რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი უკმაყოფილოა, რომ რუსეთში ვაგნერის გარდა სხვა კერძო სამხედრო კომპანიებიც იქმნება

ევგენი პრიგოჟინი. კადრი ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის ვიდეო, რომელშიც ის რუსეთში სხვა კერძო სამხედრო კომპანიების შექმნას აკრიტიკებს.

პრიგოჟინის მტკიცებით, მთავარი პრობლემა რუსეთის მიერ ომის მსვლელობაში არის ის, რომ ვაგნერის შესასუსტებლად ახალი კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა დაიწყეს.

"დღევანდელი მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობს, ზოგადად კერძო სამხედრო კომპანიებთან - რაღაც სახით ვაგნერი რომ შეასუსტონ, რომ არ იყოს ერთი დიდი ძალა, რომელიც საშინაო პოლიტიკაში რაიმე როლის თამაში შეეძლება. ყველა ხომ ამბობს, რომ ოდესმე ძალაუფლებისთვის ბრძოლა იქნება და ყველას თავისი კერძო არმია სჭირდება, ამიტომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფული, თვლიან, რომ მაგარი რამეა კერძო სამხედრო კომპანიის შექმნა. ამიტომ ჩნდებიან: გაზპრომის კერძო სამხედრო კომპანია - ნაკადი, რომელსაც ცისფერ ნაკადს ვეძახით, ბოკარევის კერძო სამხედრო კომპანია, კერძო სამხედრო კომპანია რედუტი და ა.შ...

ამ კერძო სამხედრო კომპანიებს ჯერ ვიღაცები აფინანსებენ, შემდეგ მიაგდებენ და მათი დაფინანსება სახელმწიფომ უნდა დაიწყოს, გასაგებია, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი გენერალი, ოფიცერი და ა.შ. ჰყავს, რომლებიც სიამოვნებით მოითბობენ ხელს იმით, რომ რაღაც დაფინანსება დაიწყო". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა ამ პროცესს "საკუთარი ხალხის წინაშე დანაშაული" უწოდა.

პრიგოჟინი საუბრისას კვლავ ეწეოდა რუსეთის არმიის დისკრედიტაციას და თქვა, რომ მისი ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები ჯარში არც ერთ შემთხვევაში არ იმსახურებენ. მისი მტკიცებით, რუსეთის მაღალჩინოსნებს სხვადასხვა დონეზე შესთავაზა, რომ მისთვის 200 000 კაცი მიებარებინათ.

"ისინი არმიაში არასდროს წავლენ, არანაირი პირობით. დღეს რომ მივიდე და ვუთხრა: მორჩა, ბიჭებო, შაბაშია, საქმე დასრულდა, ურჩევნიათ დარაჯებად წავიდნენ და ავტოფარეხთან დასხდნენ, ვიდრე ჯარში იმსახურონ. ეს 6000 ადამიანი (ვაგნერელები) ქვეყნის ბოლო რეზერვია ომის მოსაგებად.

სხვადასხვა დონის ხელმძღვანელობას არაერთხელ ვთავაზობდი, მომეცით 200 000 ადამიანი-მეთქი, მომეცით მობილიზებულები, მომეცით პატიმრები, მომეცით ვინც გინდათ. 100 000 ჩრდილოეთით, 100 000 სამხრეთით. ფრონტის ხაზს გაგიწევთ, დონეცკიდან  100 კილომეტრში გადავიტან. სამხრეთით იმ საზღვრამდე გავალ, რაც ნახევარი წლის წინ მიატოვეს და ერთიანად შევკრავ დონბასის წრეს, რათა არ შევრცხვეთ და რათა შესაძლებელი იყოს ახსნა, რატომ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია. მიიღეს სხვა გადაწყვეტილება. მიკრო კერძო სამხედრო კომპანიების შექმნა". – თქვა პრიგოჟინმა.

2023 წლის თებერვალში რუსეთის მთავრობამ გაზპრომის შვილობილ ნავთობკომპანიას, გაზპრომ ნეფტს მისცა ნება, შეექმნა საკუთარი კერძო დაცვის კომპანია, როგორც თავად ამბობენ, იმისთვის, რომ საკუთრებაში არსებული ობიექტები დაეცვათ.

2022 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საწვავისა და ენერგოობიექტების დაცვის მოთხოვნებს ამკაცრებდა. ამ კანონის ფარგლებში, ენერგოკომპანიებს ეძლევათ უფლება საკუთარი შვილობილი კომპანიების ობიექტების დასაცავად შექმნან "დაცვის კერძო ორგანიზაციები", გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 

კომენტარები