ისრაელი-მოროკო

მაროკო და ისრაელი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდენენ

მეფე მუჰამედ VI/ბენიამინ ნეთანიაჰუ
GETTY IMAGES

მაროკო მორიგი არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც აშშ-ს ჩართულობით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოაწერა ხელი.

შეთანხმების ფარგლებში აშშ დათანხმდა, ეღიარებინა მაროკოს უფლებები დასავლეთ საჰარის სადავო რეგიონზე. სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა და ცნო მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის ტერიტორიაზე, რომელიც მაროკოსა და საჰარავის ეთნიკურ უმცირესობას შორის დავის საგანია. საჰარავის ოფიციალური წარმომადგენლის, სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის პოლისარიოს ლიდერობით რეგიონი დამოუკიდებლობას ითხოვს.

შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

"კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა დღეს! ჩვენი ორი ძალიან კარგი მეგობარი, ისრაელი და მაროკოს სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეთანხმდა - უდიდესი მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობისთვის" - წერს ტრამპი Twitter-ზე

თეთრი სახლის თანახმად, მაროკოს მეფე მუჰამედ VI დათანხმდა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

შეთანხმების ფარგლებში პირველ ეტაპზე თელავივსა და რაბათში გაიხსნება საკომუნიკაციო ოფისები, შემდეგ კი საელჩოები. მაროკო ასევე დაუშვებს პირდაპირ ფრენებს ორ ქვეყანას შორის.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ თანამედროვე პერიოდში ისრაელისა და მაროკოს მოქალაქეებს თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

შეთანხმება დადებითად შეაფასეს ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა. 

პალესტინის წარმომადგენლებმა დაგმეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება და აღნიშნეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ისრაელს პალესტინელების უფლებების უარყოფის გაგრძელებაში. პალესტინა კრიტიკულად აფასებს ისრაელსა და არაბული ლიგის ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას.

მაროკოს მეფემ აღნიშნა, რომ შეთანხმება არ მოახდენს გავლენას პალესტინისათვის მაროკოს მხარდაჭერაზე. მუჰამედ VI ესაუბრა პალესტინის ოფიციალურ წარმომადგენელს, მაჰმუდ აბასს და დაარწმუნა ის, რომ მაროკო არასოდეს იტყვის უარს თავის როლზე პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების დაცვის საქმეში.

ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების მსგავსი შეთანხმებები უკვე გააფორმეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და სუდანმა.

15 სექტემბერს ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თეთრ სახლში მოაწერეს ხელი. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ძალიან მალე ამავე გზას დაადგება კიდევ ხუთი ან ექვსი ქვეყანა, თუმცა ამ ქვეყნებიდან არცერთი არ დაუსახელებია. ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ფრენებს საუდის არაბეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა. 19 ოქტომბერს ისრაელმა და ბაჰრეინმა დიპლომატიური კავშირები ფორმალურად დაამყარეს. ბაჰრეინი არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელის სახელმწიფო ცნო.

23 ოქტომბერს ისრაელი და სუდანი აშშ-ს დახმარებით შეთანხმდნენ, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადაედგათ.

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფაისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მან თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებას დიდი ხანია მხარს უჭერენ, თუმცა ამისათვის ჯერ ისრაელსა და პალესტინას შორის მუდმივ და ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, პალესტინამ არაბული ლიგის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე უარი თქვა.

კომენტარები