პრიგოჟინის ამბოხება

პუტინმა ვაგნერთან შეთანხმება "საკუთარი ტყავის გადასარჩენად" დადო – რიჩარდ მური

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, რიჩარდ მური
CNN

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, Mi6-ის სახელით ცნობილი უწყების ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა დაადასტურა, რომ ვლადიმირ პუტინმა ვაგნერის მოსკოვისაკენ წინსვლის შესაჩერებლად ევგენი პრიგოჟინთან შეთანხმება მართლაც დადო.

Mi6-ის უფროსმა, რომელიც "C"-ის სახელითაცაა ცნობილი, კომენტარი გააკეთა ამბოხის დროს რუსეთის მმართველ ელიტაში მიმდინარე პროცესებზეც და თქვა, რომ ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც კრემლის დახურულ კარებს მიღმა არსებული სიტუაცია საჯაროდ გახდა ხილული.

"თუ იმ დღეს (24 ივნისს) პუტინის ქცევას შეხედავ, საუზმისთვის პრიგოჟინმა დაიწყო როგორც მოღალატემ. ვახშმისთვის ის შეიწყალეს, ხოლო რამდენიმე დღეში ჩაიზე დაპატიჟეს. ასე რომ, არის რაღაცები, რისი ინტერპრეტირება Mi6-ის ხელმძღვანელისთვისაც კი რთულია". - თქვა მურმა.

ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა პრიგოჟინის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ის "ცოცხალი და ჯანმრთელია" და მისი უწყების ინფორმაციით, კვლავ "შორიახლოს ტივტივებს".

მურმა ასევე ისაუბრა პუტინის შესახებ და თქვა, რომ ამბოხისას მის მიერ გამოვლენილი სისუსტე შოკისმომგვრელი იყო.

"ის საერთოდ არ შეებრძოლა პრიგოჟინს. მან ბელარუსის ლიდერის კარგი ადმინისტრაციის გამოყენებით საკუთარი ტყავის გადასარჩენად შეთანხმება დადო". - თქვა მან.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა რუსებს მისი უწყებისთვის ჯაშუშობისკენაც მოუწოდა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

პრიგოჟინი, ვაგნერის სამხედრო მეთაურებთან ერთად, 29 ივნისს ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა.

კომენტარები