შთამაგონებელი იყო მოედანზე მყოფი ხალხისათვის, სასტუმროში გვიან ღამით დავბრუნდით. მეორე მხრივ, გვიკვირდა, რომ არ დაგვაპატიმრეს არც მოედანზე და არც სასტუმროში.

დაპატიმრების დღე

მეორე დილით, მამა ბასილმა და მე ერთად შევასრულეთ დილის მსახურება და კვლავ მოგვეცა გამამხნევებელი სიტყვები იმ დღის საკითხავიდან. “რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაითა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი. რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაი, რაითამცა კუალად გეშინოდა. . . “ (რომაელთა 8, 14:15). ასეთი იყო ახალი აღთქმის საკითხავი, რომელმაც განსაკუთრებით მიიპყრო ჩვენი ყურადღება.

დღის განმავლობაში უამრავ ხალხს შევხვდით. ბელორუს ინტელექტუალებს, სასულიერო პირებს, სტუდენტებს, ყველას ცალკე. მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ შეხვედრებზე, რადგან ფრთხილად უნდა ვიყო ამ ხალხს არაფერი დაუშავდეს.

საღამოს ვიყიდეთ ანკესის ჯოხი, რომელიც დროშის ტარად უნდა გამოგვეყენებინა და ქათული დროშების მარაგით დავბრუნდით მოედანზე. აქ წინა დღეზე მეტი ხალხი იყო შეკრებილი. ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და მეგაფონები დაებრუნებინათ და მიტინგიც ცოტათი უკეთ იყო ორგანიზებული. მამა ბასილმა და მე, კვლავ გავიარეთ ქართული დროშებით, სანამ ლადო დემონსტრაციას ფოტოაპარატსა და ვიდეოაპარატზე აღბეჭდავდა. ჩვენ ვთხოვეთ ბელორუს და უკრაინელ ახალგაზრდებს ჩვენი დროშები თავიანთი დროშების ტარზე მიემაგრებინათ. მათ სიხარულით გააკეთეს ეს და რამდენიმე წუთში დიქტატორული რეჟიმის შესაძრწუნებლად მოედანი ქართული დროშებით აივსო.

“მე ვნახე ქართული დროშები CNN-ზე”, მითხრა შემდეგ კარლ ჰაინც ველტემ ტელეფონზე საუბრისას. “ისინი ეკრანზე კარგად ჩანდნენ, თუმცა ქართველები ვერ დავინახე.” მართალია, იქ ჩვენს გარდა ქართველი არავინ იყო გარდა ნინო გიორგობიანისა და გიორგი ლაღიძისა, რომლებიც საქართველოს ტელევიზიის I არხს წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ორივენი დააპატიმრეს.

სტუდენტებმა სცადეს კარავი დაედგათ მოედნის ცენტრში იმათთვის, ვისაც იქ დღე და ღამე დარჩენა სურდა. მხოლოდ რამდენიმე კარავი იყო. ბანაკი გარშემორტყმული იყო ახალგაზრდა პატრიოტებით, რომლებიც მზად იყვნენ დაეცვათ ის მილიციისაგან. მე  მოველოდი რომ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ არ ვიცოდი როგორ მოხდებოდა ეს, ამიტომ ვთხოვე ახალგაზრდების ლიდერებს ნება დაერთოთ კარავში შევსულიყავი და მათ ლიდერს გავსაუბრებოდი. მამა ბასილი და ლადო ბანაკის გარეთ დარჩნენ.

“ჩვენ, ბაპტისტი და მართლმადიდებელი ქრისტიანების ჯგუფი, საქართველოდან თქვენს მხარდასაჭერად ჩამოვედით.” ვუთხარი მანიფესტაციის ხელმძღვანელ ახალგაზრდა კაცს. ჩვენ გვინდა დაგიტოვოთ საქართველოს დროშა მანამ, სანამ დაგვაპატიმრებენ.” მას არ გაკვირვებია ჩემი სიტყვები და მადლიერების ნიშნად გადამეხვია. როდესაც ბანაკი დავტოვე, დავინახე როგორ ფრიალებდა ჩვენი დროშა ბანაკის შუაგულში.

დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთში, მოედანთან ახლოს კგბ-მ გაგვაჩერა და დაგვაპატიმრა. მათ გვაიძულეს ერთი საათი ვმდგარიყავით ყინვაში, სანამ თავიანთი უფროსებისაგან შემდგომ ინსტრუქციებს მიიღებდნენ. როდესაც შავ მანქანებში ჩაგვსვეს, ყველა ჩვენთაგანი სიცივისაგან კანკალებდა. მამა ბასილს  მობილურით დაურეკა ქართველმა ჟურნალისტმა ნინო გიორგობიანმა, რომელსაც მინსკში შევხვდით და შემდეგ ყველას შეატყობინა ჩვენი დაპატიმრების ამბავი.

ჩვენ მიგვიყვანეს იქ, სადაც დაკავების საკნები იყო. დაგვკითხეს ცალ-ცალკე. მე პირველი წამიყვანეს დასაკითხად. დამკითხა მაიორმა ალექსანდრე ივანეს ძე ფედორაკომ. დაკითხვა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა და მთელს ამ პროცესს ვიდეოაპარატზე იღებდა კგბ-ს ერთ-ერთი ოფიცერი. მამა ბასილი და ლადო კგბ-სა და მილიციის რვა ოფიცერმა დაჰკითხა. ამჟამად თავს ვიკავებ ჩვენი დაკითხვის დეტალებზე საუბრისაგან. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია ის არის, რომ  ჩვენთვის არც ფიზიკური შეურაცხყოფა მოუყენებიათ და არც ვუწამებივართ. დაკითხვამდე გაგვჩხრიკეს. გაჩხრეკამდე ლადომ მოახერხა გაენადგურებინა ყველა მასალა და სურათი, რომელთაც შეიძლება საფრთხეში ჩაეგდოთ ჩვენი ბელორუსი კოლეგები.

კგბ-სა და მილიციის ოფიცრებმა დაასკვნეს, რომ ჩვენ უნდა გავესამართლებინეთ როგორც საერთაშორისო ტერორისტები, რომლებიც ჩამოვიდნენ, რომ დაერღვიათ ქვეყნის სტაბილიზაცია. მათ გვაჩვენეს სურათები, რომლებიც კგბ-მ გადაგვიღო ორი დღის განმავლობაში. “ფოტოგენური სახეები გაქვთ” გვითხრა მაიორმა ფედორაკომ ღიმილით და თან ჩვენს სურათებს მაგიდის გასწვრივ აფრიალებდა.

იქ იყო მამა ბასილის, ლადოსა და ჩემი სურათები, რომლებიც მოედანზე გადაგვიღო კგბ-მ. ჩვენი სახეები შავად იყო შემოხაზული. ჩვენ გვითხრეს, რომ მათ უბრძანეს ჩვენი დაუყოვნებლივი დეპორტაცია უკრაინაში, რადგან ქრისტიანი სასულიერო პირების დაპატიმრებით მათ არ უნდოდათ მიეპყროთ საერთაშორისო ყურადღება.

განსაკუთრებით უხეშად ეპყრობოდნენ მამა ბასილს. მათ დეტალურად აინტერესებდათ ყველაფერი და ხელიდან არ უშვებდნენ მისი დამცირების არც ერთ შესაძლებლობას. მათ აინტერესებდათ ვის მისცა მამა ბასილმა ხმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში, მისი ვაჟიშვილის სახელი, რატომ ჩამოვიდა ბელორუსში. . .

მამა ბასილის დაკითხვის ერთი ნაწილი ამგვარად მიმდინარეობდა,

“თქვენ ამბობთ, რომ მართლმადიდებელი დეკანოზი ხართ, ხომ სწორია? ეკითხება მაიორი ალექსანდრე ფრანცის ძე ბირულია, რომელსაც ყველანი ფრანცევიჩს ეძახდნენ.

“დიახ ვარ.” პასუხობს მამა ბასილი.

“და თქვენ ჩამოხვედით ეპისკოპოს სონღულაშვილთან ერთად?”

“მართალია”

“თქვენ მართლმადიდებელი ხართ, ის კი ბაპტისტია.”

“დიახ. ჩვენ მეგობრები ვართ”

“ეს სისულელეა. ბაპტისტები და მართლმადიდებლები ვერასოდეს იქნებიან მეგობრები. ამდენი მაინც ვიცით.”

“ჩვენ უკვე 10 წელია რაც მეგობრები ვართ.”

“თუ ის მართლაც თქვენი მეგობარია, მითხარით, რატომ აცვია თოვლში და ყინვაში სანდლები?’

“ეს მე არ ვიცი. თვითონ მას ჰკითხეთ.”. . . 

დილით ადრე, გვითხრეს რომ შეგვიძლია ცოტათი დავისვენოთ. ჩვენ შევეცადეთ დაგვესვენა. მოგვცეს ორი სკამი, ერთი დასაჯდომად და მეორე ფეხების დასადებად. ვერაფერს იტყვი, ძალიან კომფორტულია!

სრულიად მოულოდნელად, ოთახში მაიორი ფრანცევიჩი შემოვიდა და დაგვიყვირა. “ყველანი ადექით და გამომყევით!” მალე სამივენი მიწისქვეშა დერეფანში აღმოვჩნდით, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. დერეფნის ორივე მხარეს საკნები იყო ჩამწკრივებული. ჩვენ გაგვაჩერეს საკანთან და გვიბრძანეს არ გავნძრეულიყავით. არ ვიცოდით რა გველოდა. რას გვიზამდნენ? სამივემ გავიფიქრეთ, რომ საწამებელ საკნებში მოგვიყვანეს. საბედნიეროდ ასე არ აღმოჩნდა. სათითაოდ შეგვიყვანეს ოთახში და რეგისტრაციაში გაგვატარეს როგორც პერსონა ნონ გრატა. მე მიმიყვანეს კედელთან, რომელზეც თეთრი დაფა იყო და დამაყენეს. შემდეგ მოვიდა  ძლიერი აღნაგობის მილიციელი  ფოტოაპარატით ხელში და დაიწყო ბრძანებების მოცემა.

“უყურე კამერას!”

“შებრუნდი მარჯვნივ!”

“შებრუნდი კედლისაკენ!”

“შებრუნდი ზურგით კამერისაკენ!”

“სახელი!”. . . 

“ეროვნება!”. . . 

“მისამართი!”. . . 

“პროფესია!”. . . 

როდესაც ეს დამთავრდა, მათ მელანი წაუსვეს ჩემს თითებს, შემდეგ ხელის ორივე მტევანს და აიღეს თითებისა და ხელის მტევნების ანაბეჭდები. შემდეგ დაუძახეს მამა ბასილსა და ლადოს, ერთმანეთის მიყოლებით.

სანამ მამა ბასილი და მე დერეფანში ვიდექით და ლადოს ველოდებოდით, დიდი ჭიშკარი გაიღო და ჩაჩქანებითა და ფარებით აღჭურვილი სპეცდანიშნულების ნაწილი შემოვიდა. მათ ისე ჩაგვიარეს ჩვენთვის არც შემოუხედავთ. ისეთი დაღლილები და გაბრაზებულები იყვნენ, რომ ვიფიქრეთ, მათ მოედანზე მყოფ მანიფესტანტებთან ჰქონდათ შეტაკება.

როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, დაგვაბრუნეს იმ ოთახში, საიდანაც წამოგვიყვანეს. ნება დაგვრთეს ერთად ვყოფილიყავით ერთ დიდ ოთახში. სამივენი ემოციურად დაცლილი და გაღიზიანებულები ვიყავით. ძალიან გამიჭირდა დასვენება.

“ვილოცოთ?” ვკითხე მამა ბასილს.

“შეიძლება მათ ეს არ მოეწონოთ. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ჩვენ გვითვალთვალებენ.” იყო მისი პასუხი.

“რაში გვაინტერესებს! მე მგონი უნდა ვილოცოთ.” დავიჟინე მე.

“კარგი, მოდი ვილოცოთ, ოღონდ დაბალ ხმაზე.” თქვა მამა ბასილმა.

ასე დავსხედით ორივენი ერთად და გადავშალეთ საღვთისმსახურო წიგნი. იმ დღის საკითხავი გასაოცრად შეესაბამებოდა ჩვენს მდგომარეობას : “რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ”. (რომაელთა 8:18) ასეთი იყო იმ დღის ახალი აღთქმის საკითხავი. გვიხაროდა, რომ სხვა ზოგიერთი ნივთის მსგავსად ეს წიგნიც არ ჩამოგვართვეს.

დეპორტაციის დღე

მაიორ ფრანცევიჩის თანხლებით გაგვამგზავრეს მინსკიდან. 

ჩვენს პასპორტებში ჩარტყმულია შტამპი მაიორ ფედორაკოს ხელმოწერით. “ვალდებულია დატოვოს ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორია 2006 წლის 22 მარტამდე. 5 წლის განმავლობაში ეკრძალება ბელორუსიის ტერიტორიაზე შემოსვლა.” ვფიქრობ სამივეს ძალიან გაგვეხარდა, რომ პასპორტები დაგვიბრუნეს, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ჯერ კიდევ გადასალახი გვქონდა ბელორუსი-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

რამდენიმე საათის მგზავრობის შემდეგ მივედით საზღვართან. მილიციელებმა და მესაზღვრეებმა როდესაც ჩვენს პასპორტებში ჩარტყმული შტამპები ნახეს, სასტიკად განრისხდნენ. დაუძახეს თავიანთ კოლეგებს და დაიწყეს ყველა დეტალის ხელახალი შემოწმება. ბოლოს დაასკვნეს, რომ მამა ბასილის პასპორტი ყალბი იყო. მამა ბასილს მკვდრის ფერი დაედო. ეს ფსიქოლოგიური ტერორი იყო, მაგრამ ჩვენ რამდენადაც შესაძლებელი იყო სიმშვიდე შევინარჩუნეთ. ვიფიქრეთ, რომ მამა ბასილს ისევ დააპატიმრებდნენ, ჩვენ კი ტერიტორიას დაგვატოვებინებდნენ. ეს ყველაზე უარესი ვარიანტი იყო რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ბოლოს ყველა პასპორტი დაგვიბრუნეს და წავიდნენ. ნახევარ საათში უკვე უკრაინაში ვიყავით. მამა ბასილის ჩანთიდან ქართული დროშა ამოვიღეთ და კუპეს ფანჯარას ჩამოვაფარეთ, ხელში ჩვენი პასპორტები და დეპორტაციის საბუთები დავიჭირეთ და ლადომ სურათი გადაგვიღო. ეს ერთადერთი სურათია, რომელიც ჩვენი თავგადასავლის სახსოვრად დაგვრჩა.

სახლში დაბრუნება

მატარებლიდან გადმოვედით და უკრაინის დედაქალაქისაკენ ტაქსით გავემგზავრეთ. უკრაინელი ბაპტისტების წინამძღოლი კომენდანტი, როგორც ყოველთვის ჩვენს ჩასვლას სიხარულით შეხვდა. დაგვაბინავა კიევის ცენტრალურ ბაპტისტურ ეკლესიაში, რომელსაც სახარების სახლი ეწოდება.  ჩვენი მძღოლი, უბრალო სოფლელი ბიჭი კიევს საერთოდ არ იცნობდა და გვირჩია დანიშნულების ადგილზე მისასვლელად სხვა ტაქსი აგვეყვანა. სამივენი საშინლად დაღლილები ვიყავით, როდესაც ეკლესიამდე მივაღწიეთ. რამდენიმე საათით გამოვიძინეთ და თბილისში წამოსვლის თადარიგი დავიჭირეთ.

მეორე დილით თბილისში ჩამოვფრინდით. აეროპორტში მეგობრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დაგვხვდნენ.

“ძალიან გვაშფოთებდა თქვენი ბედი” გვითხრეს აეროპორტში დამხვდურებმა. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო.

ჩამოსვლისთანავე გვითხრეს, რომ უამრავმა ადამიანმა გამოხატა ჩვენდამი მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რაზეც ბელორუსებმა უპასუხეს, რომ დასახელებული პირების შესახებ არაფერი იცოდნენ. ჩვენ გვითხრეს ისიც, რომ ჩვენმა ბელორუსში წასვლის მოტივმა დიდი მითქმა-მოთქმა და კამათი გამოიწვია რელიგიურ წრეებსა და  საზოგადოებაში.

ძალიან გამახარა იმის გაგებამ, რომ მათ შორის, ვინც ჩვენი დაპატიმრება გააპროტესტა ქართველი მუსლიმებიც იყვნენ.

ჩვენი დაკვირვებები

ვფიქრობ, ბელორუსში ჩვენი ვიზიტი სამივესათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით ჩემთვის. ამ გამოცდილებას არაფერზე არ გავცვლიდი.

ეს ჩემი პირველი ვიზიტი იყო ბელორუსში. თუმცა წლების განმავლობაი მრავალ ბელორუსს შევხვედრივარ, უნდა ვაღიარო, რომ უმეტესობა ამ შეხვედრებისა უარყოფითი იყო და აქედან გამომდინარე, ბელორუსების მიმართ გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა. ჩემი საეკლესიო ოპონენტები ან ბელორუსები იყვნენ, ან მათ ბელორუსები უჭერდნენ მხარს. მათ გაავრცელეს ათასგვარი საშინელი ჭორი საქართველოს ბაპტისტური ეკლესიისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ. ის, რაც მინსკში თავს გადაგვხდა დამეხმარა გავთავისუფლებულიყავი იმ ნეგატიური გრძნობებისაგან და ჩემში გაჩნდა სიყვარული და თანაგრძნობა ბელორუსების მიმართ, რომლებიც იტანჯებიან დიქტატორის ძალადობრივი მმართველობის ქვეშ.

“ეს უკრაინა არ გეგონოთ”  ამ სიტყვებს ხშირად გვიმეორებდნენ დაკითხვის დროს და მართლაც, ბელორუსი უკრაინა არ არის. ეს ორი ენობრივად ახლოს მდგომი ხალხი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდება. ბელორუსები უფრო მომთმენი და მრავლის ამტანი ხალხი ჩანს. 

ჩვენი თბილისში დაბრუნების შემდეგ,  მკითხეს “შეიცვლ;ება სიტუაცია ბელორუსში?” ვფიქრობ სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება ამ მშვენიერ და მრავალტანჯულ ქვეყანაში, თუმცა სანამ ეს მოხდება, ბელორუსები უნდა წამოხტნენ ლურსმნიანი სკამიდან და თქვან “ეს არ უნდა იყოს ასე!”

კიდევ რამდენი ხანი ისხდებიან ბელორუსები ლურსმნიან სკამზე? არ ვიცი. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ასეთ დროს? მე არ მაქვს ყველა ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ მაქვს შეკითხვა: უნდა იყოს თუ არა ეკლესია დაინტერესებული თავისი საკუთარი ხალხის ბედით, რომლებიც ლურსმნიან სკამზე სხედან?

ზოგიერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი. ვიცი, რომ ბელორუსი ხალხი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხალხი, იმსახურებს არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ამ სიტყვის გამოთქმის შემდეგაც. ისინი იმსახურებენ უფლებას თავისუფალი, უშიშარი ღვთისმსახურებისა. ისინი იმსახურებენ თავიანთი კულტურისა და ენის განვითარებას. ისინი იმსახურებენ იყვნენ ნაწილი უფრო ფართო ევროპული ოჯახისა. ბელორუსი ხალხი მარტო არ უნდა დარჩეს თავის ბრძოლაში თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის.

ამჟამად, ბელორუსი ინტელექტუალები იძულებით დადუმებულები, დევნილი და განდევნილებიც კი არიან. მაგრამ მოვა დრო, როდესაც ბელორუსები ალაპარაკდებიან. ვფიქრობ, ეს დრო უკვე დადგა კიდეც. შეიძლება მრავალი წელი გავიდეს მანამ, სანამ ბოროტი ძალა საბოლოოდ გატყდება, მანამ კი, ჩვენი ვალია ვიყოთ ხმა ბელორუსის ქრისტიანებისა და ინტელექტუალებისა, რომელთაც ხმის ამოღების უფლება წართმეული აქვთ. მე მუდამ ვიფიქრებ და ვილოცებ ყველა იმ ადამიანისათვის, რომელ

თაც მინსკში შევხვდი. იმათთვის, ვის სახელებსაც ახლა ვერ ვამბობ. ერთ-ერთმა მათგანმა მომწერა: რადგან თქვენ ხუთი წლით აკრძალული გაქვთ ბელორუსში ჩამოსვლა, ჩვენ თვითონ ჩამოვალთ საქართველოში.” მე რა თქმა უნდა უდიდიდესი სიხარულით ვუმასპინძლებ ყველა მათგანს, მაგრამ იმედი მაქვს ბელორუსში სიტუაცია შეიცვლება. იმედი მაქვს და ვლოცულობ, რომ დიქტატურა დაემხოს მანამ, სანამ ჩვენი ხუთი წლით ბელორუსში შეუსვლელობის ვადა გავა.

საქართველოს ევანგელუტ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი

მალხაზ სონღულაშვილი

კომენტარები