რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: ჭურვების პრობლემა მალე აუცილებლად გადაიჭრება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს

ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში. კადრი მისი გავრცელებული ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი ავრცელებს რეკრუტირების პროპაგანდისტულ ვიდეოს, რომელშიც ის გაწევრიანების მსურველებს ეუბნება, რომ საბრძოლო მასალებთან არსებულ ყველა პრობლემას ახლო მომავალში ნებისმიერ ფასად გადაჭრიან.

"მსურს მივმართო მათ, ვინც იღებს, ან მიიღო გადაწყვეტილება, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს შეუერთდეს. ყველა პრობლემა, რომლებიც დღეს ჭურვებთან დაკავშირებით არსებობს, აუცილებლად გადაიჭრება ახლო მომავალში, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. სანამ გაივლით მომზადებას ჩვენს სასწავლო-სავარჯიშო ბანაკებში, გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა". – ამბობს პრიგოჟინი ჩანაწერში. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში პრიგოჟინი აჟღერებდა მუქარას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიდერების, მინისტრი სერგეი შოიგუსა და მისი მოადგილის, ვალერი გერასიმოვის მიმართ. მან ვიდეომიმართვაში თქვა, რომ შესაძლოა ვაგნერის ჯგუფს დაესვა კითხვები, თუ ვინაა სამშობლოს მოღალატე.

"გუშინ მოგვივიდა სამხედრო განკარგულება, რომელშიც ხაზგასმით იყო ნათქვამი, პირველი, რაც მთავარია – პოზიციების დატოვება სამშობლოს ღალატად გამოცხადდებაო. ამას ჩვენ გვეუბნებიან. თუ არ იქნება საბრძოლო მასალები, ჩვენ პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინ ღალატობს სამშობლოს". – ამბობდა პრიგოჟინი.

ამავე ვიდეოს კიდევ ერთ ნაწილში პრიგოჟინი უფრო აგრესიულად და უწმაწურად ემუქრებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს.

"ბიჭებო, წავუჭერთ იმათ, ვინც ჭურვებს უჭერს. ჭურვები რომ გაათავისუფლონ. თუ არ გაათავისუფლებენ, მათი შეკავების გამო, საჭირო იქნება ჯერ მათი ტრა*ში ხმარება, შემდეგ კი ციხეში ჩასმა". – თქვა პრიგოჟინმა.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები