რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – პრიგოჟინმა ახალი ვიდეო გაავრცელა

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელსაც მისი პრესსამსახური დიდი ინტერვიუს პირველ ნაწილს უწოდებს. ჩანაწერში პრიგოჟინმა კვლავ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა ამჯერად მან ისაუბრა ომის დაწყების მიზეზებზეც და მიმდინარე კონტრიერიშზეც.

პრიგოჟინის თქმით, წლების განმავლობაში, 2014-დან 2022-მდე, დონბასს ძარცვავდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სპეცსამსახურები და ოლიგარქები.

რუსი ოლიგარქის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის უწყება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მოსახლეობას აჯერებდა და აჯერებს, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას გეგმავდა.

"24 თებერვალს არაფერი გამორჩეული არ ყოფილა. ახლაც, თავდაცვის სამინისტრო ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, პრეზიდენტის მოტყუებას და ყვება ისტორიას, რომ უკრაინის მხრიდან გიჟური აგრესია არსებობდა და NATO-ს მთელ ბლოკთან ერთად ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. ამიტომ, ე.წ. სპეცოპერაცია 24 თებერვალს სხვა მიზეზებით დაიწყო". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, ომის პირველ დღეებში რუსეთმა ბრძოლისუნარიანი სამხედროების დიდი ნაწილი დაკარგა, ასეთი ჯარისკაცები კი ცოტა ჰყავდათ. ამ ყველაფერში ის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ადანაშაულებს. 

"ომის პირველ დღეებში შოიგუმ დაღუპა ათასობით რუსი სამხედრო, მან დაღუპა არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი, ბრძოლისუნარიანი კი არმიის ძალიან მცირე ნაწილი იყო". – აღნიშნა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი ირწმუნება, რომ რუსეთის უკრაინაში წარუმატებლობით შეშფოთებული იყვნენ აფრიკის ლიდერები, რომლებიც მას უკავშირდებოდნენ და ეკითხებოდნენ ამ "სირცხვილის" მიზეზებს. ვაგნერის შემქმნელი თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს, რომ მათ გამბედაობა არ ჰყოფნით და კომფორტის ზონის დატოვება არ სურთ.

"ჯარისკაცები იღუპებოდნენ, ჯარისკაცებს აყენებდნენ დაუნდობელ დარტყმებს არამხოლოდ სიცოცხლეზე, არამედ რეპუტაციაზეც. აფრიკელმა ლიდერებმა ჩემთან მასობრივად დაიწყეს დაკავშირება და ყველა ერთ კითხვას მისვამდა: როგორ შეძლო რუსეთმა ასეთ საშინელ სირცხვილამდე დაცემა. მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია, რასაც ასეთ პიარს უწევდნენ, რა თქმა უნდა, გასაგები იყო, რომ ეს ასე არ იყო, ეს ბუშტივით იყო, მაგრამ რაღაც მაინც ხომ უნდა აჩვენო. სამარცხვინო იყო, რადგან რუსეთი ასეთ ღრმა ტრა*ში ჩავარდა. ყველას სასწაულის იმედი ჰქონდა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ბირთვული ბომბის, რომელსაც ეს-ესაა ვარშავაში ჩამოაგდებდნენ, მაგრამ კვერცხები არ ჰყოფნით, სუსტი ბაბუები, არ შეუძლიათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა". – თქვა პრიგოჟინმა.

ამას გარდა პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა საკუთარ შეხედულებებს, თუ რატომ დაიწყო ომი უკრაინაში. მან ორი მიზეზი დაასახელა. პირველი მიზეზად მან თქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ახალი წოდებისა და ორდენის მიღება სურდა.

"ომი სჭირდებოდათ, რადგან რამდენიმე ამაზრზენ არსებას აღენიშნა, როგორი ძლიერი არმია ჰყავთ, რათა შოიგუს მარშალის წოდება მიეღო, ეს ბრძანება უკვე მზად იყო და გმირის მეორე ვარსკვლავი მიიღო, რადგან მას უკვე ძალიან უნდოდა შესულიყო ისტორიაშია, როგორც დიდი ტუველი მხედართმთავარი, რომელიც ორჯერ გახდა გმირი და მარშალი, ფაქტობრივად მშვიდობიან პერიოდში. ომი არ იყო სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ჩვენს წიაღში დაებრუნებინათ რუსეთის მოქალაქეები, ან უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია რომ მოეწყოთ, ის სჭირდებოდათ ერთი ვარსკვლავისთვის და დამატებითი სამხრესთვის, იმისთვის, რომ ერთი ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი როცა კუბოში ჩაწვება, ეს ვარსკვლავი ბალიშზე დაედოთ.  ეს პირველია". – თქვა პრიგოჟინმა.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ომი ოლიგარქებს სჭირდებოდათ, თუმცა მას არ განუმარტავს ამ ფენას რატომ შეიძლება აწყობდეს ომი.

მეორე. ომი სჭირდებოდათ ოლიგარქებს, იმ კლანს, რომელიც დღეს ფაქტობრივად მართავს რუსეთს. ეს ოლიგარქიული კლანი იღებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია. თუ ამ კლანს საზღვარგარეთ მყოფი ბიზნესები ეხურება, ხელისუფლება მაშინვე ყოფს საშინაო ბიზნესებს და გადასცემს მათ. ამიტომ იჭერენ ბიზნესმენებს, ხურავენ ბანკებს იმისთვის, რომ კლანმა ფულის ბრუნვა არ დაკარგოს. მათ ფული არ სჭირდებათ, უკვე დიდი ხანია, რაც თავისთვის ყველაფერი გაიკეთეს... ეს ოლიგარქიული ზედა ფენა ფიქრობს მხოლოდ ერთ რამეზე, როგორ შეინახონ საკუთარი სხეული რაც შეიძლება დიდ ხანს... ეს მათი ტვინის ავადმყოფობაა, არ ფიქრობენ ქვეყანაზე, ხალხზე, ომზე, არაფერზე საკუთარი თავის გარდა". – თქვა პრიგოჟინმა.

ამავე საკითხთან მიმართებაში პრიგოჟინმა თქვა, რომ გასულ წელს, უკრაინაში ზელენსკის მთავრობის გადაგდების სცენარის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტად პრორუსი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის, ვიქტორ მედვედჩუკის დანიშვნას გეგმავდნენ.

"ოპერაციის მეორე მნიშვნელოვანი დავალება უკრაინის პრეზიდენტად მედვედჩუკის დანიშვნა იყო. სწორედ იმ მედვედჩუკის, რომელიც წინასწარ ჩავიდა კიევში, იჯდა და ელოდა, როდის მოვიდოდნენ სამხედროები, ზელენსკი გაიქცეოდა, ყველა იარაღს დაყრიდა და უკრაინის პრეზიდენტი გახდებოდა". – თქვა პრიგოჟინმა.

ვაგნერის დამფუძნებელმა გამოთქვა შეშფოთება, რომ მედვედჩუკი, რომელიც გასულ წელს უკრაინაში დააკავეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აზოვის ბატალიონის მებრძოლებში გაცვალა. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ვერ მოდის "დენაციფიკაციის" გეგმასთან თანხვედრაში და ასე რომც იყოს, მათი გაცვლა სხვა სამხედროებშიც შეიძლებოდა, მედვედჩუკის ნაცვლად.

პრიგოჟინის თქმით, ის შეშფოთებულია, რომ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები საწარმოებს ძარცვავენ და ანგრევენ, ან ასხვისებენ. მისი აზრით ეს ომი "რეკეტსა" და "ვირთხობაში" გადაიზარდა.

"ჩვენი წმინდა ომი მათთან, ვინც რუს ხალხს ჩაგრავს, მათთან, ვინც მათ დამცირებას ცდილობს, გადაიქცა უბრალოდ რეკეტში, უფრო სწორად ვირთხობაში, რომელიც ამაღლდა კანონის საფეხურამდე, ეროვნული იდეოლოგიის საფეხურამდე". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ატყუებს და მას ცრუ ანგარიშებს აწვდიან. მისი თქმით, არსებობს ორი რეალობა, ერთი, რომელიც ბრძოლის ველზე არსებობს და მეორე, რომელსაც პუტინისთვის განკუთვნილ ანგარიშებში წერენ. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციის გავრცელების გამო. მისი თქმით, უკრაინელებს არ დაუკარგავთ Leopard-ის ტიპის ტანკების ის რაოდენობა, რასაც რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ.

"ისინი ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ამ ომის მოგება შეუძლიათ, მაგრამ მანამ, სანამ არ არსებობს ხელმძღვანელობა, არ არსებობს სამხედრო მიღწევები. თავდაცვის სამინისტროს ეს ხელმძღვანელობა ზედმიწევნით ატყუებს პრეზიდენტს და პრეზიდენტი იღებს ანგარიშებს, რომლებიც რეალობას არანაირად შეესაბამება.

ყალიბდება ორი დღის წესრიგი: ერთი - რაც მიწაზეა, მეორე - რაც პრეზიდენტის მაგიდაზეა. ამიტომაც მთელი დღეების განმავლობაში ვისმენთ 60 განადგურებულ Leopard-ზე, განადგურებულ მოწინააღმდეგის 3 000 ჯარისკაცზე. როცა Leopard-ს ანადგურებ, ჩიტს (დრონს) ააფრენ და მას გადაუღებ. ის ერთ ადგილზე დგას და იწვის. ვიდეოები, რომლებიც მედიაში ფართოდ გავრცელდა, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა უკრაინელები ჩვენს ავიაციას გადაეყარნენ, წინასწარ იყვნენ გადათვლილი, შემდეგ ქვეითებმა იერიშები მიიტანეს და გაანადგურეს, რაც გაანადგურეს. 2 Leopard-ი... რამდენიმე Bradley-ი. ამ ყველაფრის ჩვენება სხვადასხვა რაკურსიდან ხდება. არავის გაუნადგურებია 60 Leopard-ი, ეს სრული სისულელეა". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი უკრაინის მიმდინარე კონტრიერიშსაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებიდან უკან იხევენ და უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ ანადგურებენ.

"დღეს რუსეთის არმია უკან იხევს ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამსხვრევს რუსულ არმიას, სისხლში ვბანაობთ, რეზერვებს არავინ იძლევა, არანაირი მეთაურობა არ არსებობს. ძველებური ისტერიკა, რომლის დროსაც გენშტაბის მეთაური, ერთი ჭიქა არყის დალევის შემდეგ, ტელეფონში ყვირის როგორც ბაზრის დედაკაცი, როგორც ღორი, პოზიციები დაიბრუნეთო". – აღნიშნა ვაგნერის დამფუძნებელმა.

ამას გარდა პრიგოჟინის ცნობით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ და ღრმად შედიან ბახმუტის მიმართულებითაც.


მაისში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავიდოდა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

გასულ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელი ივლისისთვის ყველა "მოხალისეთა რაზმებმა" უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. პანკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ "მოხალისეობრივ დანაყოფებს" სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ. ამ ცნობასთან დაკავშირებით პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი ჯგუფი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა. მან ეს პოზიცია მას შემდეგაც გაიმეორა, რაც კონტრაქტებთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარი ვლადიმირ პუტინმაც დაუჭირა.

კომენტარები