რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის კომენტარების მიუხედავად, პრიგოჟინი თავდაცვასთან კონტრაქტის დადებას არ აპირებს

ევგენი პრიგოჟინი

მიუხედავად იმისა, რომ გასულ დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა "მოხალისეობრივი რაზმების" მიერ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადების აუცილებლობაზე, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები უწყებასთან შეთანხმებას არ გააფორმებენ.

პუტინი გასულ დღეს ამბობდა, რომ საჭიროა უკრაინის ომში მონაწილე ყველა მებრძოლისთვის "თანაბარი პირობების" შექმნა და თავდაცვის უწყებასთან გაფორმებული კონტრაქტი თანაბარი სოციალური გარანტიების უზრუნველმყოფი იქნება. "თუ სახელმწიფოსთან კონტრაქტი არ არსებობს, სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური გარანტიების სამართლებრივი საფუძველი არ ჩნდება", - ამბობდა პუტინი.

პრიგოჟინის თქმით, მის მოქირავნეთა რაზმს პუტინი სოციალურ გარანტიებს წარსულში უკვე დაპირდა. ამას გარდა, რუსი ოლიგარქი ამბობს, რომ მზადაა საკუთარი მებრძოლების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს საკმარისი არაადა და ამაში სახელმწიფოც უნდა იყოს ჩართული. პრიგოჟინის თქმით, ის არც ერთ შემთხვევაში არ გააფორმებს კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან.

"როდესაც სამშობლო გასაჭირში ჩავარდა, როცა საჭირო იყო კსკ ვაგნერი და ჩვენ ყველა მის დასაცავად მოვედით, მაშინ პრეზიდენტი ჩვენ ყველა სოციალურ გარანტიას დაგვპირდა. მზად ვარ კსკ ვაგნერის მებრძოლების უზრუნველსაყოფად, მაგრამ დღეს ვარსებობ, ხვალ აღარ ვიქნები. ამიტომაც, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს სოციალურ გარანტიებში ვეტერანებისთვის, მებრძოლებისთვის, რომლებმაც დავალება შეასრულეს. ამიტომ, როცა ჩვენ ამ ომში მონაწილეობა დავიწყეთ, არავის უთქვამს, რომ ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გაფორმება მოგვიწევდა. კსკ ვაგნერიდან არც ერთი მეომარი არაა მზად კვლავ დაადგეს სამარცხვინო გზას. ამიტომაც არავინ შეთანხმებას არ გააფორმებს". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი დათმობასა და კომპრომისულ გადაწყვეტილებას პუტინის მხრიდან ელის. ამას გარდა, მან თქვა, რომ ომში 20 000 ვაგნერელი დაკარგა.

"რაც შეეხება სოციალურ გარანტიებს, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დუმა და პრეზიდენტი გამონახავენ კომპრომისულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მიიღებენ სოციალურ გარანტიებსაც და საომარი მოქმედებების მონაწილეების დოკუმენტებსაც. რადგან, ჩვეულებრივ, საომარი მოქმედებების მონაწილეობას იღებს ადამიანი, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონიდან უკვე გამოვიდა, ან დაიჭრა, ან ოჯახი იღებს, რადგან მოკლეს. მე 20 000 მოკლული მყავს, მათაც უნდა გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან? დღეს ვიბრძვით, გვეუბნებიან, თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეთ კონტრაქტიო. ხვალ ვისთან გაფორმებას მოგვთხოვენ? ამიტომ ვფიქრობ, რომ გადაჭრის გზას იპოვიან, კონტრაქტს კი არანაირ შემთხვევაში არ გავაფორმებთ. თავდაცვის სამინისტრო ეს მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანოა, მნიშვნელოვანი სტრუქტურა. მაგრამ თუ ის პრივატიზებულია კერძო პირების ჯგუფის მიერ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ დანაშაულში მონაწილეობა უნდა მივიღოთ". – თქვა პრიგოჟინმა.

გასულ დღეს ომის კორესპონდენტებთან შეხვედრის დროს პუტინმა საკუთარ პროპაგანდისტებთან "მოხალისეობრივ რაზმებთან" დაკავშირებით კანონის ცვლილების საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

"პირველი რაც უნდა გაკეთდეს: გაფორმდეს კონტრაქტი ყველა მოხალისეობრივ გაერთიანებასთან, სხვაგვარად სახელმწიფოს მხრიდან სოციალური გარანტიები არ ჩნდება. და მეორე: საჭიროა კანონში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ერთიც და მეორეც გაკეთდება". – თქვა პუტინმა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფორმებს კონტრაქტებს მათთან, ვისაც ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში მსახურობის გაგრძელება სურთ.

აქამდე, გასულ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელი ივლისისთვის ყველა "მოხალისეთა რაზმებმა" უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. პანკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ "მოხალისეობრივ დანაყოფებს" სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი დანაყოფები დააკომპლექტონ როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე "მოხალისეებით". პანკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "მოხალისეებს" შეეძლებათ ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება როგორც მოხალისეობრივ დანაყოფებთან ან თავდაცვის სამინისტროსთან. ამ ცნობასთან დაკავშირებით პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი ჯგუფი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პირველი კონტრაქტი ჩეჩნურმა ქვედანაყოფმა ახმატმა გააფორმა.

პრიგოჟინი გასულ დღეებში წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის განადგურებას ჯერ კიდევ 2018 წელს ცდილობდა, როცა სირიაში ვაგნერელებს აშშ-ს ძალები დაუპირისპირდნენ. ამერიკელმა სამხედროებმა ხაშამის ბრძოლის სახელით ცნობილ შეტაკებაში 2018 წლის 8 თებერვალს მრავალი რუსი მოქირავნე მოკლეს. პრიგოჟინის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იცოდა ინფორმაცია, რომ ვაგნერელებს ამერიკელ სამხედროებთან დაპირისპირება მოუწევდათ, თუმცა არ გააფრთხილეს.


გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები