პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინის მედია Patriot არ დახურულა, ტროლები აგრძელებენ ფუნქციონირებას – Financial Times

ევგენი პრიგოჟინი

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მედია Patriot-ი არ დახურულა იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთში წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Patriot-ი იხურებოდა. გამოცემა წერს, რომ მისი საბოლოო ბედი ჯერ არ არის გადაწყვეტილი.

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ალექსანდრე იონოვმა გამოცემას უთხრა, რომ Patriot-ი შეჩერებულია და არა დახურული, რადგან ამჟამად არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები.

ამასთან, ალექსანდრ კრასნობაევმა, Neva News ვებსაიტის ხელმძღვანელმა, რომელიც Patriot-ს ეკუთვნის, Financial Times-ს უთხრა, რომ "შეაჩერა სარედაქციო მუშაობა", თუმცა იმედოვნებს, რომ განაახლებს მას.

როგორც Financial Times წერს, 2017 წლისთვის პრიგოჟინის მედია ჯგუფმა მილიონობით მომხმარებლამდე მიაღწია და ათობით პროპაგანდისტული ახალი ამბების საიტი შექმნა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის მედია Patriot-ი გასულ კვირას რუსეთში წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ იხურებოდა.

"მინდა გაცნობოთ ჩვენი გადაწყვეტილება, დავხუროთ კომპანია და დავტოვოთ ქვეყნის საინფორმაციო სივრცე". - თქვა Patriot-ის ახალი ამბების საიტის Риа Фан-ის რედაქტორმა, ევგენი ზუბარევმა. ზუბარევს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.

რუსეთმა 30 ივნისს დაბლოკა წვდომა მედიის შემდეგ განყოფილებებზე: Риа Фан, Politics Today, Economy Today, Neva News და People's News. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა კომენტარზე უარი თქვა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – პრიგოჟინმა ახალი ვიდეო გაავრცელა

კომენტარები