რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი რეკრუტირებაზე: პატიმრების ეფექტიანობა ზოგ მაღალჩინოსანს უხერხულობას უქმნიდა

ევგენი პრიგოჟინი

12 თებერვალს რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განმარტა, თუ რატომ შეწყდა ციხეებიდან მისი დაჯგუფებისთვის პატიმრების რეკრუტირება.

რუსმა დეპუტატმა, ვიაჩესლავ ვეგნერმა პრიგოჟინს გაუგზავნა თხოვნა ქალ მსჯავრდებულთა ვაგნერში მიღების თაობაზე. ამ მიმართვაზე ევგენი პრიგოჟინის მიერ გაცემული პასუხი ვეგნერმა გამოაქვეყნა. პასუხში პრიგოჟინი კვლავ აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო ელიტასა და თავდაცვის სამინისტროს.

"სამწუხაროდ, ამჟამად მსჯავრდებულთა აყვანის პროექტი შეჩერებულია. მე და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ამ პროცესს სრულად ჩამოგვაშორეს, შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, დავალებების შესრულების ძალიან დიდი ეფექტიანობა უფლებამოსილ პირთა გარკვეულ რაოდენობას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, ასევე ზოგიერთი ქვედანაყოფისა და ფრონტის სხვა მონაწილეების დისკრედიტაციას იწვევს. ლოგიკა ასეთია: "ჯარისთვის ზედმეტად გამბედავები და საზიანოები არიან, ბუჩქებში დარჩენას არ გვაცდიან".

მეორე, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მსჯავრდებულებს არა როგორც პატიმრებს, არამედ როგორც თანასწორ მებრძოლებს იყენებს, რაც თითქმის სამხედრო ელიტის გაღიზიანებას იწვევს.

მესამე, ზოგიერთმა თითქმის სამხედრო ფუნქციონერმა ჩათვალა, რომ თუ თავად აიყვანენ მსჯავრდებულებს, ვაგნერივით წარმატებას მიაღწევენ. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოგადგებით. გირჩევთ მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს". – ნათქვამი იყო პრიგოჟინის პასუხში.

9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ვაგნერში პატიმართა დაქირავება შეწყდა.

კომენტარები