საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა, აშშ-ის სენატმა ის გაამართლა

დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ის სენატში გამართულ სასამართლო პროცესზე სენატორებმა ტრამპი საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში წაყენებულ ორივე მუხლში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში უდანაშაულოდ ცნეს.

მათ პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს.

კონგრესისათვის ხელის შეშლაში ტრამპი დამნაშავედ მიიჩნია ყველა დემოკრატმა სენატორმა (47 ხმა), ხოლო უდანაშაულოდ ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა (53 ხმა). რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, აქ დემოკრატ სენატორებს შუერთდა რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნიც, თუმცა 48 ხმა მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ტრამპისათვის უფლებამოსილების შესაჩერებლად. ამისათვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ამით ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დასრულდა. ის მესამე პრეზიდენტი გახდა აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, ხოლო სენატმა გაამართლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 18 დეკემბერს გამოუცხადა. პირველი ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტს მხარი 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 197. მეორე ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტის მომხრე იყო 229 კონგრესმენი, წინააღმდეგი 198. იმპიჩმენტის მხარდამჭერებს შორის იყო თითქმის ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ხოლო რესპუბლიკელემბა მას მხარი არ დაუჭირეს.

საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნდათ.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესის წინაშე წარსდგნენ მოწმეები და ექსპერტები. მოწმეების გამოძახებას სენატორებმა მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარები