პრიგოჟინის ამბოხება

სუროვიკინი ალჟირში შენიშნეს – ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი

ფოტო, რომელსაც ვაგნერთან დაკავშირებული მედია ავრცელებს.

ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამ-არხზე ირწმუნებიან, რომ გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიერ მოწყობილი აჯანყების შემდეგ საჯარო თვალთახედვიდან გაუჩინარდა, აფრიკაში, ალჟირში შენიშნეს.

კსკ ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი ხაზს უსვამს, რომ აქამდე ალჟირში იმყოფებოდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი იუნუს-ბეკ ევკუროვი, ასევე დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) გენერალური შტაბის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმირ ალექსეევი.

აღსანიშანივა, რომ დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 24 იანვრის აჯანყების შემდეგ, აფრიკასა და სირიაში ვაგნერის ჩანაცვლებაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სწორედ ევკუროვი მუშაობდა. აჯანყების დღეს პრიგოჟინმა ევკუროვი საჯაროდ, ვიდეოჩანაწერში დაამცირა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შენობით მიმართა.

აჯანყების შემდეგ, გენერალი სუროვიკინის პირველი ფოტოები 4 სექტემბერს გავრცელდა. ისინი ჟურნალისტმა ქსენია სობაკმა გამოაქვეყნა. გენერალი საკუთარ ცოლთან ერთად იყო და სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. აქამდე მედიები ვარაუდობდნენ, რომ სუროვიკინს გარკვეული სახით შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება.

23 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტზე სერგეი სუროვიკინის ნაცვლად დროებით მისი მოადგილე, ვიქტორ აფზალოვი დანიშნეს. აფზალოვი არც საჯარო ცნობადობით და არც სამხედრო გამოცდილებით გამოირჩევა.

11 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ შესაძლოა სუროვიკინი დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხების კომიტეტის კოორდინატორად დაენიშნათ.

The New York Times-ი წერდა, რომ გენერალი სუროვიკინი შესაძლოა ვაგნერელების მხარს იჭერდა და მათი გეგმების შესახებაც წინასწარ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების ღამეს გავრცელდა მისი სპეციალური მიმართვა, რომელიც დეესკალაციის მოწოდება იყო. კრემლში ამ ცნობას სპეკულაციას უწოდებდნენ.

კომენტარები