პრიგოჟინის ამბოხება

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

პრიგოჟინის ამბოხება

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

რუსეთში მომხდარი არეულობიდან ერთი კვირის თავზე მოვლენებთან დაკავშირებული კითხვების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, თუმცა ზოგადი სურათის შექმნა უკვე მარტივია. არაერთ ომის დანაშაულში ბრალდებული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფისა და მისი დამფუძნებლის, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის ამბოხება წარუმატებლად დასრულდა, თუმცა მთელი ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება უკვე თიხის ფეხებზე დგას, რადგან მსგავსი გამოწვევის წინაშე ის, ფაქტობრივად, არასდროს დამდგარა.

მზარეულის ჩრდილიდან გამოსვლა

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, "პუტინის მზარეულად" წოდებული ევგენი პრიგოჟინის ჩრდილიდან გამოსვლის ტემპი გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. მისი აქტიურობიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ მას პრეტენზია ჰქონდა გარკვეულ ძალაუფლებაზე. თუ ადრე ის კულისებს მიღმა ყოფნით კმაყოფილდებოდა, ახლა პრიგოჟინს მეტი საჯაროობა სურდა. ოფიციალურად, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მან 2022 წლის 26 სექტემბერს საბოლოოდ აღიარა სიმართლე – ვაგნერის ჯგუფი თავად დააფუძნა. თუ აქამდე ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძრას იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პრიგოჟინისა და ვაგნერის კავშირებზე საუბრობდნენ, ახლა ოლიგარქი ამბობდა, რომ 2014 წელს, როცა დონბასში ომი დაიწყო, იარაღს "საკუთარი ხელით წმენდდა", თავად იშოვა აღჭურვილობა და სპეციალისტებიც. მან აღიარა თავისი ჯგუფი აქტიურობა არაბულ ქვეყნებში, აფრიკის კონტინენტსა და ლათინო ამერიკაში.

სანამ პრიგოჟინი სიმართლეს აღიარებდა, იმავე თვეში გავრცელდა კადრები, რომლებშიც რუსი ოლიგარქი, რომელსაც საბჭოთა ციხეში 9 წელი აქვს გატარებული, თავად დადიოდა რუსეთის პენიტენციურ დაწესებულებებში და ვაგნერისთვის პატიმართა რეკრუტირებას ცდილობდა. ცხადი იყო, რომ ამ საქმიანობაში მას სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა და ნებართვა ჰქონდა. რეკრუტირების ამ სისტემის მეშვეობით, პრიგოჟინმა შეძლო და საკუთარი შედარებით მცირე ზომის პროფესიონალური რაზმი გარდაქმნა რამდენიმეათასიან არმიად, რომელმაც, დამფუძნებლის მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე უკეთესი ეფექტიანობა გამოავლინა. მალე, ოქტომბრის ბოლოსთვის ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ორგანიზაცია, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) საკუთარ ანგარიშში უკვე ვარაუდობდა, რომ "პარალელურ სამხედრო სისტემას", რომელსაც პრიგოჟინი აყალიბებდა, შესაძლოა პუტინისთვის საფრთხე შეექმნა.

ევგენი პრიგოჟინი მარი-ელის ციხეში - კადრი ვიდეოდან

ოქტომბერში პრიგოჟინმა და მასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა თანდათან დაიწყეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკა. თავდაპირველად, ამ პროცესში მასთან ერთად ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვიც ჩართული იყო. ჩეჩნეთის ლიდერსა და ოლიგარქს ამ პერიოდში ჯერ კიდევ, ერთი შეხედვით, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. მეტიც, ამ თვეებში სამხედრო ანალიტიკური ცენტრები წერდნენ, რომ პუტინი უკრაინაში სწორედ ამ ორი ადამიანის ძალებზე იყო დამოკიდებული. თავდაცვის უწყების გარდა, პრიგოჟინის კრიტიკის სამიზნე იყო რუსეთის მდიდარი ფენაც, რომელთაგანაც ვაგნერის დამფუძნებელი რაზმების დაფინანსებასა და მათი შვილების ჯარში გაგზავნას ითხოვდა. მისი რიტორიკა ეყრდნობოდა პატრიოტიზმის ნარატივს და გათვლილი იყო რუსულ ულტრანაციონალისტურ აუდიტორიაზე, რომელიც ახლა რამდენიმე ბანაკად არის გაყოფილი. 

ცხადი იყო, რომ პრიგოჟინი გავლენებს იმყარებდა და ჩნდებოდა ეჭვი, რომ ის პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადებოდა. ამ თეორიას ამყარებდა მისი ღია დაპირისპირება სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორთან, ალექსანდრ ბეგლოვთან. ოლიგარქი რუსეთის პროკურატურას სთხოვდა, რომ ბეგლოვი კრიმინალური კავშირის შექმნისა და სახელმწიფო ღალატის ფაქტებთან დაკავშირებით შეემოწმებინათ. პრიგოჟინი და გუბერნატორი ერთმანეთს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაუპირისპირდნენ. მთელი ეს გარემოებები მიუთითებდა იმაზე, რომ პრიგოჟინი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა. მეტიც, დამოუკიდებელი რუსული მედია, მედუზა კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ოლიგარქი "პატრიოტული კონსერვატიული მოძრაობის" შექმნას გეგმავდა. მეტიც, რუსული მედია ამ მასალებში ამბობდა, რომ პრიგოჟინი პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენების, ძმები კოვალჩუკების "უმცროსი პარტნიორი" და "ხელსაწყო" იყო. ძმები ასევე დაპირისპირებულები იყვნენ პეტერბურგის გუბერნატორთან. მედუზასთან კრემლთან დაახლოებული წყარო ამბობდა, რომ კოვალჩუკებს სურდათ რუსეთის პრეზიდენტისთვის ეჩვენებინათ, რომ მათ "ქვეყნის პოლიტიკის მთავარ ოპერატორებს" შორის ყოფნა შეეძლოთ. ძმები, რაიმე სახის აქტორების სახით, ბოლო ერთ წელში განვითარებულ მოვლენებში არ გამოჩენილან.

პარალელურად, პრიგოჟინმა 4 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში, ქალაქის ცენტრში გახსნა ვაგნერის ცენტრი, უდიდესი კომპლექსი, სადაც ის ჯგუფისთვის სხვადასხვა, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობას გეგმავდა. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ მსგავსი დაწესებულების გახსნა ხდება მაშინ, როცა რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიების მოქმედება ფაქტობრივად უკანონოა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა, რომ პრიგოჟინი კანონს მიღმა იდგა. ამასთან ერთად ოლიგარქი ცდილობდა საკუთარი გამოკვეთილი, პატრიოტი, გამბედავი, მართალი, გულწრფელი და დაუნდობელი, თუმცა სამართლიანი ადამიანის იმიჯი შეექმნა. რეპუტაციის ამაღლების მიზნით მან ისიც კი აღიარა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რა ბრალდებითაც ის ვაშინგტონის მიერ სანქცირებული იყო. მნიშვნელოვანი იყო მისი გამოხმაურება კადრებზე, რომლებშიც ყოფილ ვაგნერელს, ღალატის გამო, თავის არეში უროს ჩარტყმით კლავდნენ. ვაგნერთან კავშირში მყოფ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პრიგოჟინმა თქვა, რომ მოკლული "ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს შეხვდა" და ეს "ძაღლური სიკვდილი" იყო. მისი ცინიკურობა აქ არ დასრულებულა და ურო, რომელიც ვაგნერელების მიერ სირიაში ჩადენილ წამების ფაქტშიც ფიგურირებდა, ჯგუფის არაოფიციალურ სიმბოლოდ აქცია.

ვაგნერთან დაკავშირებული გასამხედროებული ულტრანაციონალისტური ჯგუფის, ჩრდილოელ სლავთა თემის წევრი ვაგნერის ცენტრში - Igor Russak/Reuters

საინტერესოა ვაგნერის ჯგუფის სიმბოლიკის ცვლილების დეტალიც. პრიგოჟინმა საკუთარი კამპანიის ფარგლებში თავისქალა, რომელიც მისი მებრძოლების შევრონებზე იყო გამოსახული, ჯვრის გამოსახულებით შეცვალა. ამასთან ერთად, ახალ ლოგოში მან დაამატა სიტყვები, რომლებსაც მთელი მისი რიტორიკა ეყრდნობოდა: "სისხლი, ღირსება, სამშობლო, გამბედაობა".

მარცხნივ - ვაგნერის ძველი ლოგო
მარჯვნივ - ვაგნერის ახალი ლოგო

საბრძოლო მასალის შიმშილი და ბახმუტის ხორცსაკეპი

იანვრიდან ევგენი პრიგოჟინმა ახალი როლი მოირგო. მან ისარგებლა ფაქტით, რომ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერებისგან განსხვავებით, რუსეთის თავდაცვის მაღალჩინოსნები და ხელისუფლების პირები ფრონტის ხაზს ფაქტობრივად არ სტუმრობდნენ და ეს ვაკუუმი თავად შეავსო. თავდაპირველად ის, სამხედრო ფორმითა და შეიარაღებით, სოლედარში გამოჩნდა, შემდეგ კი მსგავსი სახის მიმართვებს ბახმუტიდანაც ავრცელებდა. პროგოჟინი ასე ცდილობდა საკუთარი რეპუტაციის ამაღლებასა და ჩვენებას, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუსგან განსხვავებით, ცხელ წერტილებში ჩასვლის არ ეშინოდა.

რუსი ოლიგარქი ვაგნერის ძალების წარმატებისა და ეფექტიანობის პიარზე იყო გადასული. მისმა ძალებმა იანვარში დაიკავეს არც თუ ისე დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სოლედარის დასახლება. პარალელურად იბრძოდნენ ქალაქ ბახმუტშიც, რასაც პრიგოჟინი საჯაროდ მუდამ დრამატულად აღწერდა. თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის ესკალაციას დიდი ბიძგი სწორედ ამ მოვლენების დროს მიეცა. თავდაპირველად, პრიგოჟინი ძირს უთხრიდა რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს, რაზეც რუსი ულტრანაციონალისტი, იგორ გირკინი (სტრელკოვი) ამბობდა კიდეც, რომ ეს პირდაპირ შოიგუზე თავდასხმა იყო და ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყებოდა.

ბახმუტში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა. დაპირისპირება მცირე სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებული პუნქტის გარშემო გაჭიანურდა. ქალაქისთვის ბრძოლას დიდი დანაკარგი მოჰქონდა როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ისე ვაგნერისთვის, რომელიც ამ მიმართულებით რუსეთის მთავარ საბრძოლო ძალას წარმოადგენდა. მომავალში პრიგოჟინი ქალაქის გარშემო არსებულ დაპირისპირებას "ოპერაცია ბახმუტის ხორცსაკეპს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მისი ჯგუფის მთავარი მიზანი უკრაინის ჯარის დიდი ნაწილის ერთი მიმართულებით შეკავება იყო და ამას იმისთვის აკეთებდა, რომ რუსეთის არმიას სიტუაციით ესარგებლა და იერიში სხვა ფრონტზე დაეწყო, რაც არ მოხდა. ამას გარდა, ცხადი იყო, რომ ამ ქალაქისთვის ბრძოლას რუსი ოლიგარქი კვლავ საკუთარი რეპუტაციის ამაღლების კონტექსტში იყენებდა. შემდეგში მან თავადვე აღნიშნა, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით თავისი ჯგუფის მოქმედებებს ზემოხსენებული გეგმით ამართლებდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი ადანაშაულებდა, რომ ვაგნერის მიერ შექმნილი ხელსაყრელი სიტუაცია არ გამოიყენეს.

თავდაცვის უწყების მიმართ კრიტიკის ზრდის პარალელურად, თებერვლის პირველ ნახევარში მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი ვაგნერის რიგებში ვეღარ აიყვანდა პატიმრებს, რომლებიც უკვე მისი ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. როგორც ოლიგარქი განმარტავდა, მას ეს უფლება იმიტომ ჩამოართვეს, რომ პატიმრების ეფექტიანობა "უფლებამოსილ პირთა გარკვეულ რაოდენობას უხერხულ მდგომარეობაში" აგდებდა და "ზოგიერთი ქვედანაყოფისა და ფრონტის სხვა მონაწილეების დისკრედიტაციას" იწვევდა. ის ჯერ კიდევ თავს იკავებდა პირდაპირ დაესახელებინა სერგეი შოიგუ.

პრიგოჟინი ბახმუტში ვაგნერელებთან ერთად - კონკორდი

სწორედ ამ მოვლენების ფონზე, პრიგოჟინმა საინფორმაციო სივრცეში შემოიტანა ახალი პრობლემა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოგონილი იყო. ეს საკითხი იყო ე.წ. "საბრძოლო მასალის შიმშილი" – ამ ტერმინს იყენებდა ვაგნერის დამფუძნებელი და ამბობდა, რომ მის ჯგუფს თავდაცვის სამინისტრო ჭურვებს არასაკმარისი რაოდენობით აძლევდა. ზოგადად, ვაგნერის ჯგუფი თითქმის ყოველთვის უკეთ იყო აღჭურვილი და შეიარაღებული, ვიდრე რუსეთის არმიის რეგულარული ნაწილები, შესაბამისად, სავარაუდოდ, ეს პრობლემა ოლიგარქმა საინფორმაციო ომისთვის გამოიგონა. აღსანიშნავია, რომ ამ ნარატივის გავრცელების პირველ ეტაპზე პრიგოჟინი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა კადიროველებთან. მომავალში ვაგნერელებისა და ჩეჩენი სამხედროების გზები გაიყო და სხვადასხვა მხარეს მოხვდნენ.

დაპირისპირება უფრო და უფრო ღრმავდებოდა. თებერვლის ბოლოსთვის პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტრო ფაქტობრივად პირდაპირ დაადანაშაულა მაღალ სიკვდილიანობაში და თქვა, რომ "საბრძოლო მასალის შიმშილი" 5-ჯერ დიდ მსხვერპლს იწვევდა. ოლიგარქი ამბობდა, რომ მას ჭურვებს განზრახ არ აძლევდნენ, მისგან ბოდიშს ელოდნენ და საკუთარი კავშირების მიუხედავად ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა. თანდათან, პრიგოჟინი ავრცელებდა ისეთ ცნობებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიან წინააღმდეგობას ეხებოდა. მსგავს ინფორმაციას რუსეთის თავდაცვა არასდროს აწვდიდა საკუთარ აუდიტორიას. ფაქტობრივად, პრიგოჟინი ომის მხარდამჭერი რუსებისთვის მეტ-ნაკლებად რეალური ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ იქცა.

მარტში, როცა ბახმუტში სისხლისმღვრელი შეტაკებები გრძელდებოდა, პრიგოჟინმა ვაგნერის მიერ პოზიციების დატოვების შესაძლებლობაზე საუბარი დაიწყო. ის ირწმუნებოდა, რომ, ამ შემთხვევაში, ფრონტის ხაზი ჩამოიშლებოდა, მის ჯგუფს კი ამაში დაადანაშაულებდნენ. ამ კონტექსტის განხილვის დროს ის კვლავ უსვამდა ხაზს "საბრძოლო მასალების შიმშილს". ოლიგარქი საკუთარი რიტორიკით უფრო და უფრო შორს მიდიოდა. იმას, რასაც რუსეთის სხვა მოქალაქეებს არცერთ შემთხვევაში შეარჩენდნენ, ვაგნერის დამფუძნებელი ხმამაღლა იძახდა. იქამდეც კი მივიდა, რომ უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. პრიგოჟინი ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა გარკვეულ მიზნებს მიაღწია და საჭირო იყო დაკავებულ ტერიტორიებზე "ჩაბღაუჭება". ის უკვე საუბრობდა თუ რა სახის ძირეულ გარდაქმნებამდე შეიძლება მისულიყო რუსული საზოგადოება სამხედრო მარცხის შემთხვევაში. პარალელურად უკრაინელების კონტრიერიშთან დაკავშირებით რუსებისთვის შიშს აღვივებდა და ამბობდა, რომ მოწინააღმდეგე თავდაცვის ხაზის გარღვევას შეძლებდა. მალე პრიგოჟინმა პრეტენზია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მისთვის 200 000 სამხედროს ჩაბარებაზეც გამოთქვა, თანაც კვლავ აგრძელებდა უწყების დისკრედიტაციას და ამბობდა, რომ მის მებრძოლებს არმიაში მსახურებას დარაჯად მუშაობა ერჩივნათ. აპრილის ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ პრიგოჟინმა პირდაპირ მიმართა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომ თუ საბრძოლო მასალას არ მიიღებდნენ, შესაძლოა მისი ძალების მხრიდან ბახმუტის დატოვების საჭიროება დამდგარიყო. ის ირწმუნებოდა, რომ ვაგნერის ჯგუფის არსებობა ამ პირობებში საფრთხის წინაშე იდგა.

შოიგუ, გერასიმოვ, სად არის ჭურვები?!

5 მაისი ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ესკალაციაში გადამწყვეტი თარიღია. ამ დღეს ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა იმ დროისთვის ყველაზე აგრესიული ჩანაწერი. ის, ახალდახოცილი ვაგნერელების ფონზე, პირდაპირ აგინებდა და ლანძღავდა შოიგუსა და გერასიმოვს, სთხოვდა მათ საბრძოლო მასალებს და მათ საკუთარი მებრძოლების დაღუპვაში ადანაშაულებდა.

ამავე დღეს ოლიგარქმა გამოაცხადა, რომ 10 მაისისთვის მისი ძალები ქალაქ ბახმუტს დატოვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მცირე მონაკვეთის დაკავებაღა სჭირდებოდათ. ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შურში სდებდა ბრალს, ხაზს უსვამდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იზიუმიდან და ლიმანიდან "სამარცხვინოდ გაიქცნენ". პრიგოჟინის მტკიცებით, თავისი ჯგუფის მოქმედებები ბახმუტის მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობდა, რის გამოც "თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო ბიუროკრატები ბოღმისგან გასკდნენ" და ვაგნერს "საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი" შეუქმნეს.

კადრი პრიგოჟინის მიერ 5 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

საინტერესოა, რომ ამავე განცხადებაში უკვე იკვეთებოდა იმ გეგმების დეტალები, რომელთა მომსწრეც მსოფლიო 23-24 ივნისს გახდა. ის ამბობდა, რომ ბახმუტის დატოვების შემდეგ, ვაგნერი ფრონტის უკან მდებარე ბანაკებში გადავიდოდა და დაელოდებოდნენ, "როდის დასჭირდებოდნენ რუს ხალხს". ოლიგარქი იმუქრებოდა, რომ ეს დრო მალე მოვიდოდა, რადგან თავდაცვის უწყება საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებდა.

ვაგნერის დამფუძნებელი მუქარას არ წყვეტდა. ამავე დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ამბობდა, რომ შოიგუსა და გერასიმოვს რუსი სამხედროების დაღუპვის გამო პასუხს აგებინებდა.

"დაღუპული და დაჭრილი ათიათასობით ადამიანია, ეს მათ სინდისზეა, ვინც ჩვენ საბრძოლო მასალას არ გვაძლევდა, ესენი არიან თავდაცვის მინისტრი [სერგეი] შოიგუ და გენშტაბის მეთაური [ვალერი] გერასიმოვი. ყველა განაცხადი იწერებოდა, ყველა მოთხოვნა ცხადდებოდა, ჩვენ მათ არ გვაძლევდნენ. ამიტომ, ათიათასობით მოკლულსა და დაჭრილზე, მათი დედებისა და შვილების წინაშე ისინი პასუხს აგებენ. მე ამას მივაღწევ". – ამბობდა პრიგოჟინი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში პრიგოჟინის მთავარი სამიზნე უშუალოდ თავდაცვის უწყება და მისი მეთაურობა იყო. მისი კრიტიკის სამიზნე პუტინი არ ყოფილა, შესაბამისად დაპირისპირებაზე კომენტარების გაკეთებისგან კრემლშიც თავს იკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მტრობა უფრო და უფრო მწვავე სახეს იღებდა. სანამ პრიგოჟინის მთავარი სამიზნე თავდაცვის სამინისტრო იყო მის მიმართ ჯერ კიდევ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს. მეტიც, ის ოლიგარქს სთავაზობდა, რომ ბახმუტში ვაგნერელები ჩეჩნური ქვედანაყოფი ახმატის ძალებით ჩაენაცვლებინათ.

სწორედ ამავე დღეს, 5 მაისს, შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის უწყება გარკვეულ დათმობაზე წავიდა. თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინაში მყოფი საოკუპაციო ძალების შეიარაღებით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის ბრძანება გასცა, თუმცა კონკრეტულად ვაგნერი არც კი უხსენებიათ. აქედან რამდენიმე დღეში პრიგოჟინმა თქვა, რომ მას თავდაცვის სამინისტრო დაჰპირდა იმდენ საბრძოლო მასალას, რამდენიც დასჭირდებოდათ. ის ამბობდა, რომ მომარაგებას უშუამდგომლებდა საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, უკრაინაში საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი. აქ უკვე შეიმჩნეოდა, რომ სუროვიკინი და რუსი ოლიგარქი, ფაქტობრივად, ერთ ბანაკს თუ არა, თანამოაზრეებს მაინც წარმოადგენდნენ. სუროვიკი იყო იმ მცირე გენერლებიდან ერთ-ერთი, რომელსაც პრიგოჟინი აქებდა.

როგორც ჩანს, ვაგნერის დამფუძნებელს რუსეთის თავდაცვის უწყებასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია არ სურდა. მალე მან გაავრცელა ახალი მიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ ის მოატყუეს და საბრძოლო მასალას კვლავ არ აძლევდნენ. მისი მტკიცებით, გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი გადასაცემი ჭურვების რაოდენობას საკუთარი ხელით ამცირებდა. ამას გარდა, პრიგოჟინის ირწმუნებოდა, რომ მან მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, თუ მისი ძალები ბახმუტს დატოვებდნენ, მათ მოღალატეებად გამოაცხადებდნენ. ოლიგარქის მუქარების სერია ამის შემდეგ უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა. მისი თქმით, თუ ჭურვებს ვერ მიიღებდნენ, პოზიციებს დატოვებდნენ და დასვამდნენ კითხვებს, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე. დღევანდელი გადმოსახედიდან ცხადი ხდება, რომ პრიგოჟინს ამ დროისთვის აჯანყების გეგმის მცირე მონახაზი მაინც ჰქონდა. 23-24 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით, ეს მის თითოეულ მუქარაში ჩანდა. მაგალითად, პრიგოჟინი პირდაპირ ამბობდა, რომ თავდაცვის მაღალჩინოსნებს ეშინოდათ ვაგნერი როსტოვში მათ არ მისდგომოდა. როსტოვის ოლქი უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთი პლაცდარმია და მისი დედაქალაქი, დონის როსტოვი ვაგნერელებმა 24 ივნისს მართლაც დაიკავეს. პრიგოჟინი ამყარებდა ნარატივს, რომ თავდაცვის სამინისტროს მისი ჯგუფის განადგურება სურდა, პარალელურად კი შეიარაღებულ ძალებზე, დისკრედიტაციის მიზნით, მეტ-ნაკლებად რეალურ ინფორმაციას ავრცელებდა, თუ როგორ გარბოდნენ პოზიციებიდან. ამასთან ერთად, ის ვარაუდობდა, რომ ვაგნერის განადგურებას რუსი ხალხი ვერ აიტანდა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს ფიწლებზე წამოაცვამდნენ სახლებთანვე, რომლებიც, ოლიგარქის თქმით, "წაგებულ ომში" ნაშოვნი ფულით ააშენეს. ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ფაქტობრივად აჯანყების კლასიკური სცენარით იმუქრებოდა.

მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის (აზოვის დანაყოფი) სამხედრო ჰაუბიცის ჭურვით ბახმუტის მახლობლად, 7 თებერვალი, 2023 წელი - Reuters/Marko Djurica

თუმცა, მედიის დიდი ყურადღება მაშინ პრიგოჟინის შემდეგმა სიტყვებმა მიიქცია: "ხოცავენ ჩვენს ჯარისკაცებს, ბედნიერი ბაბუა კი ფიქრობს, რომ კარგადაა. და შემდეგ რა უნდა გააკეთო ქვეყანაში? თუ ის მართალი აღმოჩნდება, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, მაგრამ რა უნდა ვქნათ ქვეყანაში, რა უნდა ვუქნათ ჩვენს ბავშვებს, შვილებს, რუსეთის მომავალს და როგორ მოვიგოთ ომი, თუ შემთხვევით, უბრალოდ ვვარაუდობ, აღმოჩნდება, რომ ეს ბაბუა სრულიად გამო*ირებულია?" – ვარაუდობდნენ, რომ ოლიგარქი პუტინზე საუბრობდა, რადგან მას "ბაბუის" მეტსახელით სოციალურ ქსელებში ხშირად მოიხსენიებდნენ. ეს ორაზროვანი სიტყვები რუსეთის პრეზიდენტზე მისი პირველი და უდიდესი თავდასხმა იქნებოდა. თანაც ეს ჩანაწერი გაავრცელა მაშინ, როცა წითელ მოედანზე 9 მაისს, გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ. შემდეგში პრიგოჟინმა ირონიულად დაასახელა სამი ვარიანტი, ვინ შეიძლება ეგულისხმა ამ სიტყვებით: გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი, რომელიც ოლიგარქის თქმით ვაგნერს ჭურვებს აძლევდა; გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი ან რეალითი შოუს მონაწილე ნატალია ხიმი, რომელიც პრიგოჟინის ძალებს ჭურვებს სოციალურ ქსელში სთავაზობდა. ცხადია, ეს განმარტება ვაგნერის დამფუძნებლის სიტყვებს ორაზროვნებას არ უცვლიდა.

მომდევნო რამდენიმე დღე პრიგოჟინი საკუთარი რეპუტაციის ასამაღლებლად კვლავ აქტიურად აკრიტიკებდა თავდაცვის უწყებას: მინისტრ შოიგუს ფრონტის ხაზზე ეპატიჟებოდა, უწყების პრესსპიკერს ტყუილში ადანაშაულებდა, შეიარაღებული ძალების შენაერთებზე ამბობდა, რომ ფლანგებიდან გარბოდნენ და თანაც პირობას დებდა, რომ ჭურვების პრობლემას "რადაც არ უნდა დასჯდომოდათ" გადაჭრიდნენ და რაც მთავარია, ის კვლავ სახელმწიფო ღალატსა და შესაბამის პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პრიგოჟინი ფაქტობრივად პირდაპირ, ხმამაღლა ამბობდა, რომ გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი, საკუთარი მოქმედებების გამო, სიკვდილით დასჯას იმსახურებდა.

საინტერესოა ის ცნობაც, რომელსაც ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი მაისის შუა რიცხვებში პენტაგონიდან გაჟონილი ე.წ. დისკორდი ფაილებზე დაყრდნობით წერდა. მათ მიერ გავრცელებული სტატიის მიხედვით, ევგენი პრიგოჟინს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან და მათ სთავაზობდა, რომ ბახმუტი დაეტოვებინათ, თავად კი რუსი სამხედროების პოზიციებზე ინფორმაციას მიაწვდიდა. უკრაინელები ოლიგარქს არ დათანხმდნენ, რადგან შესაძლოა მას მოტყუება ეცადა. გამოცემა იმასაც კი წერდა, რომ მხარეებს შორის შეხვედრა ერთხელ აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაშიც კი შედგა. თუ ეს ინფორმაცია მართალია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა პრიგოჟინი ქალაქ ბახმუტის აღებას საკუთარი პიარისთვის.

ბახმუტი აღებულია, წილი ნაყარია

20 მაისს ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომელშიც აცხადებდა, რომ ვაგნერმა ქალაქი ბახმუტი დაიკავა. ის ამბობდა, რომ დასახლებულ პუნქტში მისი ძალები 25 მაისამდე გაჩერდებოდნენ, თავდაცვის ხაზებს გაამაგრებდნენ, შემდეგ კი მათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემდნენ და თავად ომში მონაწილეობას შეწყვეტდნენ, გადავიდოდნენ ზურგის ბანაკებში მანამ, სანამ "ქვეყანას კვლავ არ დასჭირდებოდნენ". პრიგოჟინის სიტყვაში უკვე იგრძნობოდა, რომ მას ძალაუფლების მოპოვების გარკვეული გეგმები ჰქონდა. ის კვლავ ემუქრებოდა შოიგუსა და გერასიმოვს პასუხისმგებლობაში მიცემით და ამბობდა, რომ ბახმუტში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდა "რუსულ ბიუროკრატიასაც" ებრძოდნენ. ამავე მიმართვაში მან ფაქტობრივად ომი გამოუცხადა რუსეთის საინფორმაციო სფეროს და თქვა, რომ არსებობს ორი რეალობა, რომელთაგანაც ერთი ნამდვილია, მეორე კი ტელევიზორებისთვის შექმნილი. ამ მიზნით მან ირონიულად მეორე, დაცენზურებული მიმართვაც გააკეთა და სამთავრობო არხებს მიმართა, რომ გამოეყენებინათ, თუ არ შერცხვებოდათ. განცხადებისას მან მადლობა გადაუხადა სუროვიკინს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, თუ მომავალში ვისი მხარე შეიძლება დაეჭირა გენერალს. 25 მაისს ვაგნერელბმა ქალაქის დატოვება მართლაც დაიწყეს.

კადრი 20 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

ბახმუტის აღების შემდეგ ევგენი პრიგოჟინმა რიტორიკა ადრინდელზე მეტად გაათამამა. მან პირდაპირ შეიტანა ეჭვი უკრაინაში მიმდინარე ომის რამდენიმე ძირეულ ნარატივში, რომელსაც კრემლი და თავად პრეზიდენტი პუტინი ავრცელებდა. ოლიგარქმა, ერთსაათიან ინტერვიუში საუბრის დროს, ეჭვი შეიტანა პროპაგანდისტულ დეზინფორმაციაში, თითქოს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას ამზადებდა. ამას გარდა, მან ეჭვქვეშ დააყენა ეფექტიანობა იმ დასახული მიზნების, რომლებსაც პუტინი 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას საკუთარი პირით აცხადებდა. ვაგნერის დამფუძნებელი ამბობდა, რომ "დენაციფიკაციამ" და დემილიტარიზაციამ უკუშედეგი გამოიღო. ის ომის ფორმასაც კი აკრიტიკებდა და დანანებით ამბობდა, რომ "სანამ ნაცისტებს ეძებდნენ", ყველას "ყოფა უტირეს".

"გამოაცხადეს სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია უკრაინის ჩვენს პრორუსულ წიაღში გადმოყვანაა. უკრაინაში ამ წიაღში მოხვედრა ბევრს სურდა. თუ პრორუსულ წიაღს ვქმნით, უნდა შევცვალოთ [უკრაინის] ხელისუფლების მეთაურები, ერს ტრა*ი დავუკოცნოთ და ჩვენთან მოვიპატიჟოთ". – ამბობდა პრიგოჟინი. 

ამავე საუბრის დროს მან იმის თქმაც კი გაბედა, რომ, საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, როდესაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თავისუფალი იყო, ამას დადებითი მხარე ჰქონდა, რადგან იკვლევდა და აქვეყნებდა მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეებს. ცხადია, ეს პრიგოჟინის მხრიდან საკუთარი თავის მართლისმთქმელ კაცად წარმოჩენის კიდევ ერთი მცდელობა იყო, რომლის შედეგადაც ჟურნალისტი, რომელმაც მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სამსახურიდან გააგდეს. საპასუხოდ ვაგნერის დამფუძნებელმა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ მის გაჩუმებას ვერ შეძლებდნენ. ის უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდა, რომ მის დადუმებას ცდილობდნენ და ამაში პირდაპირ ადანაშაულებდა "კრემლის ბიუროკრატებს", რომელთაც ხალხის მხრიდან "წკიპურტის" ჩარტყმით ემუქრებოდა.

მაისის ბოლოსთვის ვითარება უკვე ცხადი იყო. პრიგოჟინს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვისა და სერგეი შოიგუსთვის ფაქტობრივად ომი ჰქონდა გამოცხადებული. ამაზე საუბრობდა რუსი ულტრანაციონალისტი, იგორ გირკინიც (სტრელკოვი) და ამბობდა, რომ პრიგოჟინს გამოცხადებული ჰქონდა გადატრიალების მცდელობა, თუმცა ჯერ მხოლოდ მედიაში. რუსი ულტრანაციონალისტი, რომელიც 2014 წელს დონბასში მიმდინარე ომის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო, ვარაუდობდა, რომ ვაგნერის დამფუძნებელს გარკვეული მოკავშირეები ჰყავდა მმართველ მაფიოზურ წრეებში, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო, მას დიდი ხნის წინ გააჩუმებდნენ. გირკინი ფიქრობდა, რომ სიტუაცია რუსეთში ზაფხულის ბოლომდე აირეოდა, რაც ფაქტობრივად წინასწარმეტყველური გამოდგა კიდეც.

პრიგოჟინს გირკინის სიტყვები უპასუხოდ არ დაუტოვებია. მან რამდენიმე დღის შემდეგ თქვა, რომ გადატრიალების წინაპირობებს ვერ ხედავდა და ვაგნერის ჯგუფი "ძალიან დიდ პატივს სცემდა" პუტინს. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს სიტყვები სასაცილოა, რადგან პრიგოჟინი არც 24 ივნისის მოვლენებს უწოდებდა გადატრიალებას.

ვლადიმირ პუტინი და ჯორჯ ბუში ესწრებიან დიდი რვიანის ლიდერების სამუშაო სადილს ევგენი პრიგოჟინის რესტორანში. პრიგოჟინი ბუშის უკან დგას. 2006 წელი, 19 ივლისი - სერგეი ჟუკოვი

ამ ყველაფრის პარალელურად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები ჯერ კიდევ სხვადასხვა ბანაკებში ნაწილდებოდნენ. კადიროველებმა, რომლებსაც პრიგოჟინთან პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდათ, ივნისის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ მოკავშირე გამოიცვალეს და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გადაწყვიტეს. გავლენიანი კადიროველები პრიგოჟინს ემოციური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებას მოუწოდებდნენ და "კაცურ" შეხვედრასა და საუბარს სთავაზობდნენ. რა თქმა უნდა, ჩეჩნების კომენტარები პრიგოჟინის ბანაკმა უპასუხოდ არ დატოვა და კომენტარი გაავრცელა ადამიანმა, ვის ზედმეტსახელსაც ატარებს ვაგნერის ჯგუფი – დმიტრი უტკინმა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიის სამხედრო მეთაურია და მედიასთან არასდროს უსაუბრია. უტკინი ამბობდა, რომ ვაგნერელები "კაცური" საუბრისთვის მუდამ მზად იყვნენ. ამ სიტყვების შემდეგ ეს ვერბალური დაპირისპირება აღარ გაგრძელებულა. რაც შეეხება კადიროვის კლანის მიერ პრიგოჟინის საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებას, ეს შესაძლოა იმით განიმარტოს, რომ ოლიგარქის კრიტიკა სულ უფრო მეტად ეხებოდა კრემლს და სცდებოდა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მეთაურობის ლანძღვას, კადიროველებს კი ალბათ არ სურდათ პუტინთან ურთიერთობა გაეუარესებინათ.

ივნისის დასაწყისში პრიგოჟინი აგრძელებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს. როგორც ის ირწმუნებოდა, მანამ, სანამ ბახმუტიდან გამოვიდოდნენ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათი გასავლელი გზა დანაღმეს, შეტაკებაც კი მოუვიდათ და მოტომსროლელთა ერთ-ერთი ბრიგადის უმცროსი პოლკოვნიკი ტყვედაც კი აიყვანეს. ამას გარდა, ოლიგარქი კვლავ აგრძელებდა ისეთ მუქარას, რომელიც უფრო და უფრო მეტად მიუთითებდა, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეული მოქმედებების გეგმა ჰქონდა. ამ პერიოდში პროუკრაინული ჯგუფი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) ბელგოროდის ოლქში იყო გადასული და რამდენიმე დღის განმავლობაში სამხედრო მოქმედებებს ატარებდნენ. მათ რუსი სამხედროების ტყვედ აყვანაც კი შეძლეს. სიტუაცია კვლავ რეპუტაციის ასამაღლებლად გამოიყენა პრიგოჟინმა და დაიწყო მუქარა, რომ თუ მომდევნო ორ კვირაში თავდაცვის სამინისტრო ამ პრობლემას ვერ გადაჭრიდა, ბელგოროდის ოლქში ვაგნერის ჯგუფი შევიდოდა. 

პრიგოჟინის კომენტარებისა და მოქმედებების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბახმუტის აღებისას ოლიგარქს მოქმედების გეგმა უკვე ჰქონდა, თუმცა, სავარაუდოდ, არა საბოლოო ვარიანტი. მაგრამ, ის მრავალ მინიშნებას აკეთებდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებას აპირებდა და ცდილობდა მოსახლეობასა და მაღალჩინოსნებში მხარდამჭერები წინასწარ გაეჩინა.

დასასრულის დასაწყისი

უკვე აშკარა იყო, რომ პრიგოჟინმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და თავდაცვის სამინისტროს ღიად ემუქრებოდა. ამ დრომდე შოიგუს ერთი გაუთამაშებელი კარტი ჰქონდა შემონახული. ვაგნერის სამართლებრივი სტატუსი მუდამ გაუგებარი იყო, რადგან კერძო სამხედრო კომპანიები რუსეთში აკრძალულია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის უწყებამ ყველა "მოხალისეობრივ რაზმს" კონტრაქტის გაფორმება დაავალდებულა. შეთანხმებაზე ხელმოწერა ვაგნერის ფაქტობრივ დაშლასა და პრიგოჟინის ძალაუფლების ნულამდე დაყვანას გაუტოლდებოდა. ამიტომაც, ოლიგარქი უარს ამბობდა. პარალელურად, ის კვლავ გენერალ სუროვიკინს აქებდა და პუტინის გულის მოგებას ცდილობდა იმაზე საუბრით, რომ მას ემორჩილებოდნენ. 

ვაგნერის დამფუძნებელი თანდათან ამხელდა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირება სიახლე არ იყო. ის ირწმუნებოდა, რომ უწყება ჯგუფის განადგურებას ჯერ კიდევ 2018 წელს ცდილობდა. ის გულისხმობდა სირიაში მომხდარ ხაშამის ბრძოლას, როცა ვაგნერის ჯგუფი ამერიკელ სამხედროებს დაუპირისპირდა და ძალიან დიდი დანაკარგებით დამარცხდნენ. პრიგოჟინის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვაში იცოდნენ, რომ ვაგნერელებს ამერიკელებთან დაპირისპირება მოუწევდათ, თუმცა არ გააფრთხილეს.

ამერიკელების მიერ სამიზნეში ამოღებული ვაგნერელების ტანკი

საბოლოოდ მოხდა ის, რაც პრიგოჟინს საკმაოდ წამგებიან სიტუაციაში ჩააგდებდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 14 ივნისს რუს ომის კორესპონდენტებთან შეხვედრის დროს ხმამაღლა გააჟღერა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულება ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფს" უნდა გაეფორმებინა. მეტიც, ამ შეხვედრაზე პუტინმა რამდენიმე საინტერესო სიტყვა თქვა, რომლებმაც მედიის ყურადღება ვერ მიიქცია. თუმცა, აშკარა იყო, რომ პუტინი პრიგოჟინზე საუბრობდა და ფაქტობრივად ემუქრებოდა კიდეც მას: "დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ – ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ – აი უბედურება რაშია".

პრიგოჟინი, რომელსაც ამ დროისთვის სამოქმედო გეგმა უკვე ექნებოდა, ალბათ არჩევანის წინაშე იდგა: გაერისკა და დაეწყო მოქმედებები, თუ დაეთმო ძალაუფლება და გარკვეული გავლენების შენარჩუნების სანაცვლოდ, ვაგნერი თავდაცვის სამინისტროსთვის გადაეცა. თუმცა, საჯარო კომენტარებში ჩანდა, რომ ოლიგარქი დათმობას არ აპირებდა. მას მეტი ძალაუფლება სურდა და არა ნაკლები. მან, პუტინის მხრიდან შეთანხმების გაფორმებისკენ მოწოდების მიუხედავად, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სერგეი შოიგუსთან ხელს არანაირ კონტრაქტს მოაწერდნენ.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პრიგოჟინისგან მნიშვნელოვანი სიახლეები არ ისმოდა, იქამდე, სანამ 23 ივნისი დადგებოდა. ამ დღეს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მისი სიტყვები უკვე არამხოლოდ რუსეთის თავდაცვას უპირისპირდებოდა, არამედ უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა პუტინის ძალაუფლებასა და ლიდერის უნარებს. პრიგოჟინი ამბობდა, რომ საზოგადოებასა და პუტინს თავდაცვის სამინისტრო ატყუებდა ფრონტზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მისივე თქმით, პრეზიდენტს იმასთან დაკავშირებითაც ატყუებდნენ, თითქოს უკრაინა NATO-სთან ერთად რუსეთზე თავდასხმას აპირებდა. მართალია ამგვარად ოლიგარქი ცდილობდა პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ მის წინააღმდეგ წასვლას არ აპირებდა, თუმცა ქვეყნის ლიდერის ბრმა, არაინფორმირებულ ადამიანად გამოყვანა ამ უკანასკნელისთვის უდიდესი შეურაცხყოფა და დამცირება იყო. რა თქმა უნდა, პუტინი პრიგოჟინის მხარეს არ დადგებოდა, რადგან სიტუაციურად ვაგნერის დამფუძნებელზე დამოკიდებული გახდებოდა, რაც მის იმიჯს დიდ დარტყმას მიაყენებდა. ეს ყველაფერი არ იყო. პრიგოჟინმა უკვე ისიც გაბედა, რომ უკრაინაში ომის დაწყების აუცილებლობაში ეჭვი შეეტანა, რადგან მისი მტკიცებით, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტად აირჩიეს, ის ნებისმიერი სახის მოლაპარაკებისთვის იყო მზად. მისივე შეხედულებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყება სურდათ შოიგუსა და ოლიგარქებს, "რომლებიც ფაქტობრივად რუსეთს მართავენ". ვაგნერის დამფუძნებელი განმარტავდა, რომ თავდაცვის მინისტრს ომის დაწყება ახალი წოდების მიღებისთვის სურდა, რაც შეეხება 'მმართველ ოლიგარქებს", მათი მიზნები თავადვე ოლიგარქს არ განუმარტავს. ამავე ინტერვიუში პრიგოჟინმა მწვავედ გააკრიტიკა პუტინის კიდევ ერთი ახლო მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკიც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ამბობდა, რომ უკრაინაში შეჭრის ფარგლებში სწორედ მის პრეზიდენტად დასმას აპირებდნენ. მთელი ეს საუბარი უკვე სულაც აღარ იყო ორაზროვანი.

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ მათ ბანაკს დაარტყეს – რუსეთის მიმართულებიდან… 

რატომ ჩავარდა აჯანყება

მიტანილ იერიშზე გავრცელებული ცნობის შემდეგ, პრიგოჟინმა მალევე გაავრცელა მორიგი დრამატული მიმართვა, რომელშიც ამბობდა, რომ მომდევნო სვლა მის ძალებზე იყო. 

მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვაგნერზე მიტანილი  იერიში ინსცენირებული იყო თუ არა. მხოლოდ რამდენიმე საათში მოქირავნეებმა, რომელთა ბაზებიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო, რუსეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ჯგუფის ლიდერი პარალელურად მიმართვებს ავრცელებდა, რომელშიც კვლავ შოიგუსა და გერასიმოვს ემუქრებოდა და მათ გადმოცემას ითხოვდა. 24 ივნისის გამთენიისას ვაგნერელებმა დაიკავეს დონის როსტოვის ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები, რამდენიმე საათის შემდეგ კი ფაქტობრივი კონტროლი დაამყარეს ვორონეჟზეც. პარალელურად, პრიგოჟინის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ეს უკანასკნელი საკუთარ მოქმედებებს "სამართლიანობის მარშს" უწოდებდა.

ვაგნერელები როსტოვში, სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბთან, 2023 წლის 24 ივნისი - Reuters

ეს მოვლენები აჩვენებდა, რომ პუტინის ტოტალური ძალაუფლების მითი რეალობასთან ახლოს არ იყო. კომენტარების გაკეთებისგან რამდენიმე საათის განმავლობაში მისი პროპაგანდისტებიც კი თავს იკავებდნენ. თანაც დაპირისპირებამ მოიტანა როგორც არამატერიალური, ისე დიდი მატერიალური ზარალიც. ვაგნერელებმა აჯანყების რამდენიმე საათში ჩამოაგდეს ერთი Ил-22-ის ტიპის რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი, რომელიც სამხედროთა მართვის სისტემით იყო აღჭურვილი და 6 ვერტმფრენი, მათ შორის ერთი რადიოელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული ექსპონატი და ერთიც სადაზვერვო-მოიერიშე Ка-52. ეს დანაკარგი, სულ მცირე, 3.6 მილიარდ რუბლს (დაახლ. $41 მლნ) უტოლდებოდა. ამას გარდა, დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და პილოტებიც, სავარაუდოდ, ათზე მეტი ადამიანი.

რეჟიმის დასუსტებისა და ძალაუფლების შერყევის ნიშნები ჩანდა პუტინის სპეციალურ სიტყვით გამოსვლაშიც. ამაზე პირდაპირ მიუთითებდა მისი სიტყვები, რომ "რუსეთისთვის ნებისმიერი არეულობა მომაკვდინებელი საფრთხეა". 1917 წლის მოვლენების ხსენებაც პუტინს მსხვერპლის პოზიციაში აყენებდა და არა ძლიერი ლიდერის, რომლის ხატსაც წლების განმავლობაში იქმნიდა. პუტინი "გარდაუვალი სასჯელითა" და "ხისტი" ზომებით იმუქრებოდა, თუმცა რამდენიმე საათში ეს სიტყვებიც სასაცილო გახდა, როცა აჯანყებულმა მზარეულმა სასჯელის ნაცვლად ბელარუსში თავშესაფარი მიიღო. 

ვორონეჟთან ჩამოგდებული Ил-22 - ტელეგრამ-არხი Кантемировка

რაც შეეხება პრიგოჟინის დანებებას და საუბარს, თითქოს მოსკოვისკენ წინსვლა რუსების შორის სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად შეაჩერა, რა თქმა უნდა სახის შენარჩუნების მცდელობა იყო. მით უმეტეს მაშინ, როცა მისმა ჯგუფს უკვე მოკლული ჰყავდა რამდენიმე პილოტი. ვაგნერის ლიდერის უკან დახევას ცხადი მიზეზი ჰქონდა – არ მოხდა ის, რისი იმედიც მას ჰქონდა, მან ვერ მიიღო მნიშვნელოვანი მოთამაშეებისა და სამხედროების ის მხარდაჭერა, რომლის იმედიც მას სავარაუდოდ უნდა ჰქონოდა. როდესაც მიხვდა, რომ საფრთხის წინაშე უკვე არამხოლოდ მისი ქონება და გავლენა, არამედ სიცოცხლე იდგა, მან მოლაპარაკებებზე წასვლა ამჯობინა. შეიძლება იმის ვარაუდიც, რომ ვაგნერის დამფუძნებელი უკრაინის კონტრიერიშისგან მეტს ელოდა და თუ უეცრად ფრონტის ხაზი ჩამოიშლებოდა, მისი მიზნების შესრულება გამარტივდებოდა.

საინტერესოა ის ცნობები, რომლებიც დასავლურ მედიებში დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა. The New York Times-თან ანონიმური წყაროები ვარაუდობდნენ, რომ, შესაძლოა, პრიგოჟინს მხარს გენერალი სუროვიკინი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც უჭერდნენ. აღსანიშნავია, რომ სუროვიკინმა აჯანყების ღამეს ვაგნერის საწინააღმდეგო მიმართვა გაავრცელა, თუმცა NY Times-თან ვარაუდობდნენ, რომ ეს შესაძლოა იძულებით ჩაწერილი ვიდეო იყო. მალევე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ გენერალი სუროვიკინი დაკავებულია. აჯანყებასთან არსებულ კითხვის ნიშნებს ნაწილობრივ ნათელს ჰფენს The Wall Street Journal-ის გამოქვეყნებული სტატიაც, რომელიც პრიგოჟინის სავარაუდო, თავდაპირველ გეგმებს ეხებოდა. WSJ-ს წყაროები, რომლებიც დასავლელი მაღალჩინოსნები არიან, ამბობდნენ, რომ ვაგნერის დამფუძნებელი თავდაპირველად შოიგუსა და გერასიმოვის შეპყრობას გეგმავდა მაშინ, როცა ისინი უკრაინის მოსაზღვრე რეგიონში ჩავიდოდნენ, თუმცა ჩანაფიქრმა 2 დღით ადრე გაჟონა და რუს ოლიგარქს ნაჩქარევი, ახალი გეგმით მოქმედება მოუწია. პრიგოჟინის ბანაკიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ საუბრობდა როსგვარდიის მეთაურიც, ვიქტორ ზოლოტოვი.

ეს გარემოებები, ოდნავ უფრო სრულ სურათს ქმნის თუ რა მოხდა. აშკარაა, რომ გარკვეული მხარდაჭერის გარეშე, პრიგოჟინი ამხელა რისკზე წასვლას ვერ გაბედავდა. აჯანყების შემდეგ ის ირწმუნებოდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ჯავშანტექნიკა საჯაროდ უნდა გადაეცათ, მათ მანქანებზე ტვირთავდნენ და როსტოვში უნდა ჩაეტანათ, როცა მათზე იერიში მიიტანეს, თუმცა აშკარაა, რომ ეს მხოლოდ მისი დაწერილი სცენარია და მსგავს მოქმედებებს ისედაც გეგმავდა. ინფორმაციის გაჟონვის გამო, აშკარაა, რომ თავდაცვა რამდენიმე ნაბიჯით წინ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ვაგნერელების შეჩერება ვერ შეძლეს და მათ ორი ქალაქი დაიკავეს, რაც რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა იყო. პრიგოჟინს თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის მეთაური ტყვედ რომ აეყვანა, მას მეტი სამოქმედო ვარიანტი ექნებოდა, არსებულ სიტუაციაში კი, მოვლენების ესკალაციის მიზნით, მისი მთავარი გამოსავალი ქალაქ დონის როსტოვში გამაგრება იქნებოდა, რადგან გეგმის ძალაში მოყვანას დრო სჭირდებოდა. იმისთვის, რომ სხვები მის აჯანყებას აჰყოლოდნენ, საჭირო იყო ძალის დემონსტრაცია. რუსეთის შეიარაღებული ძალები საწყის ეტაპზე საკუთარ ქალაქზე იერიშების მიტანისგან, სავარაუდოდ, თავს შეიკავებდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სარაკეტო დარტყმების მიტანით, პრიგოჟინის მხარდაჭერისა და ჯარში დაუმორჩილებლობის ზრდა იქნებოდა მოსალოდნელი. თუმცა, ცხადია, როსტოვში გამაგრებაც მარტივი არ იქნებოდა, რადგან საკუთარი ძალების სათანადო ლოგისტიკურ უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. საბოლოოდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბუნდოვან მომავალსა და დიდ რისკზე წასვლას, პრიგოჟინმა მოლაპარაკებები და დეესკალაცია ამჯობინა.

აჯანყება ორივე მხარისთვის დამასუსტებელი დარტყმა აღმოჩნდა. პრიგოჟინმა ფაქტობრივად კონტროლი დაკარგა ვაგნერსა და საკუთარ ბიზნესებზე, მათ შორის უმნიშვნელოვანეს მედიაჰოლდინგებზე, რომლებსაც საინფორმაციო ომისთვის იყენებდა. საინტერესოა რა ბედი ელის შემოსავლის მთელ ქსელს, რომელიც ვაგნერის დამფუძნებელს აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჰქონდა გაბმული. მართალია, მედიის ცნობით, კრემლმა ეს კომპანიები უკვე გადაიბარა, თუმცა საკითხავია, რამდენად ეფექტიანად გაუძღვებიან მათ. თავად მოქირავნეთა ჯგუფი ფაქტობრივად დაიშალა და შეზღუდული, ამ ეტაპზე გაურკვეველი სახით არსებობას ალბათ ბელარუსში გააგრძელებს, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ბანაკები, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვას დაექვემდებარებიან. პუტინმა ვაგნერელებს როდესაც მისცა სამი არჩევანი: გაეფორმებინათ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან, დაბრუნებულიყვნენ სახლში ან წასულიყვნენ ბელარუსში, ეს პრაქტიკულად ჯგუფის გახლეჩის გამოცხადება იყო. თავად პრიგოჟინის ადგილსამყოფელი უცნობია. ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობდა, რომ ის ბელარუსში ჩავიდა, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. Flight Radar-ის საჯარო მონაცემებიდან ჩანდა, რომ ამის შემდეგ ოლიგარქთან დაკავშირებული ორი თვითმფრინავი რეისებს აგრძელებდა, მათ შორის მოსკოვსა და პეტერბურგს შორის.

ამავდროულად, პუტინმა და მისმა რეჟიმმა სისუსტე და გამოფიტული ძალაუფლება ამ დღეებში არაერთხელ აჩვენეს. ირონიული იყო იმ კადრების ნახვა, როცა ომის დანაშაულებში ბრალდებული ჯგუფის ლიდერს როსტოველები ქალაქიდან გმირივით აცილებდნენ. რა თქმა უნდა ამას კრემლში ყურადღება მიაქციეს და პუტინის ხატზე ზრუნვა დაიწყეს. შესაძლოა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შეხვედრა მოქალაქეებთან ქალაქ დერბენტში. მისი პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ირწმუნებოდა, რომ პუტინმა მოსახლეობასთან შეხვედრა საკუთარი ნებით გადაწყვიტა. მომდევნო თვეებში კრემლი აქტიურად იმუშავებს ამ იმიჯის აღსადგენად, თუმცა 23-24 ივნისის მოვლენებმა უკვე აჩვენა, რომ რუსეთში პუტინის ტოტალური ძალაუფლება მხოლოდ ილუზიაა. სასაცილოა ისიც, თუ როგორ ამართლებდა პრიგოჟინის დაუსჯელობას პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, რომ "იურიდიული ნორმები ქრისტეს მცნებები არაა". აჯანყებამ აჩვენა, რომ გავლენიან პირს შეუძლია დაემუქროს დაჭერით თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის მეთაურს, დაძრას მოსკოვისკენ სამხედრო კოლონები, გზაში დახოცოს რუსი პილოტები, დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს პრეზიდენტს და მას ეს ყველაფერი სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შერჩება.

პრიგოჟინი სამხედრო შტაბს ტოვებს და ძალები როსტოვიდან გაჰყავს. ხალხი შენობის გარეთ ეგებება - ალექსანდრ ერმოჩენკო/Reuters

რაც შეეხება ბელარუსის ავტოკრატ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც მხარეებს შორის შუამავლობდა, შეიძლება ითქვას, რომ მან გარკვეული სარგებელი ნახა. მას ახლა ეთქმის, რომ რუსეთი "ძმათამკვლელი ომისგან" იხსნა. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები პრიგოჟინსა და კრემლს შორის ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მათ გარკვეული დეტალები კვლავ შესათანხმებელი ექნებათ, რაშიც ლუკაშენკოს ხელახალი შუამავლობა გამორიცხული არაა. ამას გარდა, საინტერესოა როგორ გამოიყენებს მისი რეჟიმი ვაგნერს. აფრიკის ქვეყნებში ადგილობრივი დიქტატორები მათ პირად მცველებად და სამხედრო ინსტრუქტორებად იყენებდნენ. ლუკაშენკომ კი უკვე გააჟღერა, რომ შესაძლებელია მათი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ინტეგრირებაც. როგორც სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით ირკვევა, მინსკის მახლობლად ვაგნერისთვის ბაზის მშენებლობა, სავარაუდოდ, უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ისტორიულ პარალელს, რთულია ეს აჯანყება 1917 წლის მოვლენებს შევადაროთ. ის უფრო მეტად ჰგავს 1905 წლის რევოლუციის მცდელობას, რომელსაც ფონად უძღოდა რუსეთის იმპერიის წარუმატებელი სამხედრო კამპანია იაპონიის წინააღმდეგ და რომელმაც აჩვენა, რომ ცარისტული რეჟიმის დასასრულის დასაწყისის დრო დგებოდა. ამ კონტექსტიდანგამომდინარე, დასავლეთი მუდამ მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი შესაძლო არეულობისთვის.

კომენტარები