ისრაელი

ისრაელის პარლამენტმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, ჩატარდება ვადამდელი არჩევნები

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ბიუჯეტის დამტკიცება განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო, რის გამოც ქვეყანაში კიდევ ერთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ხელახალი არჩევნები მომავალი წლის მარტში უნდა გაიმართოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

"თუ იძულებული ვიქნებით არჩევნები ჩავატაროთ, გპირდებით, რომ გავიმარჯვებთ". – თქვა ნეთანიაჰუმ და ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნაში ბენი განცი დაადანაშაულა.

თავის მხრივ, განცი ნეთანიაჰუს ადანაშაულებს:

"ნეთანიაჰუს არჩევნებამდე მივყავართ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლო პროცესი აიცილოს". – დაწერა მან.

ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პრემიერმინისტრის მოვალეობას კვლავ ნეთანიაჰუ შეასრულებს. მან უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობას შეახსენა აშშ-ს შუამავლობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეინთან, სუდანთან და მაროკოსთან მიღწეული შეთანხმებები ურთიერთობის ნორმალიზების თაობაზე. ასევე, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროგრამა. ნეთანიაჰუს თქმით, მან ქვეყნისთვის მილიონობით დოზის მიწოდება უზრუნველყო.

თუმცა, ეს არჩევნები ნეთანიაჰუსა და მისი პარტიის, ლიკუდისთვის უფრო რთული იქნება, ვინაიდან მიმდინარე თვის დასაწყისში პარტიაში მისმა მთავარმა კონკურენტმა გიდეონ საარმა თქვა, რომ პარლამენტს დატოვებს და ახალ პარტიას შექმნის.

"მე შევქმნი ახალ მოძრაობას, რომლის მიზანიც ნეთანიაჰუს ჩანაცვლება იქნება". – თქვა მან.

საარი ლიკუდის თავმჯდომარის პოსტზე გასული წლის დეკემბერში გამართულ პრეიმერში მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა დამარცხდა.

საარი კიდევ უფრო რადიკალური პოზიციებით გამოირჩევა, ვიდრე ნეთანაიჰუ. მაგალითისათვის, ის მხარს უჭერს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების ანექსიას, რომლის შეჩერების სანაცვლოდ, ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან ურთიერთობების ნორმალიზაციას მიაღწია.

მოსალოდნელია, რომ ვადამდელ არჩევნებში საარის პარტია ლიკუდის ხმების ნაწილს მოიპოვებს. 

2018 წლის დეკემბრის შემდეგ 2020 წლის მაისამდე ისრაელს სტაბილური მთავრობა არ ჰყავდა. ქვეყანაში სამი არჩევნები ჩატარდა, თუმცა, უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო. თავდაპირველად, ბენი განცი ნეთანიაჰუსთან ერთად მთავრობის შექმნაზე უამბობდა და მიზეზად სწორედ კორუფციის ბრალდებებს ასახელებდა. საბოლოოდ კი, მან თქვა, რომ კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებელია, შეიქმნას მთავრობა, რომელიც საგანგებო სიტუაციისას ქვეყანას მართავს.

შეთანხმების მიხედვით, განცი იკავებს ალტერნატიული პრემიერმინისტრის თანამდებობაც. ეს ახალი პოზიცია სპეციალურად შეთანხმებისთვის შეიქმნა და 18 თვის შემდეგ, როდესაც პრემიერმინისტრი განცი გახდებოდა, ეს პოსტი ნეთანიაჰუს უნდა დაეკავებინა, თუმცა, ხელახალი არჩევნების შემდეგ ეს შეთანხმება გაუქმდება.

ისრაელის გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 21 ნოემბერს ნათანიაჰუს სამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საქმეზე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. საქმეები ქრთამის აღებას, თაღლითობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხება. ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

ქრთამის ნაწილში ნეთანიაჰუს დახმარების გაწევის სანაცვლოდ ბიზნესმენებისაგან საჩუქრების - ძირითადად, სიგარებისა და შამპანურის მიღებაში ადანაშაულებენ. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ნაწილში ნეთანიაჰუს ბრალი ედება გაზეთ Yediot Ahronot-ისთვის ხელის შეწყობის შეთავაზებაში, მათგან პოზიტიურად გაშუქების სანაცვლოდ. ასევე, თაღლითობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნაწილში, მას ბრალად ედება პრემიერმინისტრისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენ შაულ ელოვიჩის კომპანიების სასარგებლო რეგულაციების მიღებაში, ელოვიჩის ახალი ამბების სააგენტოსაგან პოზიციტურად გაშუქების სანაცვლოდ.

სასამართლო პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე თვეს ან წელს გაგრძელდეს. მისი მიმდინარეობისას ნეთანიაჰუ ვალდებული არაა, პოსტი დატოვოს. ნეთანიაჰუს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმუმ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დამნაშავედ ცნეს, ნეთანიაჰუ ვალდებული არ იქნება, პოსტი დატოვოს, სანამ განაჩენს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებს, რასაც შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

კომენტარები