კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი გამოეხმაურა ინფორმაციას პროექტი Телега Online-ის ჟურნალისტის, კონსტანტინ დოლგოვის გათავისუფლების შესახებ. დოლგოვმა გასულ დღეს პრიგოჟინთან ერთსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა.
"სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ ახლა გავიგე ამის შესახებ, რადგან დოლგოვს არ მოუმართავს. რა თქმა უნდა, მე მას დავეხმარები, მაგრამ, რაც შეეხება მის გათავისუფლებას ჩემი ინტერვიუს გამო - ჩემი პირის დახურვა სცადეთ და ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ გამოგივათ. თქვენ ხართ დებილები, ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ეხმარებით. თქვენ აფუჭებთ ყველაფერს, რადგან მიდის ომი და *ლეების დატოლების დრო არაა. საჭიროა ქვეყნის გადარჩენა და დაცვა. ამიტომ ის დეგენერატები, რომლებიც ამ ტელეგრამ-არხს ფლობთ, ჯოჯოხეთში დაიწვებით. ხისთავა უტვინო ამაზრზენი ქმნილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ანგრევენ. დოლგოვს კი ყოჩაღ, ყველა კითხვა სწორი დასვა. აბსოლუტურად სწორი, რომლებზეც საჭიროა პასუხები. ხელისუფლება არანაირად იყო დისკრედიტირებული. დისკრედიტირებული იყვნენ დედამოტ*ნული ბიუროკრატები, რომლებმაც ამ ხელისუფლებაში შეაღწიეს". – ყვიროდა გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ევგენი პრიგოჟინი.
პრიგოჟინის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერის აღწერაში ხაზგასმულია, რომ პროექტ Телега Online-ს აფინანსებს ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტი, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს.
ერთსაათიან ინტერვიუში, რომელიც გასულ დღეს გამოქვეყნდა, პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს.
ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.
"გამოაცხადეს სპეცოპერაცია. სპეცოპერაცია უკრაინის ჩვენს პრორუსულ წიაღში გადმოყვანაა. უკრაინაში ამ წიაღში მოხვედრა ბევრს სურდა. თუ პრორუსულ წიაღს ვქმნით, უნდა შევცვალოთ [უკრაინის] ხელისუფლების მეთაურები, ერს ტრა*ი დავუკოცნოთ და ჩვენთან მოვიპატიჟოთ... ჩვენ რა გავაკეთეთ? მოვედით თავხედურად, ჩექმით გავთელეთ მთელი ტერიტორია ნაცისტების ძებნაში. სანამ ნაცისტებს ვეძებდით, ვისაც შეგვეძლო, ყველას ყოფა ვუტირეთ, მივედით კიევთან შემდეგ ჩავისვარეთ და გავედით". – ამბობდა პრიგოჟინი ინტერვიუში.
პრიგოჟინმა ეჭვი შეიტანა კრემლის მტკიცებაშიც, რომ უკრაინა ომის დაწყებამდე რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის ემზადებოდა.
ამას გარდა, ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დაკავებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, თუმცა, როცა ის თავისუფალი იყო, ამას თავისი დადებითი მხარეც ჰქონდა, რადგან ის მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეებს იკვლევდა და აქვეყნებდა.
პრიგოჟინი აკრიტიკებს ლავროვს საქართველოში მისი ოჯახის მიერ ქორწილის გადახდის ცნობის გამო