ვაგნერის ჯგუფი

"კაცური ლაპარაკისთვის მუდამ მზად ვართ" – ვაგნერის მეთაური უტკინი კადიროველებს პასუხობს

დმიტრი უტკინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სირიაში მებრძოლი კერძო სამხედრო კომპანია სლავური კორპუსის ყოფილმა წევრმა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, დმიტრი უტკინმა, ზედმეტსახელად "ვაგნერმა" პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა. ის კადიროველების კრიტიკულ კომენტარებს გამოეხმაურა.

უტკინმა შეტყობინება საკუთარი ზედმეტსახელი "ვაგნერით" ტელეგრამ-არხ Разгрузка Вагнера-ზე გაავრცელა.

"მე დავიწყებ. მივმართავ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგომედ დაუდოვს. 

  • ჩვენ უკვე ვიმყოფებით მესამე მსოფლიო ომში და მიმდინარე მოვლენებზე სრულად გეთანხმებით - გარკვეული მოქალაქეები კედელთან უნდა დააყენო იმ სირცხვილისთვის, რაც სახეზეა;

  • კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში არასდროს ყოფილა, არაა და არ იქნება პანიკური განწყობა;

  • ყველა პრობლემა, რომელიც ჩნდება, ჩვენთვის ხელმისაწვდომი მეთოდებით ვწყვეტთ, არ ვარღვევთ რუსეთის ფედერაციის კანონებსა და კონსტიტუციას;

  • საიდან მოვიდა ასეთი ფამილიარულობა, ვინ მოგცათ "შენით" და "ჟენიათი" მიმართვის უფლება;

  • თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ზალპური ცეცხლის სისტემები პირადად თქვენგან არ მიგვიღია;

  • დიახ. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი პირველ ადგილზეა კერძო სამხედრო კომპანიებს შორის, აღიარებულია მთელ მსოფლიოში;

  • მუდამ მზად ვართ დავილაპარაკოთ, როგორც "კაცი კაცთან". მით უმეტეს, რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან". – დაწერა უტკინმა.

აქამდე ვაგნერის მთავარმა დამფუძნებელმა და დამფინანსებელმა, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარ პრესსამსახურის გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა ტელეგრამ-არხის შესახებ, რომელზეც ვაგნერის მეთაურები საკუთარ მოსაზრებებს დაწერდნენ. მან აღნიშნა, რომ ისინი გაკვირვებული არიან მიმდინარე მოვლენებით.

უტკინი არის პირი, რომლის მეტსახელის გამოც ჰქვია პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიას ვაგნერის ჯგუფი.

კადიროველებს პასუხი გასცა თავად პრიგოჟინმაც. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის მოსაზრებას, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ. პრიგოჟინის თქმით, იციან თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას, მათ შორის სპეციალური სატელეფონო ხაზებით. 

აქამდე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის გარემოცვის ორმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა ევგენი პრიგოჟინი გააკრიტიკეს და შეხვედრისკენ და "კაცურად" დალაპარაკებისკენ მოუწოდეს. თავდაპირველად ვიდეომიმართვა გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ჩეჩნეთიდან, მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის წევრმა, ადამ დელიმხანოვმა. მის შემდეგ შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმაც. მათი მიმართვები მოჰყვა პრიგოჟინის კომენტარს, რომ მისთვის ჩეჩნური ქვედანაყოფი ახმატის მოქმედებები გაუგებარია. 

აღსანიშნავია, რომ წარსულში კადიროვსა და კადიროველებს ვაგნერთან და ევგენი პრიგოჟინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. 

პრიგოჟინი შეხვდა ქვედანაყოფ ახმატის მეთაურს, რომელიც, კადიროვის მტკიცებით, მოწამლული იყო

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთხელ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში მინისტრი სერგეი შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

აქამდე, 18 თებერვალს ევგენი პრიგოჟინი კადიროველების ქვედანაყოფ ახმატის მეთაურს, აპტი ალაუდინოვს საავადმყოფოში შეხვდა. შეხვედრამდე, როგორც კადიროვი ამბობდა, მისი თანაშემწის, ალაუდინოვის მოწამლული წერილით მკვლელობა სცადეს, რასაც ეს უკანასკნელი გადაურჩა.

რუსი ოლიგარქი ამბობდა, რომ მან და ჩეჩენთა ქვედანაყოფის მეთაურმა უყურეს ვაგნერელბის მიმართვას, რომელშიც ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 120-მმ-იანი ჭურვებით დახმარებას სთხოვდნენ. პრიგოჟინის თქმით, საუბრის დროს აპტი ალაუდინოვი მას დაჰპირდა, რომ ახმატის მარაგებიდან 100 ერთულ 120-მილიმეტრიან ჭურვს გადასცემდა.


გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები