ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინს სურს, ევროპარლამენტს გადასცეს "სისხლიანი" ურო – ვაგნერის დანაშაულების სიმბოლო

კადრი ვაგნერთან დაკავშირებული ჯგუფის გავრცელებული ვიდეოდან

რუს ბიზნემენს და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს სურს, რომ ევროპარლამენტს გადასცეს "სისხლიანი" ურო, რომელიც ვაგნერის მებრძოლების ჩადენილი დანაშაულების არაოფიციალურ სიმბოლოდ იქცა. ამის შესახებ ვიდეო პრორუსულ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.

აქამდე, როგორც გამოცემა POLITICO იუწყებოდა, ევროპარლამენტში ვაგნერის ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესაძლებლობა გააჟღერეს.

ამ ცნობის გავრცელებას ჟურნალისტებთან  23 ნოემბერს პრიგოჟინი ირონიულად გამოეხმაურა, როგორც ამის შესახებ მისი პრესცენტრი იუწყება.

"დღეს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მეთაურებთან შეხვედრა გავმართე და ეს სამწუხარო ამბავი ვაცნე. არ ვიცი, რა კანონით ხელმძღვანელობს ევროპარლამენტი, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით, დღევანდელი დღიდან ევროპარლამენტს დაშლილად ვაცხადებთ. მაგრამ, სანამ მოცემული პროცედურა კანონიერ ძალაში შევა, მე დამევალა ევროპარლამენტს ინფორმაციული ქეისი გადავცე. თუ მათი საკონტაქტო ინფორმაცია გაქვთ, ამის ერთობლივად გაკეთებას გთავაზობთ, მომზადებას და გაგზავნას". – თქვა პრიგოჟინმა. 

ამის შემდეგ, პრიგოჟინის კომპანია კონკორდის პრესსამსახურმა რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოაქვეყნა ცნობა, რომ "ინფორმაციული ქეისი", რომელზეც პრიგოჟინი საუბრობდა, მათ გადასცეს პრორუსულ ჯგუფს, სახელად კიბერ ფრონტ Z-ს.

მცირე ხნის შემდეგ, კიბერ ფრონტ Z-მ გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით: "დღეს კომპანია კონკორდის წარმომადგენლებისგან გადმოგვეცა ინფორმაციული ქეისი, ევროპარლამენტში გასაგზავნად. ვიოლინოს ქეისში, რომელიც "მუსიკოსების" (იგულისხმება ვაგნერის მებრძოლები) განუყოფელი აქსესუარია, აღმოჩნდა საფირმო ურო, დიდი ალბათობით, ბუტაფორიული სისხლის კვალით". 

ვიდეოში ჩანს თუ უცნობი პირი როგორ ხსნის ვიოლინოს მოსათავსებელ ყუთს. შემდეგ კი ჩანს, რომ ყუთში დევს ურო, სავარაუდოდ, ბუტაფორიული სისხლით დასვრილი და წარწერით: "კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი".

როგორც უკრაინულ მედიაში წერენ, პირი, რომელიც ყუთს ხსნის, პრიგოჟინის ადვოკატია და მან ეს ნივთი გადასცა პრორუს ბლოგერებს, რომლებიც თავს "რუსეთის საინფორმაციო მებრძოლებს" უწოდებენ.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ვაგნერის ყოფილ მებრძოლს, ევგენი ნუჟინს, რომელიც უკრაინის მხარეს იყო გადასული, როგორ კლავენ უროთი. ჩანაწერი ვაგნერთან დაკავშირებულმა ტელეგრამ-არხმა, GREY ZONE-მა გაავრცელა, სათაურით – შურისძიების ჩაქუჩი.

კადრებს გამოეხმაურა პრიგოჟინი, მან ნუჟინს მოღალატე უწოდა და დანაშაული შეფასა, როგორც "ძაღლური სიკვდილი".

"ისტორიის ყურება თეატრში მირჩევნია.  რაც შეეხება უროდარტყმულს, ამ შოუში ჩანს, რომ მან უკრაინაში ბედნიერება ვერ იპოვა, სანაცვლოდ შეხვდა ბოროტ, მაგრამ სამართლიან ხალხს. მგონი ამ ფილმს "ძაღლს ძაღლური სიკვდილი" ჰქვია. მშვენიერი რეჟისორული ნამუშევარია, ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ყურება. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი დაშავებულა". – ამბობდა პრიგოჟინი. 

აღსანიშნავია, რომ აღწერა, რომელიც GREY ZONE-მა ვიდეოს დაურთო, ეხმაურება კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მიერ წარსულში სირიაში ჩადენილ დანაშაულს, რომლის კადრებიც 2017 წელს გავრცელდა. კადრებში სირიელ კაცს რუსულენოვანი შეირაღებული პირები ჯერ უროთი სცემდნენ, შემდეგ თავი და კიდურები მოაჭრეს, ბოლოს კი სხეული დაწვეს. როგორც მომავალში გაირკვა, მსხვერპლი მუჰამედ ტაჰა ალ ისმაილ აბდალა იყო, რომელსაც ბრალად ედებოდა სირიის ჯარიდან დეზერტირობა. ასევე ვიდეოჩანაწერში ჩანდა კიდევ ერთი მოკვეთილი თავი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა.


ევგენი პრიგოჟინმა ვაგნერის ჯგუფთან კავშირი პირველად 2022 წლის სექტემბერში აღიარა. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ვაგნერის ჯგუფს აქტიურად იყენებს.

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ყველაზე ცნობილია.

პრიგოჟინს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

31 ოქტომბერს პრიგოჟინმა სანქტ-პეტერბურგში გამოაცხადა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრის დაარსება.

Meduza: პრიგოჟინი რუსეთში "პატრიოტული კონსერვატიული მოძრაობის" შექმნას აპირებს

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 31 ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, რუსი ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პოლიტიკურ ძალაუფლებას იმყარებს.

კომენტარები