აშშ-ს არჩევნები 2020

როგორია აშშ-ს საარჩევნო სისტემა და რა შანსები აქვს ჯო ბაიდენს

3 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ასევე, რამდენიმე შტატში აირჩევენ 35 ახალ სენატორს, რამაც, შესაძლოა, სენატში, რომელსაც ახლა რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, ძალთა ბალანსი შეცვალოს. სენატის იმ ადგილებიდან, რომლებიც 2020 წლის არჩევნებში უნდა შეივსოს, 23 რესპუბლიკელებს უკავიათ, 12 კი დემოკრატებს, რომელთაც ამ ადგილების შენარჩუნების გარდა 3 ან 4 ადგილი (იმის მიხედვით, თუ ვინ გახდება ვიცეპრეზიდენტი) სჭირდებათ სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად.

აშშ-ს საარჩევნო სისტემა - რა არის და როგორ მუშაობს საარჩევნო კოლეგია

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას 3 ნოემბერს დააფიქსირებს, პრეზიდენტის ვინაობას დეკემბერში საარჩევნო კოლეგია გადაწყვეტს. საარჩევნო კოლეგია 538 წევრისგან შედგება (სენატის 100 და წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილის შესაბამისად + 3 წევრი დედაქალაქ ვაშინგტონიდან). არჩევნების წინ პარტიები საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ. ისინი არ უნდა მსახურობდნენ ფედერალურ თანამდებობებზე. როგორც წესი, პარტიები წევრებს მათდამი ლოიალობის ნიშნით არჩევენ. წევრების რაოდენობა შტატების მიხედვით არის გადანაწილებული და 3-დან 55-მდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რამხელაა შტატის მოსახლეობა. შტატისათვის მინიჭებული წევრების რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს საყოველთაო აღწერის შემდეგ, რომელიც 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.

შტატების უმეტესობაში მუშაობს სისტემა „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კოლეგიაში შტატის ყველა წარმომადგენელი იქნება იმ პარტიიდან, რომლის კანდიდატიც ამ შტატის მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. განსხვავებული სისტემაა მეინის და ნებრასკის შტატებში, სადაც წევრებს არა მთლიანად შტატის, არამედ ოლქების მიხედვით ირჩევენ, შესაბამისად, ამ შტატებიდან კოლეგიაში შესაძლოა შევიდნენ, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის მიერ შერჩეული წევრები.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფიცი, რომელსაც კოლეგიის წევრები დებენ, რომ ხმას მისცემენ იმ კანდიდატს, რომელმაც შტატში გაიმარჯვა, მისი დარღვევა მხოლოდ ზოგიერთ შტატში ისჯება. აღსანიშნავია, რომ წევრებს, რომლებმაც ფიცი დაარღვიეს, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში არასოდეს უთამაშიათ გადამწყვეტი როლი.

სწორედ ამ ე.წ. „მოღალატე“ წევრების საკითხს, ასევე ხმების ხელახლა დათვლის და მსგავს საკითხებს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო განიხილავს. ასე მოხდა 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც საქმე ეხებოდა ფლორიდაში ხმების გადათვლის საკითხს. უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, პირველადი დათვლის შედეგები ლეგიტიმურად ჩაითვალა, რამაც ჯორჯ ბუშ უმცროსს ფლორიდიდან 25 წევრის ხმა, საბოლოოდ საარჩევნო კოლეგიაში კი 271 ხმა მოუტანა (ზუსტად 1-ით მეტი იმაზე, რაც გამარჯვებისთვის იყო საჭირო).

იმ შემთხვევაში, თუ კოლეგიაში უმრავლესობის მოპოვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა აირჩევს. კონგრესმენები ხმას არა ინდივიდუალურად, არამედ შტატის დელეგაციის ფარგლებში აძლევენ. თითო შტატს თითო ხმა აქვს. ამჟამად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, მაგრამ, ვინაიდან თითო შტატიდან თითო ხმა ითვლება, ამ წესით უმრავლესობა ამ დროისთვის რესპუბლიკური პარტიის მხარესაა. თუმცა 3 ნოემბერს ტარდება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებიც. გადაწყვეტილებას კი არჩევნების შემდეგ დამტკიცებული პალატა მიიღებს, სადაც ძალთა თანაფარდობა, შესაძლოა, შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუ შტატის დელეგაციის შიგნით ხმები გაიყო, ის გადაუწყვეტლად ჩაითვლება და არცერთ კანდიდატს არ მიენიჭება. პრეზიდენტად არჩევისათვის კანდიდატმა 50 შტატის დელეგაციიდან 26-ის ხმა უნდა მიიღოს. მსგავსი წესით აშშ-ში პრეზიდენტი 1801 და 1825 წლებში.

მსგავსი პრინციპი მუშაობს ვიცეპრეზიდენტის არჩევისასაც. მაშინ, როდესაც კანდიდატები საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ, ვიცეპრეზიდენტს სენატი ირჩევს. 1933 წელს კონსტიტუციაში შესული შესწორების მიხედვით, 2020 წელს მსგავსი შედეგის დადგენის შემთხვევაში არჩევანს ახლად დაკომპლექტებული სენატი გააკეთებს. თითო სენატორს თითო ხმა აქვს. 1837 წელს სენატმა ამგვარად აირჩია ვიცეპრეზიდენტი მას შემდეგ, რაც საარჩევნო კოლეგიაში ვირჯინიის წარმომადგენელმა ე.წ. მოღალატე ხმოსანმა რიჩარდ მენტორ ჯონსონს არ მისცა ხმა, რომელიც მას კოლეგიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდებოდა.

საარჩევნო კოლეგია აშშ-ში 1787 წლიდან არსებობს. ის კონსტიტუციის ავტორებმა კომპრომისის სახით შექმნეს, რათა მცირე ზომის და მოსახლეობის მქონე შტატებისთვის მიეცათ გარანტია, რომ მათი მნიშვნელობა ქვეყნის მმართველის არჩევისას არ დაკნინდებოდა. კოლეგიის არსებობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს მექანიზმი აიძულებს კანდიდატებს, უყურადღებოდ არ დატოვონ მომცრო შტატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შტატების ნაწილში მკვეთრად არის გამოკვეთილი რომელიმე პარტიისადმი მხარდაჭერა, ხოლო ზოგიერთ შტატს, ე.წ მერყევ შტატებს, გამოკვეთილი ლოიალობა რომელიმე პარტიის მიმართ არა აქვთ და სხვადასხვა დროს იქ გაუმარჯვიათ, როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს.

მოწინააღმდეგეთა მიხედვით კი, კოლეგია დამფუძნებელმა მამებმა იმისათვის შექმნეს, რომ მთავრობასა და ხალხის მასებს შორის ერთგვარი დამცავი მექანიზმი ყოფილიყო, რადგან იმ პერიოდში ამომრჩეველთა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო სრულად ინფორმირებული მსგავსი პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილების მისაღებად და უმჯობესად მიიჩნიეს, ის პარტიების მიერ შერჩეული წარმომადგენლებისთვის მიენდოთ. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ინსტიტუტი მოძველებული და უსამართლოა და უნდა გაუქმდეს. შესაძლოა, მომავალში ამ საკითხის გადაჭრაც უზენაეს სასამართლოს მოუხდეს.

როგორიც არ უნდა იყოს ის, სწორედ საარჩევნო კოლეგიის არსებობამ განაპირობა, რომ 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ჯამში დონალდ ტრამპზე მეტი ხმა მიიღო, საბოლოოდ დამარცხდა. ამჯერადაც, მერყევ შტატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ პრეზიდენტის არჩევაში.

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ფოტო: AP

უკანასკნელი გამოკითხვები

ბოლო გამოკითხვებით ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხმათა 51%-ს აიღებს, დონალდ ტრამპი კი 43%-ს.

რაც შეეხება იმ შტატებს, რომლებიც არჩევნების ბედს გადაწყვეტენ, მათ უმეტესობას ამ დროისთვის არსებული გამოკითხვებით ჯო ბაიდენი იგებს. ასეთი შტატებს შორის არის ისეთებიც, რომლებშიც გასულ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ესენია:

არიზონა – ბაიდენი – 48.8%, ტრამპი – 45.8%, სადაც 2016 წლის არჩევნებში ტრამპმა 3.6-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა.

მიჩიგანი – ბაიდენი – 51.2%, ტრამპი – 43.0%, ტრამპმა 2016 წელს 0.2 ქულიანი სხვაობით მოიგო.

ჩრდილოეთ კაროლინა – ბაიდენი – 48.7%, ტრამპი – 46.8%, ტრამპმა წინა არჩევნებში 3.7%-ით მოიგო.

პენსილვანია – ბაიდენი – 50.2%, ტრამპი – 45.1%, 2016-ში ტრამპმა 0.7 ქულიანი სხვაობით მოიგო.

ვისკონსინი – ბაიდენი – 51.9%, ტრამპი – 44.0%, ტრამპმა კლინტონს 0.8 ქულით მოუგო.

ფლორიდა – ბაიდენი – 48.8%, ტრამპი – 46.6%, 2016-ში ტრამპმა მოიგო 1.2%-ით

ჯორჯია – ბაიდენი – 48.1%, ტრამპი – 47.2%, 2016-ში ტრამპმა მოიგო 5.2-ქულიანი უპირატესობით

ასევე, ბაიდენი იგებს იმ მერყევ შტატებშიც, რომლებმაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებზეც დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი აირჩიეს. ესენია:

მინესოტა – ბაიდენი – 51.7%, ტრამპი – 42.6%, 2016-ში კლინტონმა 1.5 ქულიანი სხვაობით მოიგო.

ნევადა – ბაიდენი – 49.4%, ტრამპი – 44.5%, კლინტონმა მოიგო 2.4%-ით.

ნიუ-ჰემფშირი – ბაიდენი – 53.8%, ტრამპი – 42.9%, კლინტონმა მოიგო 0.4-ქულიანი სხვაობით.

ვირჯინია – ბაიდენი – 53.5%, ტრამპი – 42.3%, კლინტონმა მოიგო 5.4%-ით.

ამ მნიშვნელოვანი შტატებიდან ტრამპი ამჯერად მხოლოდ 3-ში ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ მან ეს შტატები გასულ არჩევნებზეც მოიგო, თუმცა ამჯერად კონკურენტთან სხვაობა შემცირებულია. ეს შტატებია:

აიოვა – ტრამპი – 47.4%, ბაიდენი – 45.8%, 2016-ში ტრამპმა გაიმარჯვა 9.5%-ით

ოჰაიო – ტრამპი – 47.4%, ბაიდენი – 47.2%, 2016-ში ფლობდა 8.2-ქულიან უპირატესობას.

ტეხასი – ტრამპი – 48.5%, ბაიდენი – 47.4%, 2016-ში გაიმარჯვა 9.1-ქულიანი სხვაობით.

შესაბამისად, ამ მონაცემებით მოსალოდნელია, რომ ბაიდენი საარჩევნო კოლეგიაში საჭირო 270-ზე მეტ ხმას მიიღებს. თუმცა ზოგიერთ შტატში გამოკითხვებით მიღებული მაჩვენებლით ორი კანდიდატი იმდენად ახლოა ერთმანეთთან, ძნელი სათქმელია, როგორი იქნება არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოკითხვებზე დაყრდნობით გამარჯვებას ჰილარი კლინტონს უწინასწარმეტყველებდნენ.

პროგნოზებს ართულებს პანდემიაც, რომლის გამოც ზოგიერთი უბანი ნაადრევად გაიხსნა რიგების თავიდან ასარიდებლად. 9 დღით ადრე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი ფლორიდაში თავად პრეზიდენტმა ტრამპმა. ასევე ზოგიერთ შტატში აქტიურად ამოქმედდა ფოსტით ხმის მიცემის პროცესი, რასაც ტრამპი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერები აკრიტიკებენ და დარღვევების პოტენციურ წყაროდ მიიჩნევენ.

როგორ ხდება ხმის მიცემა ფოსტით

ფოსტით ხმის მიცემის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის პანდემიის პირობებში გახდა. ამომრჩეველთა ნაწილი მანამდეც ითხოვდა ამ მეთოდის უფრო ფართოდ დანერგვას და მიზნად გრძელ რიგებს, ხმის მისაცემი მოწყობილობების გაუმართაობას და იმას ასახელებდა, რომ არჩევნების დღეს ამერიკელები სამსახურიდან არ თავისუფლდებიან და, შესაბამისად, მათ ნაწილს უჭირს ხმის მისაცემად უბანზე მისვლა.

რამდენიმე შტატში უკვე სრულად მოქმედებს ფოსტით ხმის მიცემის სისტემა და ბიულეტენი ყველა რეგისტრირებულ არმომრჩეველს სახლში ეგზავნება. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ, ხმა უბნებზე მისცენ სურვილის შემთხვევაში. შტატების ნაწილში ფოსტით ხმის მისაცემად ამომრჩეველმა ბიულეტენის მიღება წინასწარ უნდა მოითხოვოს, თუმცა ამისათვის რაიმე წინაპირობები არ არსებობს. ზოგიერთ შტატში კი იმისათვის, რომ ხმა ფოსტით მისცეთ, უნდა გქონდეთ საფუძვლიანი მიზეზი. მაგალითად, ამ უფლებით სარგებლობა შეუძლიათ 65 წლის და უფრო ასაკოვან პირებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, მათ, ვინც არჩევნების დღეს რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს, ან უბნების გახსნიდან დახურვამდე პერიოდში არ იმყოფება იმ ოლქში, სადაც რეგისტრირებული, ან მუშაობს მთელი ამ დროის განმავლობაში.

სისტემის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც ამომრჩეველთა ნაწილი უარს ამბობს საარჩევნო უბანზე მისვლაზე ჯანმრთელობის რისკების გამო, ეს ამომრჩეველთა აქტიურობას გაზრდიდა. მაგრამ ყველა შტატი ამისათვის მზად არ არის. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში შტატების ნაწილი ვერ ახერხებს ბიულეტენი მიაწოდოს ყველა არმომრჩეველს, რომელსაც ხმის მიცემა სახლიდან სურს.

ფოტო: Getty Images

სისტემის კრიტიკოსები ლაპარაკობენ იმ დარღვევებზე, რაც შეიძლება ამ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვიოს. მაგალითისათვის, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ, შესაძლოა მოხდეს შეცდომა და ერთმა ამომრჩეველმა ორი ბიულეტენი მიიღოს. 2020 წლის არჩევნებში უკვე აღირიცხა მსგავსი ტიპის დარღვევის არაერთი შემთხვევა.

ტრამპი ასევე ლაპარაკობდა ბიულეტენების დაკარგვასა ან მოპარვაზე, თუმცა ამ შემთხვევაში საგულისხმოა, რომ ფოსტას აქვს სპეციალური სისტემა, რომელიც ამომრჩეველს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს, რა ეტაპზეა მის მიერ გაგზავნილი ბიულეტენი, როდის მიიღეს და დადასტურდა თუ არა მისი ხელმოწერის ავთენტურობა, რის შედეგადაც უკვე მეორე კონვერტში მის მიერ შევსებული ბიულეტენი მოხვდება იმ ბიულეტენებთან, რომლებიც არჩევნებზე დაითვლება. თუ ამომრჩეველი არჩევნებამდე ბიულეტენს ფოსტით ვერ მიიღებს, მას ყოველთვის აქვს შესაძლებლობა საკუთარი ხმა საარჩევნო უბანზე დააფიქსიროს.

კრიტიკოსების ერთი ნაწილი სხვა მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას. ესაა საფრთხე, რომ დაირღვევა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი. ეს საფრთხე მართლაც არსებობს და მიმდინარე არჩევნებზეც გამოვლინდა ხმების მოსყიდვის შემთხვევები, თუმცა ჯერჯერობით, იმ შტატებში, სადაც ამ სისტემით აქიურად სარგებლობენ, არ დაფიქსირებულა იძულების და ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის ხშირი შემთხვევები, რაც გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ფოსტით ხმის მიცემის მომხრეები ამბობენ, რომ პრაქტიკის არსებობის განმავლობაში მსგავსი შემთხვევები იშვიათია და, მექანიზმის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას ვერ შექმნიდა. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის დარღვევები ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დროსაც.

მიუხედავად ამისა, ტრამპმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გაყალბდეს. მან განაცხადა, რომ შედეგების ლეგიტიმურობას აღიარებს, თუ ის სამართლიანად ჩატარდება. მისი განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ დამარცხების შემთხვევაში ის შეეცდება, გაასაჩივროს შედეგები კონკრეტულ შტატებში და საფუძვლად ფოსტით ხმის მიცემის სისტემის ხარვეზები გამოიყენოს. თუკი ეს მართლაც მოხდება, საკითხის განხილვა სწორედ უზენაეს სასამართლოს მოუწევს. სწორედ მათი განაჩენი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი იმაში, თუ ვინ გახდება აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი.

კომენტარები