რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ბახმუტში ყველა სახლი ციხესიმაგრეა, უკრაინელებს 500-მდე თავდაცვის ხაზი აქვთ

ევგენი პრიგოჟინი

რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტში მისი ძალებისთვის არსებულ სირთულეებზე ვაგნერელებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტი უკრაინელ სამხედროებს მჭიდროდ გამაგრებული აქვთ და მათი თავდაცვის ხაზების გარღვევა სირთულეს წარმოადგენს. მისი თქმით, ყოველი სახლისთვის ბრძოლა მიდის. 

"ყველას მთავარი შეკითხვაა, როდის აიღებთ არტიომოვსკს (ბახმუტი). არტიომოვსკში ყოველი სახლი ციხესიმაგრეა. ბიჭები ყოველი სახლისთვის იბრძვიან, ზოგჯერ ერთ დღეზე მეტ ხანს. ზოგჯერ კვირობით იბრძვიან ერთი სახლისთვის. ერთი სახლი აიღეს, მეორე აიღეს. რა არის თავდაცვის გარღვევა? გვეუბნებიან თავდაცვა გაარღვიეთო. თავდაცვის გარღვევაა  - დღეს დილით ერთი სახლი ავიღე, გავარღვიე თავდაცვა, ამ სახლის შემდეგ კი კიდევ ერთი თავდაცვაა და არა ერთი. რამდენი ასეთი თავდაცვის ხაზია არტიომოვსკში? დაახლოებით რომ ვთქვათ 500, ალბათ, არ შევცდებით. ყოველ ათ მეტრში თავდაცვის ხაზია". – თქვა პრიგოჟინმა მედიისთვის ჩაწერილ ვიდეოში, რომელშიც ვაგნერელებს ესაუბრება. 

ამავე ვიდეოში ვაგნერის მოქირავნეები გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ბახმუტის მიმართულებით შეტევის გასაგრძელებლად არ ყოფნით ჯავშანტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. 

ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute fot the Study of War-ის (ISW) 3 იანვრის ანგარიშის შეფასებით, პრიგოჟინი ქმნის საინფორმაციო გარემოს იმისთვის, რომ თუ ბახმუტის აღებას ვაგნერელები ვერ შეძლებენ, წარუმატებლობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჰბრალდეს.

აქამდე, გასული წლის დეკემბერში პრიგოჟინი ამბობდა, რომ ვაგნერის მებრძოლები ბახმუტში ყოველდღე 100-200 მეტრით წინაურდებოდნენ.

დონეცკის ოლქში მდებარე ბახმუტში უკვე რამდენიმე თვეა რაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

კომენტარები