საფრანგეთი

კლასში მუჰამედის კარიკატურის ჩვენების შემდეგ საფრანგეთში მასწავლებელი მოკლეს

საფრანგეთში საშუალო სკოლის მასწავლებელი სკოლასთან დანით მოკლეს მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში მან მოსწავლეებს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა. 

თავდამსხმელი პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მასწავლებელს ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ფრანგული მედიის BFMTV-ის ცნობით, ეჭვმიტანილი მოსკოვში დაბადებული 18 წლის პირი იყო. სამართალდამცავებს თავდამსხმელი ან მსხვერპლი არ დაუსახელებიათ.

პოლიციის წყარო ამბობს, რომ თვითმხილველმა გაიგო თავდამსხმელის მიერ ნათქვამი სიტყვები - "ალაჰ აკბარ".

მასწავლებელს თავს დაესხნენ თავის სამუშაო ადგილთან, საშუალო სკოლასთან მდებარე ქუჩაზე. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მასწავლებელმა მიმდინარე თვის დასაწყისში მოსწავლეებს კარიკატურები აჩვენა, რაც სამოქალაქო განათლების ნაწილი იყო.

9 ოქტომბერს Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც კაცი ამბობს, რომ მისი მუსლიმი ქალიშვილი კლასში ერთ-ერთი მოსწავლე იყო და მასწავლებლის მოქმედებით გაბრაზებული იყო და შოკში იყო.

"ჩვენი მოქალაქე მოკლეს დღეს, რადგან ის ასწავლიდა, ის მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლებაზე ასწავლიდა," - განაცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა

"ჩვენ თანამემამულეს თავს დაესხნენ შემზარავად , ის ისლამისტური ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლია. ისინი არ გაიმარჯვებენ... ჩვენ ვიმოქმედებთ. მტკიცედ და სწრაფად. თქვენ შეგიძლიათ ჩემს გამბედაობას ენდოთ". - განაცხადა მაკრონმა.

მასწავლებლის მიზანში ამოღება საფრანგეთის მრავალმა საჯარო პირმა შეაფასა, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის არსზე, მის ღირებულებებზე, სეკულარიზმზე, რწმენის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

"ამ საღამოს, რესპუბლიკას თავს დაესხნენ," - წერს საფრანგეთის განათლების მინისტრი, ჟან მიშელ ბლანკერი.

მასწავლებელზე თავდასხმას Twitter-ზე გამოეხმაურა გამოცემა "შარლი ებდო": "შეუწყნარებლობამ გადალახა ახალი ბარიერი და როგორც ჩანს, მას არაფერი უშლის ხელს ჩვენი ქვეყნისთვის ტერორის დაწესებაში".

2015 წლის 7 იანვარს ძმები საიდ და შერიფ კუაშები შეიჭრნენ "შარლი ებდოს" რედაქციაში და ცეცხლი გახსნეს. მთლიანობაში თავდასხმას 12 ადამიანის, მათ შორის ჟურნალის მთავარი რედაქტორის, წამყვანი კარიკატურისტებისა და ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ და ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღეს.

2015 წლის თავდასხმის შემდეგ "შარლი ებდოს" ოფისი საიდუმლო ლოკაციაზიაზე გადავიდა.

მას შემდეგ, რაც "შარლი ებდომ" თქვა, რომ მოციქული მოჰამედის კარიკატურებს ხელმეორედ დაბეჭდავდა, ალ-ქაიდას მხრიდან გამოცემის მიმართ მუქარა განახლდა. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო "შარლი ებდოზე" 2015 წლის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის დაწყების წინა დღეს "შარლი ებდომ" ხელახლა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები, რომლებიც 2015 წლის თავდასხმის მიზეზი გახდა.

25 სექტემბერს პარიზის ცენტრალურ უბანში, "შარლი ებდოს" ყოფილი ოფისის წინ დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ორი ადამიანი დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრის გერალდ დარმანინის ინფორმაციით, თავდამსხმელი პაკისტანიდანაა და საფრანგეთში სამ წლის წინ ჩამოვიდა. პარასკევს პარიზში მომხდარი დანით თავდასხმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილის თქმით, მისი სამიზნე იყო სატირული გამოცემა "შარლი ებდო" . 

კომენტარები