ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ირანმა ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა

დასავლეთ ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზა "ალ-ასადზე" სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Farsnews-მა გაავრცელა. ცნობები გავრცელდა სხვა მედიებშიც. 

ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლზე და დაშავებულებზე.

აღნიშნულ ბაზაზე ამერიკელებთან ერთად ერაყელი სამხედროებიც არიან დისლოცირებულნი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ბაზაზე შეტევა ირანული ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. ABC-ის ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო ბაზის გარდა, შეტევა კიდევ რამდენიმე ამერიკულ ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის, ბაზა ერბილში. 

ალ-ასადი დასავლეთ ერაყში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ამერიკული სამხედრო ბაზააა. ამ ბაზაზე იმყოფებოდა დონალდ ტრამპიც 2018 წლის დეკემბერში. 

დაბომბვაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება რაკეტების რაოდენობის შესახებ და 6-10 მდე მერყეობს. 

ტელეკომპანია СNN-ის ინფორმაციით, მომხდარზე შესახებ უკვე ინფორმირებულია პრეზიდენტი ტრამპი. 

ორ სახელმწიფოს შორის ვითარება აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმისას გენერალი ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ გამწვავდა. ირანელი გენერალი 3 იანვრის დილით, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად უპილოტო დრონის შეტევისას მოკლეს. 

ირანის ყველაზე ელიტური სამხედრო-სადაზვერვო დანაყოფის ხელმძღავნელის მკვლელობამ რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, დღეს ქვეყნის პარლამენტმა ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო პენტაგონი. 

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამინეი სოლეიმანის მკვლელებს სასტიკი და დაუნდობელი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა და პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ. 

სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ ეს ირანის მხრიდან გადადგმული პირველი საპასუხო ნაბიჯია. ირანის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, ალი შამხანის თქმით, ირანში ფლობენ დეტალურ ინფორმაციას ირანის საზღვრებთან ახლოს მყოფ 19 ამერიკულ ბაზაზე. 

შამხანი ამბობს, რომ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსში საპასუხო 13 სამოქმედო გეგმაზე ფიქრობენ და ყველაზე სუსტი მათგანიც, კი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მძიმე კოშმარი იქნება. 

სოლეიმანის შემდეგ ირანისგან გავრცელებულ მუქარებს საპასუხო რეაქცია მოჰყვა დონალდ ტრამპისგან. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი საპასუხო ქმედების შემთხვევაში აშშ-მა უკვე ამოიღო მიზანში 52 ირანული ობიექტი, რომელიც ძალიან სწრაფად და ძალიან ძლიერად დაიბომბება. 

კვირას, 6 იანვარს, ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, გაიყვანოს ნებისმიერ უცხო ქვეყნის ჯარი ერაყის ტერიტორიიდან, მათ შორის აშშ-ის ჯარებიც. მიღებული რეზოლუციის პასუხოდ, დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზოგადად ერაყიდან ჯარების გაყვანას ისურვებდა, თუმცა ახლა ამისთვის ცუდი დროა. 

ტრამპის თქმით, აშშ-იმ ერაყის თავდაცვისუნარიანობის გასამაგრებლად ბევრი რამ გააკეთა და მას იმედი აქვის, რომ ერაყელები ამ თანხის გარკვეულ ნაწილს მაინც აანაზღაურებენ. ტრამპის თქმით, ამერიკული არმიის გასვლა ერაყისთვის კატასტროფით დასრულდება. 

ბოლო ორი თვის მანძილზე მასობრივი ანტი-სამთავრობო აქციები მიმდინარეობდა, რომელიც პრემიერმინისტრის გადადგომის მიუხედავად არ შეწყვიტილა. პროტესტმა მალევე ანტი-ირანული ხასიათი მიიღო. 

ანტი-ირანული რიტორიკის საპასუხოდ ერაყში ირანული დაჯგუფებები გააქტიურდნენ. 27 დეკემბერს შეტევა განხორციელდა ერთ-ერთ ამერიკულ ბაზაზე ირბილში, რომელსაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე შეეწირა. 

ამის შემდეგ ვითარება გამწვავდა უშუალოდ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს შენობასთან. 31 დეკემბერს შიიტმა დემონტრანტებმა, ბაღდადის მწვანე ზონაში მდებარე აშშ-ის საელჩოს შტურმი მიიტანეს. მიიჩნევა, ზემოთხსენებული ანტი-ამერიკული პროტესტის ორგანიზატორი სწორედ, მოკლული ყასემ სოლეიმანი იყო. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ცნობით, ბაღდადში ვიზიტით მყოფი სოლეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე და სამხედროებზე.

კომენტარები