რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი სამხედრო მაღალჩინოსნების სიკვდილით დასჯის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს

კადრი პრიგოჟინის მიერ 13 მაისს გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტს კვლავ აკრიტიკებს. 

ვიდეოში პრიგოჟინმა ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი სიკვდილით დასჯას იმსახურებს.

"ამხანაგმა სტალინმა, თუ სწორად მახსოვს, მარშალი იეგოროვი, რომელიც გენერალური შტაბის მეთაური იყო, დახვრიტა შემდეგი ფორმულირებით - გენერალური შტაბის ჩამოშლისა და მტრის სასარგებლოდ ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის. როგორც ჩანს, ეს ფორმულირებები ისევ უნდა გამოვიყენოთ". – თქვა პრიგოჟინმა.

ჩანაწერში პრიგოჟინი რუს გენერლებს "პარკეტის გენერლებს" უწოდებს და მათ არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს.

"აი, პრობლემები, რომლებიც დღეს გადასაჭრელია, ან ოდესმე რუსი ხალხი თავად გადაჭრის". – თქვა რუსმა ოლიგარქმა. 

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები