რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"შოიგუ, გერასიმოვ, სად არის ჭურვები, ბო*ებო?" – პრიგოჟინი დახოცილთა ვიდეოს ავრცელებს

კადრი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში ადანაშაულებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს, აგინებს მათ და საბრძოლო მასალას სთხოვს.

ვიდეოში პრიგოჟინი ლანძღავს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და მის მოადგილეს, რუსეთის გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს, რომელიც უკრაინაში საოკუპაციო ძალებს მეთაურობს.

"აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ... ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან... ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?". – ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში.

პრიგოჟინი ასევე მიმართავს მაღალჩინოსნებს, რომ "მოხალისეები" მათ გამო იხოცებიან. 

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელებულ ინტერვიუში პრიგოჟინი ამბობდა, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებდა, შესაძლოა მის ძალებს ქალაქი ბახმუტი დაეტოვებინათ. პრიგოჟინის მტკიცებით, ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსთვის აპირებდა წერილის გაგზავნას, რომელშიც საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მიწოდებას სთხოვდა. მან აღნიშნა, რომ წინააღდეგ შემთხვევაში, ვაგნერის ძალების ბახმუტში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხს წამოჭრიდა.

"მივმართავ სერგეი კუჟეგოტოვიჩ შოიგუს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს საბრძოლო მასალა. ამ მოწოდებაზე უარის შემთხვევაში, აუცილებლად ვთვლი, რომ უმაღლეს მთავარსარდალს მივაწოდო ინფორმაცია არსებულ პრობლემებსა და ბახმუტის დასახლებულ პუნქტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დარჩენის მიზანშეწონილობის შესახებ". – თქვა პრიგოჟინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წერილს შოიგუს გაუგზავნიდა იმ დღეს, როცა ინტერვიუ ჩაწერეს. 

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები