რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ვინ აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატზე?

კადრი ევგენი პრიგოჟინის მიერ 12 მაისს გავრცელებული ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ვიდეოჩანაწერით გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობას, რომ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გადაჯგუფება შეასრულეს და ბერხოვსკის წყალსაცავთან ხელსაყრელ პოზიციებზე განლაგდნენ. ჩანაწერში პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო მეთაურობას, ფაქტობრივად, სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებს.

პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა არა გადაჯგუფება შეასრულეს, არამედ გაიქცნენ.

"მას შემდეგ რაც ფლანგები გადავეცით [რუსეთის შეიარაღებულ ძალებს], ტაქტიკური უკან დახევა არ მომხდარა, კონაშენკოვმა, რბილად რომ ვთქვა, მოიტყუა. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ფლანგებიდან უბრალოდ გაიქცნენ". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკან დახევის შედეგად, ბახმუტის მიდამოებში დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი დაკარგეს. მან აღნიშნა, რომ უკრაინელებისთვის გათავისუფლდა ჩასოვი იარი-ბახმუტის მომარაგების გზა, რომელსაც აქამდე ბლოკავდნენ. პრიგოჟინის მტკიცებით, ბერხოვსკის წყალსაცავის მიდამოების დაკარგვის შემდეგ, ბახმუტის ალყაში მოქცევა დაიწყება.

ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მას საბრძოლო მასალას კვლავ არ აძლევენ, რადგან იმედოვნებენ, რომ მისი ძალები საბოლოოდ გაქრება.

პრიგოჟინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს და მისი აღება რუსეთს "არაფერს აძლევს", რადგან "ფლანგები იშლება, ფრონტი ირღვევა".

"თავდაცვის სამინისტროს მცდელობები საინფორმაციო ველზე სიტუაცია რამენაირად მოაგვარონ, მივყავართ და მიგვიყვანს რუსეთის გლობალურ ტრაგედიამდე. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ტყუილები. თუ გაიქეცით, თავდაცვის ახალი ხაზები მოაწყვეთ, მაგრამ რაც ამ თავდაცვისთვის მოამზადეთ, არაა ის, რაც ამ თავდაცვას შეინარჩუნებს, ეს უბრალოდ არარაობაა. ამიტომ, ის რაც ბოლო დროს ხდებოდა და რაზეც გაფრთხილებდით დიდი ხნის განმავლობაში, სრულდება - დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე დღის წინ მიღებულ საბრძოლო განკარგულებაზე, რომელშიც ეწერა, რომ თუ პოზიციებს თავდაცვის სამინისტროს ბრძანების გარეშე დატოვებდნენ, ეს სახელმწიფო ღალატად ჩაითვლებოდა. ის ღალატში თავად სამხედრო ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

"სახელმწიფო ღალატის შესახებ - ეს წესი მხოლოდ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერზე ვრცელდება თუ სამხედრო მეთაურობაზეც, რომელთა მოქმედებების წყალობითაც, ეს ფლანგები მიაგდეს. ვინ აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატზე? სასამართლოსთვის საბრძოლო განკარგულების ასლი მეტობით მაქვს.". – თქვა პრიგოჟინმა.

აქამდე პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ბახმუტში სიტუაციის შესაფასებლად მოიწვია.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები