ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინი შეხვდა ქვედანაყოფ ახმატის მეთაურს, რომელიც, კადიროვის მტკიცებით, მოწამლული იყო

ევგენი პრიგოჟინი და აპტი ალაუდინოვი
ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახური

რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი კადიროველების ქვედანაყოფ ახმატის მეთაურს, აპტი ალაუდინოვს საავადმყოფოში შეხვდა

რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამბობდა, რომ მისი თანაშემწის, ალაუდინოვის მოწამლული წერილით მკვლელობა სცადეს, რასაც ეს უკანასკნელი გადაურჩა. როგორც კადიროვი წერდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და მკურნალობას მოსკოვში გადიოდა. 

ალაუდინოვთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა. რუსი ოლიგარქის თქმით, მან და ჩეჩენთა ქვედანაყოფის მეთაურმა უყურეს ვაგნერელბის მიმართვას, რომელშიც ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 120-მმ-იანი ჭურვებით დახმარებას სთხოვდნენ. პრიგოჟინის თქმით, საუბრის დროს აპტი ალაუდინოვი მას დაპირდა, რომ ახმატის მარაგებიდან 100 ერთულ 120-მილიმეტრიან ჭურვს გადასცემდა.

პრიგოჟინისა და კადიროვის ძალები პერიოდულა ეწევიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას.

ISW: პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული

"ამერიკელი მტრები ცდილობდნენ შენ იმქვეყნად გაგზავნას თუ შიდა არამზადები, რომლებსაც წარმატების შურთ?", – კითხა პრიგოჟინმა ალაუდინოვს შეხვედრის დროს. 

პრიგოჟინმა ალაუდინოვს, სიმბოლურად, ვიოლინოს შესანახ ყუთში მოთავსებული ვაგნერის სიმბოლიკით გაფორმებული ურო აჩუქა. ურო კერძო სამხედრო კომპანიის დანაშაულებთან ასოცირდება. თავდაპირველად ურო ფიგურირებდა 2017 წელს გავრცელებულ კადრებში, რომლებშიც სირიაში მყოფი ვაგნერელები ადგილობრივ კაცს აწამებდნენ, ჯერ ამ ხელსაწყოთის სცემდნენ, შემდეგ კიდურებსა და თავს აჭრიდნენ, ბოლოს კი სხეულს ცეცხლს უკიდებდნენ. უკვე 2022 წელს ურო კიდევ ერთ დანაშაულებრივ ჩანაწერში გამოჩნდა. ჩანაწერში ყოფილ ვაგნერელს, ევგენი ნუჟინს თავის არეში უროს ჩარტყმით კლავდნენ. მაშინ პრიგოჟინი ამ კადრებს გამოეხმუარა და "ძაღლური სიკვდილი" უწოდა. 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასევე ყოფილ ვაგნერელს, დმიტრი იაკუშენკოს იმავე მეთოდით, სავარაუდოდ, სიკვდილით სჯიდნენ. ჩარტყმის მონაკვეთი კადრებში დაფარული იყო, მაგრამ ჩანდა, როგორ ეცემა კაცი. თუმცა, ამ კადრების შემდეგ პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ორი ვიდეო, რომელშიც იაკუშენკო ცოცხალი ჩანდა და ამბობდა, რომ ის ვაგნერის ჯგუფმა "შეიწყალა".

კომენტარები