რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინის მტკიცებით, ვაგნერმა ბახმუტი სრულად დაიკავა და 25 მაისს ქალაქს არმიას გადასცემენ

კადრი პრიგოჟინის მიერ 20 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ჩანაწერში პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ქალაქში 25 მაისამდე გაჩერდებიან, გაამაგრებენ თავდაცვას, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემენ, თავად კი ომში მონაწილეობას შეწყვეტენ და დაისვენებენ მანამ, სანამ "ქვეყანას კვლავ არ დასჭირდებიან". 

"დღეს ბახმუტი ავიღეთ. 25 რიცხვიდან გავიყვანთ ჩვენს ქვედანაყოფებს დასასვენებლად და გადასამზადებლად. ვიომეთ 427 დღე, გასული წლის 20 მარტიდან, როცა სამშობლოს ჩვენი დახმარება დასჭირდა. სრულად ავიღეთ მთელი ქალაქი, სახლიდან სახლამდე, რათა ვინმეს პედანტურად არ ესაყვედურა, რომ რაღაც ნაგლეჯი მაინც დარჩა აუღებელი. 25 მაისამდე სრულად შევხედავთ, შევქმნით თავდაცვის საჭირო ხაზებს და გადავცემთ სამხედროებს, რათა ამის შემდეგ თავად მიხედონ. თავად კი გავალთ საველე ბანაკებში და მაშინ, როცა ხელახლა დავჭირდებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ოჯახს, ჩვენ დავბრუნდებით და დავიცავთ ჩვენს ერს, თუ ეს საჭირო გახდება". – თქვა პრიგოჟინმა.

ამას გარდა, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ბახმუტში მისი ძალები არამხოლოდ უკრაინის ძალებს, არამედ "რუსულ ბიუროკრატიასაც" ებრძოდა. ის აფრთხილებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს, რომ "ოდესმე, ისტორიაში საკუთარი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ".

"ჩვენ ბახმუტში მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ვებრძოდით. ვებრძოდით რუსულ ბიუროკრატიასაც, რომელიც გვაფერხებდა, განსაკუთრებით ეს ეხება ვერშემდგარ სამხედრო ბიუროკრატებს. მათი სახელები ცნობილია: შოიგუ და გერასიმოვი, რომლებმაც ომი საკუთარ გართობად აქციეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მათი ახირებები ომში შესრულდებოდა. ამ ახირებების გამო დაიღუპა ხუთჯერ მეტი ბიჭი, ვიდრე უნდა მომკვდარიყო. და ოდესმე, ისტორიაში ისინი პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის, რუსულად რომ ვთქვათ, ბოროტმოქმედებებისთვის. ჩვენ გვაქვს მათი სია, ვინც გვეხმარებოდა და ვინც აქტიურად გვიშლიდა ხელს, ფაქტობრივად მტერს უჭერდა მხარს". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა დახოცილ ვაგნერელებს, მხარდამჭერებს, ასევე გენერალ სერგეი სუროვიკინსა და გენერალ მიხაილ მეზინცევს, "ამ მძიმე ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობის მიცემისთვის" და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, "სამშობლოს დაცვის შესაძლებლობისა და უდიდესი პატივის მიცემისთვის". 

ასევე, პრიგოჟინმა გავრცელებული ვიდეოს ბოლოს ირონიულად აღნიშნა, რომ "მათთვის, ვისაც გამოყენება არ შერცხვება", მეორე მიმართვასაც გააკეთებს, სპეციალურად ტელევიზიებისთვის, რადგან რუსეთში "ორი რეალობა არსებობს: ერთი ნამდვილი, მეორე კი ტელევიზორისთვის".

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი, პოლკოვნიკი სერგიი ჩერევატი პრიგოჟინის ცნობას უარყოფენ. მათი ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს ქალაქის შესასვლელთან პოზიციები შენარჩუნებული აქვთ და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები